სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი : „Одноклассники“ ФСБ–ს დაკვეთით შეიქმნა

საქართველოს პრეზიდენტმა კახეთში ვიზიტის დროს, სხვა საკითხებთან ერთად, მოსწავლეებთან სოციალურ მედიაზეც ისაუბრა.

"მთავარი, რაც ჩვენ უნდა ვისწავლოთ ისაა, რომ ვიყოთ ძალიან აქტიური კიბერსივრცესა და სოციალურ მედიაში, რადგან დღეს ცოდნას შევიძენთ იქ.

ბოლო წლების მიღწევები, ახალი აღმოჩენები არ ყოფილა. სტივ ჯობსისა და მარკ ცუკერბერგის მსგავსი ადამიანები დასხდნენ და მსოფლიოში დაგროვილი ცოდნა გააანალიზეს. ამ ინფორმაციის დიდი ნაწილი 50-იან, 60-იან, 70-იან წლებში შეიქმნა, მათ შორის, სამხედრო ტექნოლოგიების ბაზაზე წარმოჩინდა. მათ ეს ინფორმაცია გადაამუშავეს, სისტემურად დაალაგეს და თავიანთთვის სასურველი პროდუქტი გამოიყვანეს. მგონი, ქართველებს ეს გვეხერხება და ამ სახის ინოვაცია უნდა შევქმნათ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველები აქტიურად იყვნენ ჩართული სოციალურ მედიაში. დღევანდელი იდეოლოგიური ბრძოლა სწორედ სოციალურ მედიაში მიმდინარეობს.

მაგალითად საიტი „Одноклассники“ შეიქმნა „ФСБ“- დაკვეთით და გათვლილი იყო იმაზე, რომ მათ სცოდნოდათ, თუ რა კლიშეები მოქმედებდა პოსტ-საბჭოთა სივრცეში მცხოვრებ ადამიანებში, რა მოახდენდა მათზე ზეგავლენას. მათ სურდათ მაქსიმალური ინფორმაცია მიეღოთ იმის შესახებ, თუ რა ხდება ყოფილი საბჭოეთის რესპუბლიკებში.

სხვათა შორის, თავდაპირველად, ეს საიტი საქართველოშიც ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ შემდეგ „facebook“-მა ბოლომდე დაჯაბნა, რადგანაც მენტალიტეტით აღარ ვართ პოსტ-საბჭოთა ქვეყანა - ჩემთვის ეს არის ყველაზე უტყუარი ნიშანი.", – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100