სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაანებეთ ეგვიპტეს თავი

ჩვენი ერთადერთი წვლილი მუსულმანური ქვეყნების საქმეში, რომლებიც თვითგამორკვევას ცდილობენ, მათი მეზობლების სისხლის მდინარეებსა და ქაოსში ჩაძირვაა.
ჩვენ ფარისევლები ვართ. ვიწონებთ მამაც ტუნისელებსა და ეგვიპტელებს მაშინ, როდესაც ისინი ქუჩის რევოლუციურ ძალაუფლებას ამკვიდრებენ. ხელები შორს, ვყვირივართ ჩვენ. აცალეთ მათ გააკეთონ ის რაც სურთ. ამას ბევრი დრო დასჭირდა, მაგრამ მიეცით ამ ხალხს თავისუფლების მოპოვებისა და ამ გზით გაძლიერების უფლება.
მაგრამ მსგავსი უფლება ერაყელებსა და ავღანალებისთვის არ მიგვიცია. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ უნდა გვეკარნახა ის, თუ ვის უნდა ემართა ისინი. მათი ლიდერები კრიმინალში დავადანაშაულეთ და ყველას დასაჯა გადავწყვიტეთ, ამასობში კი ათასობით ადამიანი მოვკალით. გამოვაცხადეთ „თავისუფლების პროგრამა“ და ბომბები დავუშინეთ.
ეგვიპტის მეთაური ჰოსნი მუბარაკი მორიგი სადამ ჰუსეინია, საერო დიქტატორი, რომელსაც ეს მუსულმანური ქვეყანა, თავისი ქურდბაცაცა მეგობრების დახმარებით რკინის მარწუხებით უჭირავს. ის სადამივით მდიდარი არ არის, ამიტომ გათვლას ამერიკულ მხარდაჭერაზე აკეთებდა და თავის სისასტიკეში ოდნავ უფრო დახვეწილი იყო.
გვეუბნებიან, რომ მუბარაქის მხარდაჭერისთვის ლოგიკური სტრატეგიული მიზეზები არსებობდა, ისევე როგორც ერთ დროს არსებობდა მიზეზები ბაათისტების, სირიული ასადისა და თავად სადამის მხარდასაჭერად. მსგავსი მიზეზები არსებობდა ტუნისში ბენ ალის დინასტიისა და „ბრიტანეთის კარგი მეგობრის“, სკანდალური ლიბიელი პოლკოვნიკის კადაფის მხარდასაჭერად. ყველა მათგანი მუსულმანური ექსტრემიზმის წინააღმდეგ სავარაუდო ბასტიონს წარმოადგენა, იმ ურჩხულის წინააღმდეგ, რომლის წინაშეც ამერიკელებმა და ბრიტანელებმა პათოლოგიური, ყოვლისმომცველი და ძვირდღირებული შეშფოთების დემონსტრირება უნდა მოახდინონ. როგორც ჩანს, ეგვიპტეს ეს უკვე აღარ ეხება.
სინამდვილეში, ეთიკური საგარეო პოლიტიკა უბრალოდ არ არსებობს. ცნება „ეთიკის“ მიღმა რაღაც ფილოსოფიური და პრაგმატული იგულისხმება სახელწოდებით „საგარეო პოლიტიკა“. დიპლომატიის ხელოვნება მათ შორის ლავირებაა. ბლერის და ბუშის „ჯვაროსნულმა ლაშქრობამ დემოკრატიისთვის“ ეს ვერ შეძლო. მისი მოტივაცია პოლიტიკაში ყველაზე სახიფათო რამ გახლდათ – რელიგიური თავგამოდება.
ის რაც ეგვიპტეში ხდება, არ შეიძლება სამოქალაქო თავისუფლებების ნებისმიერ მომხრეს არ ახარებდეს. ასე იყო საქართველოს ვარდების რევოლუციის, უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუციის, ბირმაში ზაფრანის რევოლუციის, ირანის მწვანე და ტუნისის ჟასმინის რევოლუციების დროს. იმ ადამიანთაგან, ვინც ამ დიზაინერული ტროცკიზმის პასტელის ტონებს აკვირდებოდა, ცოტას თუ ემახსოვრება, მათგან რომელი იყო წარმატებული და რომელი არა, მაგრამ ტელევიზორში კადრები მართლაც რომ შთამბეჭდავი იყო.
