"მაესტროში" გამაგრებული კიწმარიშვილი შენობაში თანამშრომლებს არ უშვებს და გამოსვლას არ აპირებს
ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებლები და თანამშრომლები ტელევიზიის შენობაში შესვლას და მუშაობის დაწყებას ვერ ახერხებენ . როგორც"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ნუცუბიძის ქუჩაზე "მაესტროს" დამფუძნებლები, წამყვანები, პროდიუსერები, ჟურნალისტები და ოპერატორები იმყოფებიან. ისინი შენობაში ვერ შედიან, რადგან იქ ეროსი კიწმარიშვილი უცნობ პირთან ერთად იმყოფება და თანამშრომლებს მუშაობის დაწყების საშუალებას არ აძლევს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ტელეკომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ღლონტმა განუცხადა, ეროსი კიწმარიშვილი ტელევიზიასთან უცნობ პირთან ერთად 07:15 საათზე მივიდა, ისინი ღობეზე გადაძვრნენ და მას შემდეგ სამსახურში მისულ თანამშრომლებს ოფისში შესვლის საშუალება არ მისცეს. აღნიშნული ფაქტის გამო ტელეკომპანიის თანამშრომლებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
სამართალდამაცვები ვითარების გასარკვევად "მაესტროს" ოფისში არიან შესული. "მაესტროს" თანამშრომლებთან ერთად იმყოფება სოზარ სუბარი.
ტელეკომპანია "მაესტროს" მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, ეროსი კიწმარიშვილი ტელეკომპანია "მაესტროს" დატოვებას არ აპირებს . "ჩვენ ვართ "მაესტროში" და "მაესტრო" გააგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც ამას აქამდე აკეთებდა და იქნება თავისუფალი პრესის ციტადელი საქართველოში", – განუცხადა "ინტერპრესნიუსს" კიწმარიშვილმა.
მისივე თქმით, ის ტელეკომპანიაში დღეს, 07:30 საათზე მივიდა, თუმცა "მაესტროს" თანამშრომელმა პატრული გამოიძახა.
"მე მოვედი, როგორც მედიის მართვის კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც მართავს "მაესტროს", მოვედით ჩვენს მართვის ქვეშ არსებულ კომპანიაში. კომპანიაში დაგვხვდა ადამიანი, რომელმაც გამოუძახა პატრულს, არ მოგვცა კომპანიაში შესვლის საშუალება. პოლიციას შეატყობინა ვინმე ილია კიკაბიძემ, რომელიც გუშინდელი ბრძანებით მართვის კომპანიის მიერ თანამდებობიდან არის გათავისუფლებული. ამ დროისთვის პატრული და ეს ადამიანი ახორციელებენ საპროცესო მოქმედებას", – განაცხადა კიწმარიშვილმა.
მისივე თქმით, ის აგრძელებს მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის საქმიანობას და ამ წუთში მას ამაში ხელს უშლიან "მაესტროს" დამფუძნებლები, რადგან, კიწმარიშვილის თქმით, ისინი არ აძლევენ საშუალებას ჟურნალისტებს და თანამშრომლებს, მათი კუთვნილი ტერიტორია დაიკავონ.
გუშინ ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა ეროსი კიწმარიშვილი სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაში დაადანაშაულეს. ამ დროისთვის "მაესტროს" მაუწყებლობა შეჩერებულია.
მამუკა ღლონტი აცხადებს, რომ "ეროსი კიწმარიშვილმა მოხსნა", მაგრამ "მაესტროს დამფუძნებელი ამბობს, რომ ამის უფლება მას არ ჰქონდა. "არც კი ვიცი, საიდან მომხსნა", – ამბობს ღლონტი.
ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერი ამ დროისთვის კვალვ გათიშულია.
მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალებზე დაყრდნობით.
კომენტარი