სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წყვილი დაუნის სინდრომით და ქორწინების 22 წელი - საზოგადოებისგან შექმნილი ბარიერი სიყვარულმა დაანგრია

1995 წელს მარიანა და ტომი პოლინგები პირველი დაუნის სინდრომიანი წყვილი იყო, რომლებმაც იქორწინეს. უამრავი ადამიანი სკეპტიკურად უყურებდა მათ დაოჯახებას და ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ეს ქორწინება 22 წელს გასტანდა.

არც ისე დიდი ხნის წინ მარიანას დამ ფეისბუქზე ფეიჯი შექმნა, სადაც წყვილის ბედნიერების ამსახველ ფოტოებს ტვირთავს ხოლმე და მათი საოცარი სიყვარულის ისტორიებს ყვება. შემოგთავაზებთ ერთ-ერთი პოსტის თარგმანს:

„იმ დღით, როცა მარიანა ტომს შეხვდა ქუჩაში, სახლში გაბრწყინებული დაბრუნდა. არ ჩერდებოდა, სულ მასზე გველაპარაკებოდა და აინტერესებდა, თუ შეეძლო სტუმრად დაეპატიჟა ვახშამზე. ამის შემდეგ წელიწადნახევარი ხვდებოდნენ ერთმანეთს. ერთ მშვენიერ დღეს კი ტომი მოვიდა და დედაჩემს მარიანას ხელი სთხოვა. ნიშნობის ბეჭდის ნაცვლად კი ტირში მოგებული სათამაშო დათუნია მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ დედამ იცოდა, როგორ გააკრიტიკებდნენ მასაც და ჩემს დასაც, მაინც თანხმობა მისცა ტომს. მართლაც ასე მოხდა - არა ერთმა ნათესავმა და ახლობელმა დააფიქსირა თავისი უარყოფითი აზრი მარიანასა და ტომის ოჯახზე. დედა კი ყველას პასუხობდა, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მარიანას ცხოვრებაში სწორედ მათი დაოჯახების მხარდაჭერა იყო.

გავიდა 20 წელზე მეტი და საზოგადოების ცნობიერება ნელ-ნელა შეიცვალა უკეთესობისკენ. ახლა ამ ფეიჯს უამრავი მოწონება აქვს და კომენტარებში ყველა წერს, რომ ძალიან კარგი წყვილია და ბედნიერებას უსურვებს მათ.“

პოლინგების ფეიჯზე ახლა 15 000-ზე მეტი მომხმარებელი აქტიურობს და მხარს უჭერს წყვილს შემდეგი სიტყვებით: „მეტი ქრომოსომა - მეტი სიყვარულია!“

მათ ცხოვრებაშიც იყო მძიმე წუთები და ცუდი პერიოდი, თუმცა ამას სიყვარული არ გაუნელებია, პირიქით - მეტი ძალა მიეცათ და უფრო გაერთიანდნენ.

მარიანა პოლინგი: „ქორწილის დღე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი და დასამახსოვრებელი იყო. როდესაც ტომმა ხელი მთხოვა, ძალიან გამიკვირდა, მაგრამ არ დავფიქრებულვარ პასუხზე, ზუსტად ვიცოდი, რომ მასთან ერთად მსურდა ცხოვრება. ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, ის ჩემი საუკეთესო მეგობარია.“

ტომი და მარიანა ცალკე ცხოვრობენ, თუმცა თავიანთ ოჯახებთან ახლოს აქვთ სახლი და დროს სულ ერთად ატარებენ. ისინი მოუწოდებენ ყველას, ვინც მათ მსგავს სიტუაციაშია, რომ არ დანებდნენ და არ შეეშინდეთ ბედნიერების, არაფერზე თქვან უარი და საყვარელ ადამიანთან ყოფნა უფრო გააძლიერებს ყველას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100