სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასეა, როცა კაცები მიდიან...

კარგად უნდა ვიყოთ, გოგო
.........................
ზოგჯერ წარმოვიდგენ, როგორ ნადირობს ჩემზე
კაცი, რომელიც მიყვარს.
ნადირობა იქნება შემოდგომაზე,
მდინარის ნაპირას, თენებისას, ჭალაში.
შემთხვევის ადგილზე იქნებიან ქვები, ხეები და ჩიტები.
კაცი დადგება სახით აღმოსავლეთისკენ,
შემომხედავს და თოფს მხარზე მიიბჯენს.
თოფის ლულიდან გამოფრინდებიან ყვავები.
მე ვიდგები მდინარისკენ ზურგით,
ხელებჩამოშვებული.
თვალებს არ დავხუჭავ.
კაცი დაიწყებს სროლას და რიგრიგობით მოვლენ ხეები,
გადამეფარებიან.
რიგრიგობით დაეცემიან მიწაზე.
- მიყვარხარ, – მეტყვის და მესვრის,
- მიყვარხარ, – მეტყვის და მოკვდება კიდევ ერთი ხე.
მზის ამოსვლისთვის ყველა ხე მოკვდება.
მზე ამოვა მდინარიდან, მზე ამოვა ჩემი ზურგიდან.
აფრინდებიან ფასკუნჯები თოფის ლულიდან.
მესვრის.
ვერ მოვასწრებ ხელების გაშლას, დავეცემი.
ხეებს არ დასცვივდებათ ფოთლები სიკვდილისას,
ფოთლები დამცვივდება მე.
მიწა იქნება ხავსიანი და სველი, ხეების სისხლით გაჟღენთილი.
კაცი მოვა და დამხედავს და თოფს გაიდებს მხარზე.
თოფის ლულიდან აფრინდებიან ჩემი სისხლიანი ფოთლები.
მოფრინდებიან ფასკუნჯები
და ღია ტუჩებზე დამაფარებენ ფრთებს.
მიწაზე გაწოლილი მკვდარი ხეები გამოაცოცებენ ტოტებს.
- კარგად უნდა ვიყოთ, გოგო, – მეტყვიან ხეები.
კაცი წავა და აფრინდებიან მისი ზურგიდან
ჩემი თვალები.
ასეა, გოგო.
ასეა. როცა ისინი მიდიან,
მინდორი სავსეა მკვდარი ხეებით და ჩვენი ხელებით,
მათი წასვლისას რომ ვერ გავშალეთ.
ასეა. როცა ისინი მიდიან,
გვირჩევნია, არ დაგვიტოვონ სიტყვები -
სიჩუმეს უფრო ვიმახსოვრებთ.
გვირჩევნია, არ დაგვიტოვონ თვალები -
ჩვენ მაინც ზურგებს ვიმახსოვრებთ.
და ნუ ექნებათ ჩვენთვის ყვავილები,
ჩვენ თოფებს ვიმახსოვრებთ
და თოფის ლულებიდან აფრენილ ყვავებს.
ასეა, გოგო. მთავარია, თოფის ხმა არავინ გაიგონოს.
და მათი წასვლის შემდეგ
ჩვენ ვდგებით მიწიდან
და შემოდგომას ვასეირნებთ ქუჩებში.
ამოგვყავს მზე მდინარიდან და ჩვენი ზურგები,
ხელდაუწყობელი ზურგები ამოგვყავს მდინარიდან.
ვიყურებით ცარიელ ცაში,
ვეძახით ფასკუნჯებს
და საკუთარ გაცვეთილ ფრთებს ვიფარებთ ტუჩებზე:
არავინ გაიგონოს, გოგო.
არავინ გაიგონოს, გოგო, მაგრამ შენ ეს უნდა იცოდე:
ყოველთვის, როცა შემოდგომა დგება,
ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ვიღაც დადის
და ხეებს ხოცავს სანადირო თოფით.
ყველა ხის უკან მე ვდგავარ და ვკვდები.
- კარგად უნდა ვიყოთ, გოგო, – ამბობენ ხეები სიკვდილისას.
- კარგად უნდა ვიყოთ, გოგო, – ვამბობ მე ყველა სიკვდილისას.
ხომ გესმის, გოგო,
ამას ისე ვამბობ,
თითქოს ტუჩებზე ანგელოზები მაფარებდნენ ფრთებს.
კარგად უნდა ვიყოთ, გოგო,
კარგად უნდა ვიყოთ, რადგან
ხეებს არ სცვივათ ფოთლები სიკვდილისას,
ფოთლები გვცვივა ჩვენ.

ლია ლიქოკელი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100