დიღმიდან გაგზავნილმა MMS-მა ოქრუაშვილი განარისხა
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ჩასატარებელი აქციის დიდი რიხით დაანონსების შემდეგ „ქართული პარტიის“ ლიდერები ფრიად გაწბილებულნი დარჩნენ, როცა დიღომში, საბოლოოდ, მხოლოდ ხუთას კაცამდე შეიკრიბა.
როგორც აქციის მსვლელობის ადგილიდან გვაცნობეს, ლიდერებმა მაქსიმალურად გააჭიანურეს აქციის დაწყება იმ იმედით, რომ ხალხი შეემატებოდათ, მაგრამ იმედი გაუცრუვდათ და სოზარ სუბარსაც არაფერი დარჩენოდა იმის გარდა, რომ აშშ–ს ხელისუფლებისადმი მიმართვა ნაღვლიანი ხმით წაეკითხა.
მიმართვის ტექსტი საოცრად ჰგავს 90–იან წლებში მთავრობის სახლის წინ გამოტანილ, დაახლოებით ასეთი შინაარსის ტრანსპარანტებს: „ძირს ჯ. ბუში!“
როგორც მოსალოდნელი იყო,“ქართული პარტიის“ ანტიამერიკულ ისტერიას არცერთი ოპოზიციური პარტია, მათ შორის, მარგინალებად წოდებულები, არ შეუერთდნენ.
„გალოკილი თითივით მარტოკაცად“ დარჩენილ „ქართულ“ პარტიას კი დიღომში გზის გადაკეტვაც არ უცდია – ეტყობა, პარტიის ლიდერები მიხვდნენ, რომ ხალხის სიმცირის გამო ამ ნაბიჯის გადადგმას აზრი არ ჰქონდა.
„ქართულმა პარტიამ“ პლაკატების ფრიალითა და მიმართვების კითხვით გული მოიოხა და ამ დროისთვის უკვე დაშლას აპირებს. „ონკანის გადაკეტვა“ არ შედგა.
დიღომში ჩატარებულ აქციაზე ისევ არ გამოჩენილა კოკა გუნცაძე. როგორც ჩანს, „ქართულმა პარტიამ“ იგი საბოლოოდ მოიკვეთა თავისი რიგებიდან.
რაც შეეხება აქციის მსვლელობას, მთავარი ამბები მის დაწყებამდე მოხდა. მიტინგის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ეროსი კიწმარიშვილს მობილურ ტელეფონზე, სავარაუდოდ, ირაკლი ოქრუაშვილმა დაურეკა. კიწმარიშვილი გვერდზე გავიდა, თუმცა, მისგან მაინც აღწევდა ფრაზები, რომლითაც ის მოსაუბრესთან ხალხის სიმცირის გამო თავის მართლებას ცდილობდა.
ამის შემდეგ ეროსი კიწმარიშვილი ჩვენთვის უცნობ ადამიანთან მივიდა, მობილური აჩვენა და ჰკითხა: „MMS როგორ გავაგზავნო, იცი?“ თავის მხრივ, მან ეროსის ამ ფუნქციის გამოყენება ასწავლა, რის შემდეგაც კიწმარიშვილმა რამდენიმე სურათი გადაიღო და სავარაუდოდ, გაუგზავნა კიდეც "პარიზელ" ბოსს. სურათების გაგზავნას ზარი მოჰყვა, რის შემდეგაც ეროსი სუბართან მივიდა და ხმადაბლა გადაულაპარაკა: „გაგიჟებულია და ყვირის!“
კომენტარი