დღეს ბადრი ბიწაძის სასამართლო პროცესი განახლდება
დღეს სასაზღვრო პოლიციის ყოფილი შეფის ბადრი ბიწაძის სასამართლო პროცესი განახლდება.
როგორც ცნობილია, ბადრი ბიწაძეს პოლიციაზე თავდასხმის ორგანიზებაში ედება ბრალი. თავდაპირველად თბილისის საქალაქო სასამართლომ მას თბილისის პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღმკვეთი ღონისძიების სახით 100000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა, ხოლო მას შემდეგ, რაც ბიწაძის ოჯახმა თანხა არ გადაიხადა, სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახე შეცვალა და მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ შს სამინისტრომ სასაზღვრო პოლიციის ყოფილ შეფზე ძებნა გამოაცხადა.
აღსანიშნავია, რომ ბიწაძის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ოფიციალურ ინფორმაციას ამის შესახებ არც შს სამინისტრო და არც მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ, თუმცა როგორც ბიწაძის მეუღლე, "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, არ არის გამორიცხული, ბიწაძემ პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით რომელიმე ქვეყანას მიმართოს.
შეგახსენებთ, რომ ბიწაძის სასამართლო მოსმენა თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის სტადიაში, მოწმეთა დაკითხვის ეტაპზეა.
კომენტარი