სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის გენშტაბის განცხადების ფონზე ედპ რუსეთისგან დისტანცირების აუცილებლობას ხედავს

გუშინ ქართულ მედიაში გამოჩნდა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელის ნიკოლოზ მაკაროვის საკმაოდ სახიფათო განცხადება.

კერძოდ ის აღნიშნავს: „მაშინ როდესაც რუსეთის საზღვრის მთელს პერიმეტრზე აღინიშნება რეგიონული კონფლიქტები, ახლა არის მცდელობები, საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შეითრიონ. თუ შევხედავთ იმას, რაც ხდება ჩვენს საზღვრებზე, ნათელია, რომ ლოკალურ კონფლიქტებში რუსეთის ჩათრევის რისკი მკვეთრად იზრდება. გარკვეულ პირობებში ლოკალური და რეგიონული კონფლიქტები შესაძლოა, ბირთვული იარაღის მასიურ გამოყენებაში გადაიზარდოს".

ეს განცხადება გახლავთ გამოწვევა როგორც საქართველოსთვის, ასევე ნატოსთვისაც.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს განცხადება დროში შეგნებულად ემთხვევა ნატოს დელეგაციისა და მისი გენ. მდივნის რასმუსენის ვიზიტს საქართველოში, როცა, მიუხედავად რიგი ქართველი სკეპტიკოსების მოსაზრებისა ნატოს უპერსპექტივობის თაობაზე, ნატომ ცალსახად განაცხადა, რომ საქართველო კიდევ უფრო ახლოსაა ნატოსთან, აქვე უნდა გავითვალისწინოთ მოახლოებული ჩიკაგოს სამიტი და ასევე გუშინ ევროპარლამენტის მიერ რუსეთის ოკუპანტ ქვეყნად გამოცხადების რეზოლუცია. რუსეთი, დასაველთის მხრიდან საქართველოს მიმართულებით ყოველ პოზიტიურ გააქტიურებას, პასუხობს მსგავსი შანტაჟით და მუქარით, და ამასთან ერთად, საქართელოს შიგნით თავისი დასაყრდენის გააქტიურებით.

აქედან გამომდინარე,ეროვნულ-დემოკრატებს კიდევ ერთხელ გვინდა დავაფიქსიროთ, რომ რაც არ უნდა დიდი სურვილი გვქონდეს ჩრდილოელ მეზობელთან კარგი ურთიერთობების არსებობისა, დღევანდელი რუსეთის პოლიტ. ელიტის პირობებში, რასაც სხვათა შორის გარკვევით ადასტურებს კონდოლიზა რაისიც, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ყველაზე სწორი მიმართულება იქნება დისტანცირება რუსეთისგან და დემოკრატიული რეფორმების გზით დასაველთისკენ კიდევ უფრო აქტიური სწრაფვა.

მივმართავთ საქართელოს ხელისუფლებას, ნუ დაიკმაყოფილებენ თავს მხოლოდ იმ პოზიტიური შეფასებებით, რომელსაც დასაველეთი აკეთებს ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ. მთავარი გამოცდა წინ გველის და ეს არის სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რომელიც იქნება მთავარი ბერკეტი რუსული ბარიერის დასაძლევად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100