სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტი ბაზარში, „ზავოდობა“ მეზობლებთან და სამლიტრიანიდან ჩამოსხმული ჭაჭა (ფოტო+ვიდეო)

თელავის ბაზარში პრეზიდენტმა დღეს დაგეგმილი „ზავოდობისთვის“ პროდუქტების შესაძენად შეიარა, მაგრამ იქ გათვალისწინებულზე მეტხანს დაჰყო: მიხეილ სააკაშვილთან გასაუბრება უკლებლივ ყველას სურდა და თითქმის ყველამ მოახერხა, რა თქმა უნდა, ბავშვებმაც: ზოგს სათხოვარი ჰქონდა, ზოგმა, უბრალოდ, მოიკითხა და წარმატებები უსურვა, ერთმა კახელმა დედაკაცმა კი მის გამოჩენაზე გულწრფელად გაიკვირვა - ამას რას მოვესწარიო...

მიხეილს სააკაშვილმა ყველი, ხორცი და სხვა პროდუქტები თვითონ შეარჩია და იყიდა. როცა მისი კალათა უკვე საკმაოდ შეივსო და გასვლას აპირებდა, პრეზიდენტს ერთი ქალი მიუახლოვდა, კალათაში ჩურჩხელები ჩაუდო და სთხოვა, პატარა ნიკოლოზისთვის მისი სახელით გადაეცა.

ბაზრიდან პრეზიდენტი ახლადშეძენილი სახლისკენ გაემართა და „ზავოდობაზე“ მიპატიჟებული მეზობლები სათითაოდ გადაკოცნა, მერე ახალ სახლში შეიყვანა, მარანიც დაათვალიერებინა და იკითხა: „რას იტყვით, ხომ არის კახურად მოწყობილი?“ რაც კახელებმა ალალად დაუდასტურეს. მიხეილ სააკაშვილმა მეზობლებს ის კუთხეც უჩვენა, სადაც მონაკოს პრინცთან ერთად ღვინო დაწურა.

პრეზიდენტი რეგიონის განვითარებაზე საუბარსაც ასწრებდა და გლეხების გამოკითხვასაც. საუბარი რომ უშუალო იყო, კადრებშიც კარგად ჩანდა. „მონაკოს პრინცმა თქვა, სად არ ვყოფილვარ, რანაირი ღვინო არ დამილევია, მაგრამ ყველაზე საუკეთესო ღვინო ჩემს ცხოვრებაში კახეთში დავლიეო. რა დაალევინეთ ამისთანა?“ - იკითხა მიხეილ სააკაშვილმა და ამ კითხვამ საყოველთაო მხიარულება გამოიწვია.

პრეზიდენტმა მეზობლების სუფრასთან მიიწვია, მანამდე კი სამლიტრიანი ქილიდან სწორედ „ზავოდობის“ შესაფერისად, ცალკე ჭურჭლის გარეშე ჩამოასხა თლილ ჭიქებში „ჭაჭა“ და სტუმრებს მისი დაჭაშნიკება სთხოვა. საუბარი და სასმელის დაჭაშნიკება ეზოში გაშლილ სუფრასთან გაგრძელდა. კახელებმა პრეზიდენტს სიმბოლური საჩუქარი - კახური ქუდი უსახსოვრეს და იგი საჩუქრის ადრესატს თამადამ თავადვე მოარგო თავზე, თან თხოვნაც მოაყოლა - არ მოიშოროთო, რაზეც პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა და დაამატა: „სულ მეგონა, რომ კახელი ვიყავი, ახლა კი ნამდვილად ვარ“.

ფოტოები ჩამოტვირთულია "ფეისბუქში" საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური გვერდიდან

ბმული ვიდეოზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100