სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უყვარს ერთი, ცოლად მოჰყავს მეორე - მთვარე და ვენერა მამაკაცის ჰოროსკოპში

საკითხი მამაკაცების ორსახოვნების შესახებ სამყაროსავით ძველია. ძალიან ხშირად ჩნდება კითხვა, რატომ იქცევა ძლიერი სქესის ზოგიერთი წარმომადგენელი ასე? უყვარს ერთი, ცოლად მოჰყავს მეორემისი სრული ანტიპოდი. მე შევეცდები ამ საკითხზე პასუხი ასტროლოგიის მეშვეობით გაგცეთ.

საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი მამაკაცის რუკაში არსებობს ორი მნიშვნელოვანი პლანეტა – მთვარე და ვენერა, რომელიც მასში სასურველი ქალის სტერეოტიპს აყალიბებს. მთვარის მდებარეობა მიანიშნებს იმას თუ როგორი ადამიანი ესაჭიროება მამაკაცს ცოლად, ანუ ყოველდღიურ ურთიერთობაში ჰარმონიული თანაცხოვრებისთვის. ხოლო ვენერა განასახიერებს მისთვის ფიზიკურად სასურველ ქალს, რომელიც მას შეიძლება ხშირად ერთი ნახვით შეუყვარდეს, ანუ ქალს რომლის გამოც შესაძლოა თავი დაკარგოს.

ამიტომ, რაც უფრო ჰარმონიულია ასპექტაცია მამაკაცის რუკაში მთვარისა და ვენერას განლაგებას შორის, მით უფრო ახერხებს ეს უკანასკნელი დასჯერდეს ერთი ტიპის ქალს და არ ეძებოს მისი ანტიპოდი, ფსიქოლოგიური დისონანსის შესავსებად. ანუ უხეშად რომ ვთქვათ, ცოლიც ჰყავდეს და საყვარელიც.
მაგრამ, იმ შემთხვევაში თუ მისი მთვარე და ვენერა დისჰარმონიაში მოდის ერთმანეთთან (კვადრატი, ოპოზიცია) მას აუცილებლად გაუჭირდება არჩევანის გაკეთება "მინდასა" და "საჭიროას"’ შორის.
ასე მაგალითად: მამაკაცს, რომლის მთვარის ნიშანიც არის კირჩხიბი და ვენერა ლომის ზოდიაქოში აქვს განლაგებული ცოლად მოკრძალებული, დამყოლი ბუნების ქალი ესაჭიროება, ამ დროს კი მას მაგნიტივით იზიდავს აქტიური, ეპატაჟური ქალები. ამ ორი ხასიათის შტრიხები კი ერთ ქალში დამეთანხმებით შეუთავსებელია. სწორედ ეს არის მიზეზი, იმის რომ ერთი შეხედვით ბედნიერი ქორწინება შესაძლოა მოკლე ხანში ხმაურიანი განქორწინებით დასრულდეს, ან ხანგრძლივი შეყვარებულობის პერიოდის შემდეგ, მამაკაცმა სულ სხვა კანდიდატურაზე შეაჩეროს არჩევანი. ნებისმიერი მამაკაცისთვის, ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი მთვარის ნიშნის ქალბატონია უფრო მისაღები. ვენერა კი ზედაპირულ ანტურაჟს ქმნის მხოლოდ. ამიტომ თუ კომფორტულ, ჰარმონიულ და რაც მთავარია, ხანგრძლივ ურთიერთობას ეძებთ, სასურველია, თქვენი ინტერესის ობიექტ მამაკაცს მთვარე თქვენი ზოდიაქოს ნიშანში ან მის მონათესავე სტიქიაში მაინც ჰქონდეს.

ასე და ამგვარად, თუკი მამაკაცის რუკაში მთვარე და ვენერა ერთი და იგივე ან მეგობარ სტიქიაშია განთავსებული, გაცილებით მარტივია მისთვის სასურველ ქალში აღმოაჩინოს ყველა ის თვისება რასაც ცოლისა და საყვარელის ერთობლიობა მოიცავს. ამიტომ ამგვარი ტიპის მამაკაცი, როგორც წესი, იმ ადამიანზე ქორწინდება, ვის მიმართაც გრძნობები უჩნდება. ხოლო ის, ვინც ვენერა-მთვარის კონფლიქტური განლაგების პატრონია პირად კოსმოგრამაში, ხშირად უტოვებს პასუხგაუცემელ კითხვებს ქალს, რომელიც ფიქრობს, რომ ეს უკანასკნელი მასზე თავდავიწყებითაა შეყვარებული და დღეს თუ არა ხვალ ცოლობას სთხოვს. ამ დროს კი იგი, აბსოლუტურად მოულოდნელად ქორწინებდა... სულ სხვაზე. რას ვიზამთ ჩემო კარგებო, მთვარის მოთხოვნები გაცილებით ძლიერია, როცა საქმე ოჯახურ ჰარმონიას ეხება.

დაბოლოს მოკლე ინსტურქცია იმის შესახებ, თუ როგორ გავარკვიოთ რამდენად ჰარმონიულია თქვენი საყვარელი მამაკაცის რუკაში მთვარე-ვენერას ასპექტები:

მეგობრული სტიქიებია – ცეცხლი და ჰაერი, მიწა და წყალი
მტრულად არიან ერთმანეთის მიმართ განწყობილი – ჰაერი და მიწა, ცეცხლი და წყალი, ჰაერი და წყალი, მიწა და ცეცხლი.
ამიტომ თუ თქვენი გულის რჩეული მაინცდამაინც მეორე კატეგორიას განეკუთვნება, სასურველია მისთვის "მთვარის ლედი" იყოთ, ვიდრე "ვენერას ქალბატონი".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100