სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

22 წლის გოგოს წამებით მკვლელობა ლილოში - რა დაადგინა ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ?

22 წლის გოგოს წამებით მკვლელობა ლილოში - ბრალდებული ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შერაცხადია.

საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის თქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ცინდელიანი დანაშაულის ჩადენის დროს და ამჟამადაც სრულიად ჯანმრთელი იყო და არის.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, ამასთან, დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა.

ვეფხვაძის თქმით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულია მტკიცებულებები, ამასთან, ესპანეთის სახელმწიფოდან ცინდელიანის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვეს. ასევე, გარდაცვლილის მობილური ტელეფონიდან ამოღებულია ესპანეთში ყოფნის პერიოდის ფოტოსურათი, სადაც ქეთი ჯავახიშვილს თვალზე დაზიანება აღენიშნება. როგორც პროკურორმა განმარტა, ბრალდებულს დაზარალებულთან ესპანეთში ყოფნის დროსაც ჰქონდა კონფლიქტი მისი სტერეოტიპული მიდგომებიდან გამომდინარე. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე ბრალდების მხარე დაკავებულის პატიმრობაში დარჩენას ითხოვდა.

ცინდელიანი სხდომაზე დუმილის უფლებით სარგებლობს. მას ასევე შესთავაზეს მისი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვა, რაზეც დაკავებულმა უარი განაცხადა.

ცნობისთვის, ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100