სიპი მედიაკონკურსს აცხადებს
"მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და მათი გავლენა ქართული ეკონომიკის განვითარებაზე "
გალერეა "ბეთ ჰაიმში" არასამთავრობო ორგანიზაციამ "საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა" (სიპი) გამოაცხადა მედია კონკურსი თემაზე "მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და მათი გავლენა ქართული ეკონომიკის განვითარებაზე".
კონკურსით სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები და ბლოგერები დაინტერესდნენ, რომლებმაც ჟიურის წევრებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს საკონკურსო პირობებისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ.
კონკურსის მიზანია მივაწოდოთ საქართველოს მოსახლეობას ამომწურავი და მიუკერძოებელი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ და ქართული ეკონომიკის პერსპექტივებზე, რაც აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად წარმოიშვება.
მედია კონკურსი გამოავლენს მთავარ თემაზე მომზადებულ საუკეთესო მედიაპროდუქციას (საგაზეთო სტატია, ინტერნეტ პუბლიკაცია, ბლოგი, ტელე-რადიო სიუჟეტი, მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი და ა.შ)
კონკურსის დასრულების შემდეგ გამოვლინდება 6 გამარჯვებული 3 სხვადასხვა კატეგორიაში.
I პრემია – 800 ლარი (1 ადგილი)
II პრემია – 500 ლარი (2 ადგილი)
III პრემია – 200 ლარი (3 ადგილი)
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში მომუშავე ყველა ჟურნალისტს.
დაინტერესებულმა პირებმა 2014 წლის 14 თებერვლამდე უნდა წარმოადგინონ მედიასაშუალებაში უკვე გამოქვეყნებული საკუთარი ნამუშევრების ასლები ელექტრონულ ფოსტაზე [email protected].
გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება 2014 წლის 21 თებერვალს.
კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს და მის ობიექტურად ჩატარებას უზრუნველყოფს შემდეგი წევრებისაგან შემდგარი კომპეტენტური ჟიური:
ლევან კალანდაძე- სიპის თავჯდომარე, ეკონომიკის ექსპერტი
ირაკლი ლექვინაძე - ეკონომიკის ექსპერტი
ია მამალაძე - მედია სახლ "გურია ნიუსის" დირექტორი
კონკურსის დროს წარმოდგენილი მასალების განხილვისას, ჟიურის წევრები იხელმძღვანელებენ შემდეგი სახის კრიტერიუმებით:
• ჟურნალისტური ოსტატობა;
• გამოქვეყნების სიხშირე;
• კონკურსის თემასთან შესაბამისობა;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ უკვე გამოქვეყნებული მასალების ასლები, ან აუდიო და ვიდეო ჩანაწერები მოგვაწოდოთ [email protected], ტელ. 595 33 05 33,
საკონტაქტო პირი: თეონა ხმელევსკი.
კომენტარი