კონგრესის მოთხოვნებს „ქართული ოცნება“ ვერ შეასრულებს - მმართველი გუნდი ბრალდებას არ აღიარებს
ამერიკის კონგრესის მოთხოვნას, საქართველოს შეუჩერდეს დახმარების 15%, სანამ არ შემცირდება კორუფცია და არ იქნება დაცული უცხოური ინვესტიციები, „ლელო საქართველოთვის“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ეხმაურება. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის რეპუტაცია შეარყია, რაც ამერიკის კონგრესის მოთხოვნაშიც ხაზგასმით ჩანს.
„სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ ქვეყნის რეპუტაცია ისე შეარყია, რომ ქვეყანა საფრთხის წინაშე დააყენა, ვეღარ მივიღოთ აშშ-სგან იმ ოდენობის დახმარება, რაც სასიცოცხლოდ სჭირდება ჩვენ ქვეყანას.
თუკი დღევანდელი ხელისუფლება გააგრძელებს იმ სტილში საქმიანობას, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ახორციელებს, სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით. ამერიკა ხედავს, რომ საქართველოში ხდება დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევა, კორუფციის საშიში მასშტაბებით გაზრდა, კერძო ინვესტიციების ხელყოფა და უცხოელი ინვესტორების ქვეყნიდან გაძევება. ამის ნათელი მაგალითი კი ანაკლიის პორტია. ხელისუფლების მხრიდან ამის აღიარების მოლოდინი კი, რა თქმა უნდა, არ გვაქვს,“-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
„ლელოს“ ლიდერის თქმით, აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატა საქართველოს მთავრობისგან ხაზგასმით მოითხოვს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას, კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ შესაბამისუ ქმედებების გატარებას, კანონისა და ბიზნესის შევიწროებისგან დაცვას, რომლის მართვას და განხორციელებას მხოლოდ პასუხისმგებლიანი ხელისუფლების მხრიდან უნდა ველოდოთ.
კომენტარი