სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამ ქართველი მწერლის დასაფლავებისას მესაფლავეები სამარიდან ამოხტნენ , ხოლო მისი მამა კომუნისტებმა დახვრიტეს

ზაალ სამადაშვილის მოგონება რევაზ ინანიშვილზე...

მე მახსოვს:

მისი საწერი მაგიდა, დაკაწრულ-დახაზული წვეტიანი საგნებით – “წითელკანიანთა ბელადზეარანაკლებ ონავარი ბიჭუნების მიერ...

მასთან ერთად ქალაქგარეთ წახეტიალება ცალკარიანი, ადამისდროინდელი ავტობუსით ნატვრის ხისაღმოსაჩენადდა მის დაჯღვარკულ ტოტებზე ფერადი ნაკუწების შესაბმელად...

ფრაზა – “რად გინდა, შვილო, ვიოლინო რა, კახელი არა ხარ?” – ჩემს დასამოძღვრად რომ წარმოთქვა, როცა მე უარი განვუცხადე მშობლებს ვიოლინოზე დაკვრის შესწავლაზე და რითაც დიდად გაუცრუა იმედი დედაჩემს...

ჭილის ქუდზე მომხიბლავად ხელდაფარებული სოფი ლორენის ფოტო მისი წიგნების კარადის სულ ზედა თაროზე, გაბზარული მინის მიღმა...

ამჟამად მხოლოდ მის ნახატზე შემორჩენილი მამაპაპისეული, ბანიანი სახლი „საფერავით” ანუ „დევის სისხლით” განთქმულ სოფელ ხაშმში, პატარა ეზოთი, ცისტოლა კაკლით და მოზრდილი რუთი გაყოფილი ვენახით, რომლის ქვედა ნაწილს „ჭალი ვენახად” მოიხსენიებდა ყველა...

ზაფხულის ერთ წვიმიან საღამოს ჭექა-ქუხილით გულგახეთქილი პაწია ჩიტი რომ შემოფრინდა მის ბინაში და იქ მყოფთა შორის მაინცდამაინც მას რომ დაასკუპდა თავზე...

უკვე „წერაატანილს” თავისი ახალი კრებული რომ მაჩუქა წარწერით – “იმ იმედით, რომ მალე თავად შექმნი უკეთეს წიგნს”, რამაც კინაღამ ხელი ამაღებინა მოთხრობების თხზვაზე, მასზე უკეთესად წერის შეუძლებლობის გამო...

სურნელი და გემო ჯაყვა-დანით გათლილი ნაცარა ვაშლებისა, რითაც საავადმყოფოში მის სანახავად მისულს მიმასპინძლდებოდა...

სანახევროდ გათხრილი მისი სამარიდან მესაფლავეები რომ ამოგვიხტნენ ჭირისუფლებს იქვე, შორიახლოს ატეხილი სროლის გამო 1991 წლის 30 დეკემბერს, როცა თბილისის ომის დამთავრებამდე ზუსტად ერთი კვირა რჩებოდა...

ყოველივე ეს მახსოვს...

მახსოვს იმიტომ, რომ მწერალი რევაზ ინანიშვილი ბიძა გახლდათ ჩემი. დიდედაჩემი ეფემია და იყო მისი მამის, გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში დახვრეტილი კოტე ინანიშვილისა.

კიდევ მახსოვს, როგორ მითხრა ჩემმა სიცხიანმა, ნიკაპამდე საბანწაფარებულმა ოთხი წლის შვილმა მისი მოთხრობის „თოვლის” ერთი – სადილობის პასაჟის – ვინ იცის, მერამდენედ მოსმენის შემდეგ: “ამ ადგილს რომ მიკითხავ, მშივდება ხოლმეო...”

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100