სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვალის დაფარვის ოცნებას მურთაზ ხურცილავას ივანიშვილი აუხდენს

კაცი ვერ გაიგებს, ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრობას აპირებს თუ ოლიმპიური კომიტეტის ჩემპიონობასო, ასე იხუმრეს “ფეისბუქზე“, როცა ცნობილი თუ ნაკლებადცნობილი სპორტსმენების მეოცნებეობა გახშირდა. რა თქმა უნდა, ივანიშვილი ამასაც სათავისოდ იყენებს, მაგრამ საინტერესო ის გახლავთ, თუ რატომ დასჩემდათ ასე სერიულად ცალკეულ სპორტსმენებს ოცნება - სინამდვილეში ხომ ისინი საკმაოდ პრაგმატულები არიან.

რამდენიმე დღის წინ “ქართულმა ოცნებამ“ სპეციალური განცხადება გაავრცელა, ბათუმიდან ამბაკო ავალიანი გაიტაცესო. ინფორმაციის თანახმად, ძიუდოისტი სამ პირს ჩაუსვამს მანქანაში და წაუყვანია. რა ჩემპიონი ეგაა, სამმა კაცმა თუ მანქანაში ძალით ჩასვაო, გაოცდა ვიღაცა, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ამბაკო ავალიანი უფრო გაოცდა, როცა მისი გატაცების ამბავი შეიტყო. გაოცება გაოცებად, მაგრამ ამ ისტორიის გაგრძელება უფრო საინტერესოა: “ქართული ოცნება“ და მისი მხარდამჭერები ამბაკო ავალიანს დღემდე უმტკიცებენ, გატაცებული იყავიო და არად აგდებენ მის განცხადებას - არავის გავუტაცებივარ, ლადო ვარძელაშვილთან მქონდა საუბარიო...

კიდევ ერთი სპორტსმენი, ნესტორ ხერგიანი რამდენიმე დღის წინ, სხვა სპორტსმენებთან ერთად ქართველ მილიარდერს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი კადრები მაშინვე გავრცელდა და ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე “ფეისბუქში“ დაიწერა, რომ სპორტსმენები (მათ შორის ხერგიანიც) “ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანდნენ. ამ მაბიდან ორი დღის შემდეგ ნესტორ ხერგიანი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში დასაქმდა. ბუნებრივია, ეს ინფორმაციაც გავრცელდა და მეოცნებეებთან გადაბარგებულმა ზვიად ზვიადაურმა კომენტარიც გააკეთა: “ნესტორმა მითხრა, რომ არც კოალიციაში და არც სხვაგან სადმე ყოფნა აღარ უნდოდა. როგორც შემდეგ გავიგე, მას სამსახური სამინისტროში დააწყებინეს, კონკრეტულად ვერ გეტყვით რა საქმით დაკავდა და რა ხელფასი დაუნიშნეს, მაგრამ ფაქტობრივად გადაიბირეს“.

აი, რკინისებური ლოგიკაც: თუ სპორტსმენი ხარ და ხელისუფლება შესაბამისი პროფილით დაგასაქმებს, თავი დასაქმებული ნუ გგონია - გადაბირებული ხარ. სამაგიეროდ, თუკი სპორტსმენი ხარ, სპორტი უკვე ყოფილი საქმიანობაა შენთვის, სამშენებლო ბიზნესით დაკავდები, მერე ხელი მოგეცარება და ბანკი მისგან აღებული სესხის დაბრუნებას გთხოვს, ეს აუცილებლად პოლიტიკური ზეწოლაა ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ არ უნდა შეშინდე, გამოსავალი აქაც არსებობს: რაც უნდა დიდი ვალი გქონდეს, გაიქეცი სოლოლაკის შუშის სასახლეში, შეეხე ლეგენდარეული მილიარდერის მარჯვენას ან, თუნდაც, მარცხენას (ცაციაა), ინტერვიუში თქვი, რომ ქართველი ხალხის ოცნების აღდგენას აპირებ და, მერე აბა, რა სახსენებელია შენი 8 მილიონიანი ვალი - თანაც, შენ ხელისუფლების დევნის გამო მიდიხარ იქ, თორემ შერნი ნებით კი არა...

