სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვთან ახლოს მითიური ჩუპაკაბრა გამოჩნდა?

მოსკოვის ოლქში, კოლომნოსთან, სექტემბრის შუა რიცხვებში მოვლენები საკმაოდ უცნაურად და საინტერესოდ წარიმართა: ფერმერი, ვასილი ველიკოდნევი დარაჯმა დილის 6 საათზე გააღვიძა და აცნობა, რომ მისი ცხვრები მოკვდნენ. ფერმერი მაშინვე შემტხვევის ადგილზე გავარდა და ნახა, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი, ყელგამოჭმული და სისხლგამოწოვილი ოცდაათამდე ცხვარი ფარეხში უძრავად ეყარა.

„როცა მივედი, ორი უკვე მკვდარი იყო, სამი კი ჩემს თვალწინ მოკვდა“, - იხსენებს ფერმერი. ის იძულებული გახდა, პოლიცია და ვეტერინარი ერთად გამოეძახებინა. სანამ მათ ელოდებოდა, დაფლეთილი ცხვრები ახლოდან დაათვალიერა: მათ ყელი გამოჭმული ჰქონდათ, რბილი ხორცი უკანა ფეხებთან კი - დაფლეთილი. ყელზე მხოლოდ ორი მრგვალი, ლურჯი ჭრილობა ემჩნეოდათ.

საოცარი ის იყო, რომ არც მწვანე მოლზე, არც იმ ადგილას, სადაც ცხვრები ეყარნენ, სისხლის ერთი წვეთი არ ჩანდა. დარაჯებს არათუ ხმაური, ფაჩუნიც არ გაუგიათ და იმ ღამეს არც დიდ, ავ ქოფაკს - ნაიდას დაუყეფია.

„მითებისა და იმის, რომ რადუჟნაიას დასახლებას ვამპირი-უჩინმაჩინი ესტუმრა, არ მჯერა“, - ამბობს ფერმერი, - „მონადირე ვარ და უამრავი წლის მანძილზე გამოცდილებაც დამიგროვდა. ზუსტად ვიცი, რომ ასე მტაცებლები ესხმიან თავს: გააუვნებელყოფენ, შემდეგ კი კბენენ. მაგრამ ის, თუ რომელი მხეცი შეიძლებოდა ყოფილიყო, დღემდე ვერ გამირკვევია“.

პოლიციელებთან ერთად ტრაგედიის დღეს ფერმერმა ფარეხის ღობეები დაათვალიერა: არანაირი დაზიანებები. არც ურდულებია მოშლილი. არადა, ღობის სიმაღლე მეტრნახევარს აღწევს. როგორც ჩანს, ამოუცნობი მხეცი ამ ღობეს დიდი ჯაფის გარეშე გადაევლო. ადგილობრივი უბნის ინსპექტორმა ადგილმდებარეობა დაათვალიერა და წავიდა: მისთვის საინტერესო იქ ვერაფერი იპოვა, რადგან დანაშაულის ნიშნები არ იყო, თუმცა, ფერმერს სერიოზული ზარალი მიადგა:

„ოცზე მეტი ცხვარი დანარჩენ ფერმერებთან ერთად დავკალი, რადგან მათი გადარჩენა არ შეიძლებოდა. ვცდილობდით, ჭრილობები ანტისეპტიკური საშუალებებით დაგვემუშავებინა, მაგრამ ყველა ცდა ამაო იყო. როცა ცხვრები გავატყავეთ, გავოცდით, რადგან სისხლი მათ თითქმის აღარ ჰქონდათ. თითოეულისგან თითო პეშვი თუ გადმოდინდა, მაშინ როცა ჩვეულებრივ ცხვარს 2-3 ლიტრი სისხლი აქვს“, - ჰყვება ვალერი. საერთო ჯამში, ამ უცნაური შემთხვევის შედეგად ფერმერმა 33 ცხვარი იზარალა.

ეს ამოცანა ვერც ვეტერინარებმა ამოხსნეს: „ვეტპუნქტში გადავიტანე ცხვრების თავები და მათი შემოწმება მოვითხოვე, მაგრამ ვერაფერი მნიშვნელოვანი იქ ვერ მითხრეს“, - ამთავრებს თხრობას ვალერი.

რადუჟნაიას დასახლებაში კი დღემდე ამბობენ, რომ ამ მიდამოებში მითიურად მიჩნეული ცხოველი, ჩუპაკაბრა გამოჩნდა. ისეთებიც არიან, რომლებიც ირწმუნებიან, რომ მას ღამით, ტყეში თვალიც კი მოჰკრეს. მართალია, დასახლების მცხოვრებთა უმრავლესობა ამბობს, რომ მითების არ სჯერა და არავითარი ჩუპაკაბრა არ არსებობს, მაგრამ ზომები მაინც მიიღეს: ვალერის მსგავსად, ახლა ღამღამობით ცხოველებს ოთხკედელშუა კეტავენ და ღამღამობით თოფებით მორიგეობენ. ინციდენტი, ჯერჯერობით, არ გამეორებულა.

შეგახსენებთ, რომ ჩუპაკაბრა მითიური ცხოველია, რომელიც, ძველი გადმოცემების მიხედვით, შინაურ ცხოველებს ესხმის თავს და მათ სისხლს სწოვს. სახელი მოდის ესპანური სიტყვებიდან: “chupar”-წოვა და “cabra”-თხა.

ბოლოს კი ვნახოთ, რას წერს „ucnauri.com” ჩუპაკაბრას შესახებ: „იგი,ძირითადად, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე ბინადრობს.

ეს ცხოველი შემჩნეული ჰყავთ პუერტო-რიკოში, მექსიკაში, შეერთებულ შტატებში, ყველაზე ხშირად კი ლათინური ამერიკის გლეხების აღწერილობით, ჩუპაკაბრა ეს არის საშუალო ზომის ცხოველი, რომელსაც მთელ ზურგზე ხერხემლის ძვლები აქვს ამოზნექილი. ბიოლოგები ჯერჯერობით თვლიან, რომ ჩუპაკაბრა მხოლოდ მითია.

უფრო ხშირად, ჩუპაკაბრას აღწერენ, როგორც ქვეწარმავლის მსგავს არსებას, რომელსაც მომწვანო-მონაცრისფრო კანი აქვს. სიმაღლეში 1-1,2 მეტრია. მისი სიარულისა და ხტუნვის მანერა მიაგავს კენგურუსას. ერთ-ერთი გადმოცემით, მას შეუძლია 6 მეტრზე ახტეს. სახე და ცხვირი ძაღლს მიუგავს, ენა ხვლიკივით გაყოფილი აქვს, გახსნილი პირიდან კი დიდი ეშვები უჩანს. როცა საფრთხეს გრძნობს, ყივილს იწყებს ან შიშინის მაგვარ ხმას გამოსცემს, მისი თვალები კი წითლდება. ვინც მის სიახლოვესაა, ამ დროს გულისრევის შეგრძნება ეწყება. მას არ აქვს ყურები და ბალანი.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100