კრემლის მოთხოვნით, „ტვიტერზე“ მედვედევი „გაქრა“
„ტვიტერმა“, კრემლის თხოვნით, დიმიტრი მედვედევის ერთ–ერთი ბლოგი გააუქმა. ბლოგი საკმაოდ პოპულარული იყო, როგორც ჩვეულებრივ მომხმარებლებში, ისე რუსულ მედიაში. რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელის ჩანაწერები და ადგილობრივი საზოგადოების კითხვები, აქ ხშირად ჩნდებოდა და მასზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტოები ცნობებსაც ავრცელებდნენ. ეს უკვე რამდენიმე თვეა გრძელდებოდა, თუმცა პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ პროტესტი მხოლოდ სულ ახლახანს გამოთქვეს. ამ უკანასკნელმა, ბლოგის გაუქმების მიზეზად გამოცხადა, რომ ბლოგს თავად მედვედევთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და იქ რუსეთის ფედერაციის პირველი პირი არ წერდა. ამიტომ კრემლმა ისარგებლა რა „ტვიტერის“ წესებით, მის ადმინისტრაციას ალტერნატიული ექაუნთის გაუქმება მოსთხოვა. ბლოგი ამ დროისათვის უკვე აღარ არსებობს. ახლა ინტერნეტში კრემლის მხოლოდ ორი მიკრობლოგიღა მოქმედებს. ერთ–ერთი მათგანი, ერთი წლის წინ, თავად მედვედევმა საკუთარი ხელით დაარეგისტრირა და შემდეგ მედიით გაააპიარა. მცირე ხნის წინ, „ტვიტერზე“ კიდევ ერთი ბლოგიც გააუქმეს, რომელიც ასევე თვითმარქვია მედვედევს ეკუთვნოდა.
კომენტარი