ყველა მსგავსი შემთხვევის დროს, ხალხი მოთმინებას კარგავდა და პროცესი დიქტატორთან პრიმიტიულ დაპირისპირებაში გადაიზრდებოდა ხოლმე. ზღვრამდე მიყვანილები, იმ უკანასკნელ შესაძლებლობას მიმართავდნენ, რომელიც თავისუფალ ადამიანებს გააჩნიათ და ქუჩებში გამოდიოდნენ. ამ საპროტესტო გამოსვლების შედეგს რეჟიმის უსაფრთხოებისა და თვითდაჯერებულობის, ასევე ჯარზე მისი კონტროლის ხარისხი განსაზღვრავდა. საგარეო დახმარება შედეგს იშვიათად განსაზღვრავდა. მეტიც, ნაციონალური კრიზისის ჟამს აჯანყებასთან ბრძოლის ყველაზე ქმედითი ხერხია – არეულობის გამოცხადება უცხო სახელმწიფოების ინტერესების რეალიზაციის ინსტრუმენტად. სწორედ ასე მოხდა ირანში.
დასავლეთის თვალში, რევოლუციებზე დაკვირვება – ჩვენი დემოკრატიული ფესვების განმეორებაა. ჩვენ ხშირად თვითმკმაყოფილებით ვიხსენებთ ხოლმე, რომ მსოფლიოს დიდმა ნაწილმა თავისუფალი არჩევნებისკენ, სიტყვის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლებისკენ გზა ვერ გაიკვალა. მაგრამ რევოლუციები, მიწისძვრის და წყალდიდობის პოლიტიკური ექვივალენტიცაა. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს სჭირდებათ ჩვენი რჩევები, ჩვენი დახმარება ან ყველაზე ცოტა, ჩვენი სტრიქონქვეშა კომენტარები. ჩარევის ჟინი დაუძლეველია.
ბრიტანეთი, რომელმაც ისტორიულად ეგვიპტესთან გამკლავების უუნარობა დაადასტურა, რამდენიმე დღის წინ ამ თავი წამოყო. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა: „ჩვენ არ გვინდა, რომ ეგვიპტე ექსტრემისტების ხელში აღმოჩნდეს… ჩვენ გვინდა რომ ეგვიპტეში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებამდე და დემოკრატიამდე გადასვლა ორგანიზებულად მოხდეს“.
ვის აინტერესებს რა „სურს“ ბრიტანეთს ეგვიპტეში? ეგვიპტე ბრიტანეთის პასუხისმგებლობის ზონას არ განეკუთვნება, თუკი მსგავსი რამ ოდესმე იყო.
აშშ არანაკლებ აფსურდულ მდგომარეობაშია. ოცდაათწლიანი ჩარევის შემდეგ, როდესაც მუბარაქი ყოველწლიურად 1.5 მილიარდ დოლარს მხოლოდ შეიარაღებული ძალებისთვის იღებდა, ვაშინგტონი, რომელიც მას „რეგიონში სტაბილურობის გარანტად“ აცხადებდა, დღეს „ხელისუფლების ორგანიზებულ გადაცემას“ ითხოვს. ახლა ყველა მოკავშირემ იცის, რომ განსაცდელში მყოფი ამერიკის მეგობარი, ის მეგობარია, რომელიც განსცდელის პირველივე ნიშნების დროს გაქრება.
ამერიკას შეუძლია ჩაერიოს, რასაც, როგორც ჩანს ბუში და დონალდ რამსფელდი გააკეთებდნენ, ბლერი კი მათ ზურგს უკან იღუღუნებდა. მას შეუძლია მუბარქს რეჟიმის რეფორმირება და ამავდროულად თანამდებობაზე დარჩენა მოსთხოვოს. რადგან ვაშინგტონის აზრით ახლო აღმოსავლეთი დენთის კასრია, რომელიც ეს–ესაა აფეთქდება, მან „მუსლიმთა საძმოს“ ეგვიპტის მართვის საშუალება არ უნდა მისცეს. ბუში ეგვიპტეს „ცუდი ბიჭების“ ქუჩიდან ალაგმვას უბრძანებდა. რა საჭიროა ტანკები? ან ეს F-16 ტიპის გამანადგურებლები, რომლებიც ცაში უსაქმოდ დაფრინავენ? ჩამოყარონ ბომბები, როგორც ბრიტანელი და ამერიკელი პილოტები აყრიდნენ სერბებს, ერაყელებს და ავღანელებს. კონტროლი არ დაკარგოთ, თორემ მოლები ყელში გვწვდებიან. დასავლეთის უსაფრთხოება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ის მასების პასუხისმგებლობის ამარა არ უნდა დავტოვოთ.
