სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი“! – 1921 წლის 25 თებერვალი

ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!

შემოდიოდა სიკვდილი ცელით!

თოვდა, და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი“. (კოლაუ ნადირაძე)

"ჟორდანიას მხართეძოზე წამოწოლილს მშვიდი ძილით ეძინა, როცა ლენინი და, უპირველეს ყოვლისა კი, მის გვერდში მყოფი ქართველი გარეწრები, თავსაც რომ აბეზრებდნენ ლენინს – რათა ჩქარა დაერთო ნება, შესეოდნენ საკუთარ სამშობლოს რუსული არმიებით, საქართველოს ანექსიისთვის ემზადებოდნენ"...

აი, რას მოგვითხრობს გენერალი მაზნიაშვილი ჟორდანიას ხელისუფლების არნახულ უპასუხისმგებლობაზე.

1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დედაქალაქი XI წითელმა არმიამ დაიკავა. ბაქოში მყოფმა სერგო ორჯონიკიძემ კრემლს უდეპეშა, რომ თბილისზე საბჭოთა ხელისუფლების დროშა ფრიალებსო.

1921 წლის 25 თებერვალი... თარიღი, რომელიც ქართველი ხალხისთვის, ალბათ, არასოდეს მოშუშდება.

საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1918 წლის 26 მაისი) სამ წელში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო.

რუსეთის წითელი არმია ჩვენს ქვეყანაში 12 თებერვალს შემოიჭრა. რუსეთის მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან აღუდგნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა, სადაც მე-11 არმიის ნაწილებს წინააღმდეგობა დაახლოებით 600 მა იუნკერმა გაუწია.

მათ ერთხანს კიდეც უკუაგდეს მტერი. თუმცა განახლებული შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში მოხალისედ წასული, პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც დაიღუპა. ის ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში.

23 თებერვალს კოჯრისა და ტაბახმელას ტერიტორიაზე ბრძოლები შეწყდა.

24 თებერვალს კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა, რადგან მტერმა შევსება მიიღო, ქართულ ჯარს კი რეზერვი არ გააჩნდა.

1921 წლის 25 თებერვალს კი საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შეიჭრა. მოკავშირეების გარეშე, ბედის ანაბარად მიტოვებულმა ქვეყანამ ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა რუსეთის არმიას, რომელმაც დაიკავა საქართველოს დედაქალი და აქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გადავიდა, ხოლო იმავე წლის მარტში დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. მებრძოლ იუნკერებს კი სამშობლო არასოდეს დაუტოვებიათ.

კოჯორ-ტაბახმეალს გმირები დიდი პატივით დაკრძალეს ეკლესიის ეზოში.

„1921 წლის 25-თებერვალი უმძიმესი დღეა ქართველი ხალხის მატიანეში. ამ დღიდან საქართველოს ისევ დაედგა კისერზე რუსეთის უღელი – ახალი, საბჭოთა, ანუ კომუნისტური, გაცილებით უფრო მძიმე, სასტიკი და სისხლიანი, ვიდრე მანამდელი რუს-ხელმწიფის უღელი. ამაოდ დაიქცა კოჯრის მთაზე და სხვაგან სისხლი ქართველი ახალგაზრდებისა, რომელთაგან, ქართველმა ხალხმა, ცამეტი გმირი თბილისში, ერთ საძმო საფლავში ჩააწვინა და დაიტირა “ (ლ. სანიკიძე). დარჩა მხოლოდ რუსეთის უღელი და უმწარესი ქართული სიმღერა:

სიზმრად ვნახე საქართველო,

სისხლის ზღვაში ბანაობდა,

დაფლეთილი მისი დროშა

კოჯრის მთაზე ქანაობდა…

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100