სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სახალისო ქართული ისტორიები: „Stand Up, ჩქიმი ბონდო!..“

რა თქმა უნდა, ეს ამბავი სინამდვილეში ზუსტად ისე არ მომხდარა, როგორც ჰყვებიან – ქართველებს ხომ ყველაფრის გამუქება გვიყვარს. მაგრამ თავის გამოჩენა და კუდაბზიკობაც ხომ გვიყვარს, თუნდაც, საქმე გლოვას და კუდაბზიკობისთვის შეუფერებელ სხვა სიტუაციას ეხებოდეს? ჰოდა, ეს სახალისო ისტორია თუ ანეკდოტიც „ქართულად“ თავის გამოჩენის მცდელობაზეა: სერიოზულად ნუ მიიღებთ, უბრალოდ, გაიღიმეთ...

მოქმედება ახალი დროების სამეგრელოს ერთ–ერთ სოფელში ხდება. როგორც ვიცით, აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით გაეროს სექტორი ზუგდიდსა და გალში იყო განთავსებული. ზუგდიდის სექტორში, გაეროს პრინციპების თანახმად, ადგილობრივი მცხოვრებლებიც იყვნენ დასაქმებულები – რა თქმა უნდა, არასაკვანძო თანამდებობზე; ისეთებზე, როგორიცაა, ვთქვათ, დარაჯი და ა.შ.

თავდაპირველად, სანამ ქვეყანა ქვეყანასა და პოლიცია პოლიციას დაემსგავსებოდა, ზუგდიდის სექტორში ღამღამობით ჩვეულებრივი, თოფით შეიარაღებული დარაჯი მორიგეობდა. სამსახურში აყვანის დროს გაერო უპირატესობას სოციალურად დაუცველ ფენას ანიჭებდა და დარაჯიც ამ ფენიდან იყო – ბონდო ერქვა და ზუგდიდიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ სოფელში ცხოვრობდა.

გაეროს სექტორის გარე პერიმეტრის დაცვის სამსახურში მიღებიდან დაახლოებით 5–6 თვის შემდეგ ხანშიშესული ბონდო გარდაიცვალა. გაეროს თანამშრომლებმა უკვე იცოდნენ (წინასწარი ინსტრუქციების შედეგად), რომ როგორც ქვეყნების უმრავლესობაში, ამ ქვეყანაშიც დადებით ტონად (განსაკუთრებითაც კი) და მიცვალებულის ოჯახის დაფასებად ითვლება სამძიმარზე მისვლა და ერთ დღესაც, რამდენიმე უცხოელი, გაეროს მუნდირებში გამოწყობილი თანამშრომელი ბონდოს ოჯახში სამძიმარზე მივიდა.

როგორც წესია, გარდაცვლილს თავთით მეუღლე უჯდა და მოთქმით ტიროდა. სამეგრელოში მიღებული ძველი ტრადიციიდან გამომდინარე, ქალი ისე იჯდა, რომ ჭიშკარი დაენახა – შესაბამისად, სამძიმარზე მიმსვლელები ამოეცნო და ასევე ძველი ტრადიციისამებრ, მიცვალებული „დაეუწყებინა“, ვის გაახსენდა, ვინ დასდო პატივი და ა.შ. სამეგრელოში ჯერაც შემორჩენილია უფროსი თაობის წარმომადგენელთა მსგავსი „მიმართვები“, რომელსაც თან ერთვის „თხოვნაც“ მიცვალებულისადმი, რომ წამოდგეს და მოსულებს „შეეგებოს“. ამით ოჯახი სამძიმარზე მოსულსაც უხდის მადლობას და იმასაც ხაზს უსვამს, რომ მიცვალებულს, სანამ ცოცხალი იყო, მოსულთა დანახვა უხაროდა და ხალისით ეგებებოდა ხოლმე...

როცა პატივცემული ბონდოს ქვრივმა ღია ჭიშკარში შემოსული, ფორმიანი უცხოელები დაინახა და, რა თქმა უნდა, მიხვდა, ვინც იყვნენ, მათი მოსვლის შესახებ გარდაცვლილ მეუღლეს „აცნობა“:

–ადექი, ბონდო! შენი თანამშრომლები მოვიდნენ, შეეგებე, ბონდო!.. – და უცებ, ქალს გაახსენდა, რომ სამძიმარზე მოსული გაეროს უცხოელი თანამშრომლები ქართულს და, მით უმეტეს, მეგრულს ვერ გაიგებდნენ და „მიუინგლისურა“:

– Stand Up, ბონდო!!! Stand Up, ჩქიმი ბონდო!!!

ამ გაბუქებული ისტორიის მოყოლას სამეგრელოში იმ გაოცებულ–შეშფოთებული სახეების აღწერით ამთავრებენ, როგორი სახეებიც ამ მიმართვის შემდეგ გაეროს უცხოელ თანამშრომლებს ჰქონდათ და აუცილებლად დაამატებენ, ეზოში გასვლის შემდეგ უცხოელები უკან იხედებოდნენ, ემანდ, მართლა არ ადგესო...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100