ან ვაშინგტონს სხვაგვარად ჩარევაც შეუძლია. მუბარაქს უთხრას, რომ მან ყველა რესურსი ამოწურა და „რეჟიმის შეცვლის ორგანიზება მოახდინოს“. არ არის საჭირო აჯანყებულების იმედზე ყოფნა, რომელთაგან ნახევარი ალბათ ექსტრემისტია. ამერიკას შეუძლია ძალით მოიშოროს მუბარაქი, როგორც მოიშორა მულა ომარი და სადამ ჰუსეინი. დაანახოს ქაიროს რა არის შოკი და თრთოლვა. დემოკრატები და რესპუბლიკელები, ლეიბორისტები და კონსერვატორები მხარს უჭერდნენ ამ სტრატეგიას სხვა ადგილებში – მათ სწამდათ, რომ დასავლეთს აქვს უფლება და ვალდებულება გადაწყვიტოს ის, თუ როგორ უნდა განხორციელდეს რეჟიმების ცვლა მუსულმანურ ქვეყნებში. ის რაც კარგი იყო ავღანელებისა და ერაყელებისთვის, ეგვიპტელებსაც დაეხმარება, მეტიც, შეიძლება ირანელებს და პაკისტანელებსაც დაეხმაროს.
მსგავსი ჩარევა სიგიჟე იქნებოდა. დასავლეთი ერაყსა და ავღანეთში რომ არ ჩარეულიყო, ეჭვი არ მეპარება, რომ ამ დროისთვის ერაყი სადამისგან გათავისუფლების გზა გამონახავდა. ხალხი ან არმია გაააკეთებდა იმას, რასაც დღეს ტუნისელები და ეგვიპტელები აკეთებენ და ეს გაცილებით ნაკლებ სიცოცხლედ, არეულობად და ქაოსად დაჯდებოდა. რაც შეეხება ისლამაბადის კლიენტ თალიბებს, ისინი პაკისტანელებს დაემორჩილებოდნენ. ავღანელები კი საკუთარი თავის გარდა, საფრთხეს ვერავის შეუქმნიდნენ.
იმან, რასაც ისტორია მომავალში „11 სექტემბრის ომებს“ შეარქმევს, მოკლა იმაზე უსაზღვროდ მეტი ადამიანი, ვიდრე თავად 11 სექტემბერმა. ეს ომები დასავლელ გადასახადის გადამხდელებს მილიარდები დაუჯდა, რაც მსოფლიოში დაავადებების და შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლაზე შეიძლება დახარჯულიყო. ამერიკის და ბრიტანეთის მთავრობებმა იმ მიზეზებით, რომელიც რაღაც გაურკვეველი იმპერიული პარანოოის უკან იმალება, საფრთხე რომელსაც მათთვის მუსულმანური სამყარო წარმოადგენს, აფსურდულ მასშტაბებამდე გაზარდეს. მათ საკუთარი ნაპირებიდან ძალიან შორს წამოიწყეს ინტერვენციების, რეჟიმების შეცვლისა და სახელმწიფოებრივი მშენებლობების კამპანია. ეს კამპანია უაზრო და კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა და დაარღვია გაეროს ქარტია თვითგამორკვევის შესახებ. ეგვიპტე, ტუნისი, ირანი და პაკისტანი – ყველა ეს მუსულმანური სახელმწიფო თვითგამორკვევის აგონაშია. დასავლეთის ერთადერთი წვლილი მათი ორი მეზობლის – ერაყისა და ავღანეთის სისხლის მდინარეებსა და ქაოსში ჩაძირვაა. ეს ჩვენი კონტინენტი არ არის, ეს ჩვენი ქვეყნები არ არიან და ეს ყველაფერი ჩვენი საქმე არ არის. ჩვენ მათ თავი უნდა დავანებოთ. /foreignpress.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100