სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„უნდათ ვანდალი მეძახონ და უნდათ - სტენდალი, ჯაბას მაინც ამოვთხრი!...“

„დრონი.ჯი“ აგრძელებს ჯაბა ისელიანის ცხედრის ამოთხრასთან დაკავშირებულ დეტალებზე მასალების გამოქვეყნებას. დღეს რედაქტორს პირადად დაუკავშირდა დაახლოებით 40 წლის მამაკაცი, რომელმაც განაცხადა, რომ როგორც 2008 წელს, ასევე გუშინ, ჯაბა იოსელიანის ცხედრის საფლავიდან ამოთხრას ცდილობდა. მან ვინაობა არ დაასახელა და განაცხადა, რომ მერაბი ჰქვია და რომ ქართველი ხალხის სახელით მოქმედებდა და იმოქმედებს.

„დრონი.ჯი“ კომენტარის გარეშე გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:

-დიახ, ეს სამი წლის წინაც და ახლაც მე გავაკეთე. მიმაჩნია, რომ ეს ჩემი მთავარი მისიაა ცხოვრებაში - ასე უნდა მოვქცეულიყავი. ამიტომაც, ხმამაღლა ვამბობ - გინდაც ვანდალი მიწოდონ, გინდაც - სტენდალი, შეგიძლიათ ზუსტად ასევე დაწეროთ: ჯაბას მაინც ამოვთხრი!

-თქვენი აზრით, ეს გამოსავალია? თუ ჯაბა იოსელიანის საფლავის ადგილმდებარეობას აპროტესტებთ, მისი ცხედრის გადატანის მოთხოვნით სხვაგვარი, ცივილიზებული სამყაროსთვის მისაღები აქციების ორგანიზება არ გიცდიათ?

-რა ცივილიზაციაზე მესაუბრებით ჯაბასთან მიმართებაში? როცა მტერი გიპყრობს, მას იგივე მეთოდებით ებრძვი, როგორითაც ის გებრძვის. აბა, პარტიზანები რომ ნაღმებს უდებენ და აფეთქებენ ოკუპანტებს, რა - ცივილიზებულად უნდა მოკლან? ჯაბა იოსელიანი ყველაზე დიდი ქვეყნის მოღალატეა საქართველოს ისტორიაში, ტანაც, ყველაზე დიდი ცინიკოსი. მოღალატეებს კი სასტიკად უნდა გავუსწორდეთ - ისე, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ. რანაირად შეიძლება იძიო შური მკვდარზე? მხოლოდ იმით, რომ მისი ცხედარი ამოთხარო და ხალხს შეახსენო, რომ მისი ადგილი არცერთ პანთეონში არ არის. ადგნენ ნათესავები, გადაიტანონ საგვარეულო სასაფლაოზე და ვინც იქ მივიდეს, ჩემდათავად... დარაჯადაც დავუდგები სრულიად უფასოდ...

-მაინც, რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ გარდაცვლილთან ამ მეთოდებით „ბრძოლა“?

-ნუ გგონიათ, რომ მხოლოდ გარდაცვლილს ვებრძვი. მისი სიცოცხლის წლებშიც ვებრძოდი, როგორც შემეძლო. ფიზიკურ ბრძოლასა და სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას არ ვგულისხმობ: როცა ზუგდიდში იყო ჩამოსული, ერთადერთი ვიყავი, ვინც პირში უთხრა სიმართლე - ეს გამგეობის წინ მოხდა. გინდათ, დეტალები მოგიყვეთ? თქვენ მაშინ იქ იყავით, იქნებ, გახსოვთ კიდეც...

-შესაძლებელია. მოგვიყევით დეტალები.

-ეს იყო 1993 წელს, როცა ზუგდიდში პირველი გამგებელი და კომენდანტი დანიშნეს. როცა გავიგე, რომ ზუგდიდში ჯაბა უნდა ჩამოსულიყო, ჩემი ნათესავის 5 წლის, თამამი ბიჭი „შეგირდად ავიყვანე“ და ერთი კვირის განმავლობაში ვავარჯიშებდი, როგორ უნდა დაეძახა „ჯაბა, ჯაბა!“ - ვივარაუდე, რომ როცა გაიგონებდა ბავშვის ხმას, მოვიდოდა და ჩემთვის მთავარი ეს იყო. მართლაც, ჯაბას ჩამოსვლის დღე ზუგდიდში ყველამ გაიგო და ხალხი ბლომად შეიკრიბა გამგეობის შესასვლელთან. გაჩერდა ნივა, გადმოხტნენ ბიჭები, შემოარტყეს ჯაბას რკალი და მიდიან გამგეობის შესასვლელისკენ. ბიჭი კისერზე მყავდა შესმული და ვუთხარი, აბა, დაუძახე-მეთქი. ბავშვმა მაშინვე წკრიალა ხმით დასძახა: „ჯაბა! ჯაბა!“. ეს მეხის გავარდნასავით იყო - ზუგდიდში ჯაბას სახელის სკანდირება. ხალხი აჩოჩქოლდა.