ეს სტრატეგია ყველაზე უკეთ ყოფილმა სპორტსმენებმა გაითავისეს. ზვიადაურის “ოლიმპიურ ვარსკვლავთან“ დაკავშირებით რომ მობინადრეებმა პროტესტი გამოთქვეს, ზვიადაურმა მაშინვე განცხადება გააკეთა - ესენი ჩემი მოდავეები კი არა, “ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები არიანო... ჯერ ერთი, თუნდაც ასე იყოს, რატომ არ შეიძლება, მობინადრე ნაცმოძრაობის წევრი იყოს და, მეორეც, ზვიადაური, რომელიც იმ დღეს ოფისში არც ყოფილა, საინტერესოა, როგორ არჩევს, ვინ რომელი პარტიის აქტივისტია - იერით?

როცა ზოგმა სხვა, სახელოვანი წარსულის, მაგრამ ბიზნესში ხელმოცარული აწმყოს “მფლობელმა“ სპორტსმენმა დაინახა, რომ ზვიადაურის ოცნებას ახდენა ნამდვილად უწერია და ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა, მილიარდერის ფეშქაშით ყველა ვალი გაისტუმროს, თვითონაც გაეხსნათ მადა. მილიარდერს ამჯერად წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი მურთაზ ხურცილავა ეახლა.

მურთაზ ხურცილავასაც ბანკის ვალი აქვს და ეს ვალი მძიმედ აწევს. გადავხედოთ მის ბიზნეს-ისტორიას:
“პრაიმტაიმის“ ცნობით, მურთაზ ხურცილავამ ჯერ კიდევ 2001 წელს დაარეგისტრირა “მურთაზ ხურცილავას სახელობის ბავშვთა საერთაშორისო საფეხბურთო სკოლა“. 2001 წლის ოქტომბერში, ედუარდ შევარდნაძის პირადი ბრძანებულებით, საწარმოს საშუალება მიეცა, პირდაპირი განკარგვის წესით შეეძინა 4 ჰექტარი მიწის ფართობი გლდანში, სპორუტლი კომპლექსის აშენების მიზნით.საკუთრების მოპოვებისთვის აუცილებელი 193 ათას 759 ლარი საწარმომ მხოლოდ 2005 წელს გადაიხადა.

მერე სპორტკომპლექსი ჭკუაში აღარ დაუჯდათ და მიწის ნაკვეთზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობა წამოიწყეს, სახელიც გადაარქვეს და “ჩემპიონი 2004“ დაარქვეს. ბანკ “რესპუბლიკასგან“ საწარმომ მიიღო სესხი 5 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით. სესხის დაფარვა დროზე ვერ შეძლეს და, საბოლოო ჯამში, საწარმოს ბანკ “რესპუბლიკის“ 8 მილიონ აშშ დოლარამდე ვალი აქვს. ამასთან, უშუალოდ მურთაზ ხურცილავას 800 ათას ლარსა და საბუთების გაყალბებაშიც ედავებიან.

შპს “ცქიფას“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მას 530 ლარი მოატანინეს საწარმოს საქმიანობისთვის, ეს ვალი კი ახლა 800 ათას ლარამდეა გაზრდილი. შალვა დევდარიანის განცხადებით, მურთაზ ხურცილავამ ამ თანხის სანაცვლოდ თითქოსდა 5%-იანი წილი აჩუქა, მაგრამ სინამდვილეში ამ წილით გათვალისწინებულ ფართს ვერ იყენებს, რადგან “ჩემპიონი 2004“-ის მთელი ქონება, დავალიანების გამო, ბანკმა წაიღო.

მისივე თქმით, ხელთ აქვს საწყისი თანხის - 530 ათასი ლარის დამფუძნებლებისთვის გადაცემის დამადასტურებელი, იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერს ყველა დამფუძნებელი. “ამასთან, ამ დოკუმენტს თავისი შვილების ნაცვლად, თვითონ მურთაზ ხურცილავამ მოაწერა ხელი, რაც კანონდარღვევაა“, ამბობს დევდარიანი და პროკურატურაში განცხადების შეტანას გეგმავს.

საინტერესოა, იცის თუ არა ივანიშვილმა, რა ხდება მის გარემოცვაში, ანუ ვინ რისთვის უჭერს მხარს. სავარაუდოდ, იცის და ისიც კარგად აქვს გააზრებული, რომ პოლიტიკური პარტნიორების დავალიანების გადახდა მოუწევს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ხელი ხელს ბანს, ორივე ერთად კი - პირს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100