არტისტი ძუნწია, ისე არ მიანებებს თეატრს თავს, გული არ დასწყდეს... მაგრამ რომ არ შეგიძლია!..
დავბერდი! არ გჯერათ? ავად ვარ, ჯანი არ მაქვს. ფეხები მტკივა, გულიც მაწუხებს. მძიმე ოპერაცია გავიკეთე, ნაწლავის კიბო მქონდა... ეს პრაღაში ექიმმა მომახალა. არ შემშინებია... ისღა ვთხოვე, გარეთ ცოლი დგას და არ გაუმხილოთ, უთხარით, რომ ოპერაცია მჭირდება-მეთქი. ეტყობა, ექიმმა ვერ გაიგო და ნატაშამ რომ შემოიხედა, მასაც უთხრა... "კავკასიურ ცარცის წრეში" ცუდად გავხდი. თავს ძალა დავატანე და ძლივს ვითამაშე. თანდათან ვუძლურდები. არტისტი ძუნწია, ისე არ მიანებებს თეატრს თავს, გული არ დასწყდეს... მაგრამ რომ არ შეგიძლია!..
ამ სიტყვებიდან 3 წელიწადში მართლაც დაამტკიცა რომ დედამიწაზე აღარ დაედგომებოდა და ქართული კინოსა და თეატრის „გენია“ რამაზ ჩხიკვაძე 2011 წლის 17 ოქტომბერს თბილისში, 83 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
დღეს დიდი მსახიობს 85 წელი შეუსრულდებოდა...
ლეანდრო, ვეფხია გაბიდაური, ქოსა მრჩეველი, კირილე მიმინოშვილი, შოშია, ყვარყვარე თუთაბერი, მეფე ლირი, აზდაკი და კიდევ ვინ ჩამოთვლის რამდენი კინო თუ თეატრალური როლი ... ეს ის საგანძურია, რომელიც რამაზ ჩხიკვაძემ თავის ქვეყანასა და შთამომავლობას დაუტოვა.
რამაზ ჩხიკვაძე 1928 წლის 28 თებერვალს თბილისში, გამოჩენილი მუსიკოსის, გრიგოლ ჩხიკვაძის, ოჯახში დაიბადა. ბაბუა – აღიარებული ფოლკლორისტი. მამა – კონსერვატორიაში ქართული მუსიკის კაბინეტის დამაარსებელი იყო, ხოლო დედა პროფესიონალი მომღერალი - მიუხედავად მუსიკალური მემკვიდრეობისა, მან თეატრს მიუძღვნა.
1951 წელს რამაზ ჩხიკვაძემ შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. ამავე წლიდან მუშაობს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში. დო მაჟორი – თეატრალურ ინსტიტუტში და დო მინორი – რუსთაველის თეატრში მოხვედრის შემდეგ. რამაზ ჩხიკვაძემ თეატრის მიტოვება და საოპერო ხელოვნებაში გადანაცვლება დააპირა. ოთხი წლის შემდეგ თუმანიშვილმა „ესპანელ მღვდელში“ ათამაშა, რის შემდეგაც მეორე წარმატებამდე, სპეკტაკლამდე - „როცა ასეთი სიყვარულია“, ხუთმა წელმა განვლო. მერე გაიხსნა მცირე სცენა და როგორც თუმანიშვილი ამბობდა, ჩხიკვაძისთვის სწორედ აქედან დაიწყო სვლა დიდებისაკენ.
როლებმა აზდაკი და რიჩარდი მსახიობს მსოფლიო პოპულარობა მოუტანა. „კავკასიური ცარცის წრე“ მეოცე საუკუნის მსოფლიოს ას საუკეთესო სპექტაკლშია შესული, ხოლო რამაზ ჩხიკვაძის რიჩარდ მესამე ყველა დროის რიჩარდების ათეულშია.
„აი, საქართველოს ლირი, ტირანი ქარიშხალში“, – წერდა იტალიური „კორიერე დე ლა სერა“.
90-იანი წლებიდან ქარიშხალი მინელდა. ის ტოვებს თეატრს და სცენის გარეშე რჩება... 2006 წლის 28 თებერვალს მსახიობს 78 წელი შეუსრულდა და რუსთაველის თეატრის წინ რამაზ ჩხიკვაძის ვარსკვლავი გაიხსნა. ამ დღეს რუსთაველელებმა 609-ჯერ ითამაშეს "კავკასიური ცარცის წრე", ბრწყინვალე სპექტაკლი-ლეგენდა, რომელიც უკვე 30 წლისაა.
რამაზ ჩხიკვაძის შემოქმედებამ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა აღაფრთოვანა, იგი შექსპირული რეპერტუარის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს, დიდ ბრიტანეთში კი ქართველ ოლივიედ მონათლეს.
რაც შეეხება რამაზ ჩხიკვაძის ცხოვრების თანამგზავრს, აი როგორ იხსენებდა მსახიობი ნატაშასთან შეხვედრას... “ნატაშა გემზე გავიცანი. იმ გემით მე და გურამ საღარაძე ოდესაში იალტაში მივდიოდით. გემბანზე ამოვიდა, რომ დავინახე, ძალიან მომეწონა და ჩემს სიცოცხლეში პირველად ვიფიქრე - ასეთ ქალს ცოლად შევირთავდი-მეთქი“. -ამბობდა მსახიობი.
2011 წლის 28 აგვისტოს, რამაზ ჩხიკვაძეს მეუღლე და ცხოვრების დიდი სიყვარული გარდაიცვალა..მსახიობმა სიკვდილშიც უერთგულა ნატაშას და რამდენიმე თვეში 2011 წლის 17 ოქტომბერს თავადაც წავიდა ამქვეყნიდან. 22 ოქტომბერს კი სწორედ საყვარელი მეუღლის გვერდით დაკრძალეს საქართველოს უდიდესი მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე.
კომენტარი