სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას სთავაზობს ჰილარი კლინტონი საქართველოს?

კასპია-სპარსეთის ყურის რეგიონს სოლიდური მოცულობის შტორმი უახლოვდება. უკანასკნელ პერიოდში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, აშშ-მა და ისრაელმა, შესაძლოა, საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიის გამოყენებით, ირანზე თავდასხმა განახორციელონ.
ინფორმაციას საფუძვლად დაედო სხვადასხვა არხებით გამოჟონილი, ბურუსით მოცული ცნობები იმის შესახებ, რომ აშშ-ისა და ისრაელის ძალები ირანის ბირთვულ ობიექტებზე წერტილოვანი დარტყმების განხორციელებას გეგმავენ. ფაქტია, რომ რეგიონში ატმოსფერულთან ერთად პოლიტიკურმა ტემპერატურამაც მნიშვნელოვნად მოიმატა. როგორც ჩანს, შემთხვევითი არ არის ის, რომ ეს მოვლენები მედვედევის აშშ-ში ვიზიტის შემდგომ პერიოდს დაემთხვა.

რა წილი ექნება ჩვენს ქვეყანას ამ პროცესებში, ამჯერად ძნელი სათქმელია. მარტივი გეოგრაფიული პრინციპის მიხედვით, ირანისკენ მიმავალ ბომბდამშენებს საქართველოს თავზე მოსახვედრად, ჯერ თურქული ცის გადალახვა მოუწევთ. დათანხმდება თუ არა თურქეთი ამ პროცესებში მონაწილეობას, მითუმეტეს „მშვიდობის ფლოტილიის“ სკანდალის შემდეგ, ეს ჯერ არავინ იცის.

მსოფლიოს გეოპოლიტიკოს-ექსპერტები განვითარებულმა მოვლენებმა ცოტა დააბნია. ბუშის ხისტი პოლიტიკის შემდეგ ობამას „პაციფიზმით გაჯერებულმა კურსმა“ ის წარმოდგენა შექმნა, რომ ჩვენს რეგიონში საომარ ესკალაციას ახლო მომავალში თითქოს აღარავინ ელის.
„გაშავგვრემანებული“ თეთრი სახლის ახალი სტრატეგია ირანთან მიმართებაში „ციხის შიგნიდან გატეხვის“ პრინციპს ემყარებოდა: ისლამური რეჟიმის დამხობისაკენ წაქეზება თავად ირანელების მიერ. ამ ჩანაფიქრმა გაამართლა და წინა არჩევნებისას კინაღამ შეიწირა კიდეც ისლამური რევოლუცია თავისი მონაპოვრებით.
ზოგადად კი, აშშ-ის ასეთი პოლიტიკა არა მხოლოდ დასავლეთის მიმართულებას აძლევს ხელს. ირანის გაძლიერება არც მათი „მეგობარი“ რუსეთის ინტერესებში შედის, რომელიც ბოლო ხანს სტრატეგიულ პარტნიორს რაღაც საეჭვო მახეებს უგებს ზურგს უკან. ეს რუსეთის „სტილია“ და არავის უკვირს.
ამით აიხსნება ალბათ ისიც, რომ ირანმა რუსეთის აზრს დიდი ყურადღება აღარ მიაქცია და მის პატარა მოწინააღმდეგესთან – საქართველოსთან, ბოლო დროს ურთიერთობები მნიშვნელოვნად შეცვალა.

ზოგადად კი, დღევანდელი გადასახედიდან, თუკი გავითვალისწინებთ სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორებს, თვალსაჩინო გახდება, რომ სრულიად რეალურია ირანის მოწინააღმდეგეთა შიშები: იმ შემთხვევაში, თუ ირანი იქცევა ბირთვულ სახელმწიფოდ, უფრო თამამი გახდება საკუთარი გეოპოლიტიკური ამბიციების განხორციელებაში, შესაბამისად, მეტი მანევრირების და შანტაჟის საშუალებები მიეცემა.
საინტერესოა, რომ ჩვენს რეგიონში ჰილარი კლინტონის ვიზიტი დაიწყო და სულ მალე გამოჩნდება, რა სურს აშშ-ს ჩვენს ირგვლივ მდებარე ტერიტორიიდან. როგორც ირკვევა, თეთრი სახლის მაღალჩინოსანს საქართველოსთვის ფრიად საინტერესო წინადადებები და მოსაზრებები ჩამოაქვს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებითაც. წაიღებს თუ არა რუსეთი უკან საკუთარ აღიარებებს საქართველოს ჩვენს ორ რეგიონთან მიმართებაში, ეს სწორედ ვიზიტის შემდგომ გაირკვევა. მაგრამ ეს ლოკალური საკითხებია, რომელიც მთლიანად ამ არეულ გლობალურ სქემაში ჯდება. მანამდე არ ვიცით, ჩაატარებს თუ არა რაიმე ოპერაციას ისრაელი და აშშ-ი, რამდენად ხელსაყრელია აშშ-ისთვის მესამე ფრონტის გახსნა. თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში ბოლო ხანს გამოთქმულ მოსაზრებებს გავიხსენებთ, არის შანსი, რომ, შესაძლოა, ირანის სტრატეგიული ობიექტები გახდეს აშშ-ისრაელის დუეტის სამიზნე.
ამასობაში მთლიანად შეიცვალა ევროპის ქცევა: საფრანგეთი, რომელიც თავის დროზე ანტისაომარ გამოსვლებს ედგა სათავეში ერაყთან დაკავშირებით, ახლა, რომც არავინ შეეკითხოს, თავად გამოდის ირანზე თავდასხმის მომხრედ. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, საფრანგეთის გარკვეული ეკონომიკური ინტერესებია. მოკლედ, ნახევარ მსოფლიოს აძლევს ხელს ამ ომის დაწყება.
თუ გავრცელებულ ინფორმაციებს დავუჯერებთ და სისტემაში მოვიყვანთ, ისე გამოდის, რომ კავკასიაში ეპიცენტრში ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანია, საქართველო კი შედარებით დაბალანსებულ დამოკიდებულებას ინარჩუნებს.
ასეთი მიდგომა ჩვენი ქვეყნისათვის ფრიად რენტაბელურია, მაგრამ კლინტონის მიერ ჩამოტანილმა „მესიჯებმა“ შეიძლება გარკვეული მიდგომები შეცვალოს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ აშშ-ს ირანზე თავდასასხმელად ისეთი მრავალფეროვანი მანევრირების საშუალებები აქვს, რომ პლაცდარმად საქართველოს ტერიტორიის გამოყენება მისთვის სასიცოცხლო აუცილებლობას არ წარმოადგენს.
ამასობაში ილჰამ ალიევი რადიკალური განცხადებითაც გამოდის: ჩვენ ვალდებულები ვართ გავათავისუფლოთ მშობლიური მიწები ოკუპანტებისაგანო. „მშობლიურ მიწებში“ კი მხოლოდ ყარაბაღი იგულისხმება, თუ ირანის აზერბაიჯანიც, გაურკვეველია. მოკლედ, ჩვენს სამეზობლოში დიდი ქაოსი და არეულობებია მოსალოდნელი. ამ სიტუაციაში კი საქართველოს დიდი სიფრთხილე მართებს, რათა არ წამოეგოს შემოგდებულ პროვოკაციებს, რომელთა „გამრავალფეროვნება“ და მომატება აუცილებლად მოხდება სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100