ჯაბამ მიიხედ-მოიხედა, ბავშვს თვალი მოჰკრა და მაშინვე ჩვენსკენ წამოვიდა. ხალხიც შეგროვდა. ჯაბა რომ მოგვიახლოვდა, იღიმებოდა, მე კი ბავშვი უკვე მკერდზე მყავდა მიხუტებული. ახლოს რომ დავინახე, მზად ვიყავი, ყელში ვწვდომოდი, მაგრამ მაშინვე ჩამავლებდნენ და გადავიფიქრე. გაღიმებულმა იოსელიანმა თქვა: „ლაო, პატალა? როგორ ხარ?“ - და ლოყაზე ხელი მოუთათუნა, მაგრამ ბავშვმა ხელი აუკრა და მე ჩამეხუტა. „ბატონო ჯაბა, ბავშვმაც კი იცის, რომ თქვენ მკვლელი ხდართ!“ - ვუთხარი ხმის კანკალით. ჯაბა თავდაპირველად გაშრა და სახეზე განრისხება გამოეხატა, მაგრამ იქვე უცხოელები იღებდნენ ამ ყველაფერს კამერით და მიხვდა, რომ სიტუაციის გამწვავებაზე ვერ წავიდოდა. მან გაიცინა და ხმამაღლა თქვა: „მკვლელი არა ვარ, ბიძია, ეს იარაღი სათამაშოა, ნუ გეშინია!“, - ნაძალადევი სიცილით თქვა მან და ბავშვს ზურგზე ხელი მოუთათუნა, მერე კი ისევ გამგეობის შესასვლელისკენ შეტრიალდა სიტყვებით: „წავედით, დაგვაგვიანდა“. ამ ფაქტს ზუგდიდში უამრავი თვითმხილველი ჰყავდა... მერე ჩვენ იქედან გავიპარეთ, ხალხმა დაგვფარა და გაგვაცილა...

-კარგით, დიდუბის პანთეონში გუშინდელი ინციდენტის დეტალებზე გადავიდეთ. ეს აქცია წინასწარ გქონდათ დაგეგმილი?

-რა თქმა უნდა. კარგა ხანია, გადაწყვეტილი მქონდა, რომ ეს აქცია უნდა დამემთხვია 6 იანვრისთვის. სურათები და სისხლიანი ხელის მტევნები ჩვეულებრივ პრინტერზე ამოვბეჭდე, ოღონდ ეს ინტერნეტკაფეში გავაკეთე, რომ მერე პერსონალური მისამართით არ მოეგნოთ, ჩემმა კეთილისმსურველებმა ამის შესახებ წინასწარ გამაფრთხილეს. საველე ნიჩაბი ელიავაზე გუშინ ვიყიდე, ძლივს მივაგენი. პანთეონში ყვავილების დახლების მხრიდან გადავძვერი, ღამის ორ საათზე. მინდოდა დიდხანს მეტარა მას შემდეგ, რაც სურათები ქაღალდის წებოთი დავაწებე, მაგრამ არ გამოვიდა - მიწაც გაყინული იყო და ხელის თითებიც ყინვის გამო აღარ მემორჩილებოდა. ამიტომაც, რაც გამოვიდა, იმას დავჯერდი.

არავითარი მეორე და მესამე არ ყოფილა ჩემთან ერთად და არც არავინ გამომდევნებია. როცა თქვენს საიტზე პირველად წუხელ ვნახე გამოქვეყნებული მასალა, მერე სხვა მასალებსაც გადავხედე. ვნახე, რომ თბილისის ომის ფოტორეპორტაჟი გქონდათ გამოქვეყნებული, ასევე 1992 წლის 3 იანვარს მშვიდობიანი მიტინგის დახვრეტის ამსახველი სტატია... ამიტომაც გადავწყვიტე, პირადად დაგკავშირებოდით.

ისე კი, მინდა იცოდეთ: თუნდაც რომ დამიჭირონ, ჩემი საქმის გამგრძელებლები მრავლად არიან. ამიტომ ჯაბა იოსელიანის ნათესავებს მოვუწოდებ, დროზე იზრუნონ ცხედრის გადატანაზე სხვაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართველ საზოგადოებას ვანდალიზმს ნურავინ დააბრალებს. არც ის დაავიწყდეთ, რომ მალე გაზაფხული მოვა და მიწაც არ იქნება ყოველთვის გაყინული ისე, რომ ვერ გაითხაროს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100