სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მთავარია, რაღაც გწამდეს, პირჯვარს ეშმაც იწერს ხოლმე..."

ეკლესიის მამებთან ერთ ასეთ ეპიზოდს შეხვდებით: რამდენიმე საუკუნის წინ, ევროპაში ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარმა გადაწყვიტა, მონასტრის გარშემო დასახლებული ქრისტიანები კიდევ უფრო მეტად გაენათლებინა. რადგან მონასტერი კუნძულებით იყო გარშემორტყმული, მან ბერებთან ერთად ნავში ჩააწყო შესაბამისი ლიტერატურა და კუნძულებზე ვიზიტი დაიწყო: ხვდებოდა მოსახლეობას, ურიგებდა ლიტერატურას, ქადაგებდა და ასწავლიდა მათ, დილით, შუადღეს და საღამოს რომელი ლოცვები უნდა წაეკითხათ. მოსახლეობა მადლიერი ღიმილით იღებდა რჩევებს. ბოლოს წინამძღვარი ერთ კუნძულს მიადგა. მან უკვე იცოდა, რომ ამ კუნძულზე მხოლოდ ერთადერთი ადამიანი ცხოვრობდა და უკვე ოცი წელი იყო გასული, რაც ის განდეგილი გახლდათ.

წინამძღვარი ბერებთან ერთად ნაპირზე გადავიდა და განდეგილის სამყოფელს მიადგა. განდეგილი გაახარა მათმა სტუმრობამ: მოუსმინა, ლიტერატურაც ჩამოართვა, შეძლებისდაგვარად გაუმასპინძლდა და გაისტუმრა კიდეც.

ვალმოხდილი წინამძღვარი და ბერები ნაპირიდან კარგა მოშორებით მიცურავდნენ, როცა ძახილი შემოესმათ. მოიხედეს და დაინახეს, რომ კუნძულის ბინადარი განდეგილი წყლის ზედაპირზე გამორბოდა, თან ფურცლებს მოაფრიალებდა. გაოცებულმა ბერებმა ნიჩბების მოსმა შეწყვიტეს და განდეგილს მიაჩერდნენ, რომელიც ნავამდე დარჩენილი მანძილის გარბენის შემდეგ წყლის ზედაპირზევე ჩაუძირავად შეჩერდა, ნავზე გადაუსვლელად გაუწოდა წინამძღვარს ფურცლები და ჰკითხა: "მამაო, ამის შემდეგ ეს ლოცვა უნდა წავიკითხო? მგონი, ამერია..."

"ამდენ ხანს როგორ ლოცულობდი, შვილო ჩემო?" - ჰკითხა გაოგნებულმა წინამძღვარმა.

"აქამდე დილა-საღამოს მხოლოდ ასე ვამბობდი: "უფალო, შემიწყალე!" და პირჯვარს ვიწერდი", - დარცხვენით უთხრა განდეგილმა. ყველაფერს მიმხვდარმა წინამძღვარმა კი ფურცლები გამოართვა, ნავში ჩადო, განდეგილს პირჯვარი გადასახა და უთხრა: "წადი, შვილო ჩემო, წადი, და ასევე გააგრძელე..."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100