„ბატონო მარგველაშვილო თქვენ ვალდებული ხართ, რომ...“ - ღია წერილი პრეზიდენტს
ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს
ბატონო პრეზიდენტო:
საქართველოში გრძელდება პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენების არასასურველი მიმართულებით განვითარება, რომელიც ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია და რამაც უახლოეს მომავალში შეიძლება დესტაბილიზაცია და ანარქია გამოიწვიოს. ქვეყნის თავისუფლებას საფრთხე დაემუქროს.
ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე მოგმართოთ თქვენ ღია წერილით, სადაც მოკლედ შევეხები ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობას და ჩემეულ ხედვას მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად გასატარებელ პრევენციულ ღონისძიებებზე.
დღეს ლაპარაკი არ არის იმაზე თუ რა პოზიციები და ფუნქციები დარჩა პრეზიდენტის მმართველობის სფეროში – თქვენ ითვლებით სახელმწიფოს მეთაურად, უმაღლეს მთავარსარდლად და ამ კრიტიკულ მდგომარეობაში ვალდებული ხართ იზრუნოთ ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაზე, საერთოდ ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ქვეყანაში დღეს თქვენ ხართ ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, დანარჩენი როგორც მთავრობა, ისე პარლამენტის უმრავლესობა შერჩეული და დანიშნულია ბიძინა ივანიშვილის მიერ. ივანიშვილი კი, როგორც თვითონ აცხადებს, წასულია.
მინდა დავიწყო იმით, რომ საქართველოს როლი და მისი გეოგრაფიული მდებარეობა ევროპა–აზიის გზა–გასაყარზე, განსაკუთრებით მაშინ მოექცა მსოფლიოს დიდი მოთამაშეების ყურადღების ცენტრში, როცა მსოფლიოში ენერგო–რესურსების მოხმარება გაიზარდა და მისი გადანაწილება გახდა საჭირო. ვერ ვეტყვით რომ ამან ახალგაზრდა, თავისუფალ საქართველოს სახელმწიფოზე დადებითი გავლენა მოახდინა. ის მაშინვე გახდა ერთგვარი დაპირისპირების ობიექტი რუსეთსა და დასავლეთის ინტერესებს შორის და ეს დაპირისპირება დღესაც გრძელდება.
თუ დასავლეთი, ამერიკის შეერთებული შტატები ყოველნაირად ცდილობენ, რომ საქართველომ ეს უპირატესობა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, რუსეთი ამაში თავისი ინტერესების საწინააღმდეგოს ხედავს და ხელს უშლის ჩვენს ქვეყანას ამ უპირატესობის რეალიზაციაში. ჩვენი ქვეყნის არასტაბილურობა და გაძლიერებული შიდარყევები სწორედ ამ დაპირისპირების შედეგია. ამის შედეგია ისიც, რომ რუსეთს მიტაცებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20% და მსოფლიოს მიერ ცნობილია როგორც აგრესორი და ოკუპანტი.
მე შორსა ვარ იმ აზრისგან, რომ რუსეთთან მეგობრული, თანასწორუფლებიანი და მჭიდრო ურთიერთობა ყველა სფეროში, რომელიც დამყარებული იქნება საერთაშორისო სამართლის ნორმებზე საჭირო და აუცილებელი არ არის, მაგრამ რუსეთის იმპერია, უპირველეს ყოვლისა მისი დღევანდელი ლიდერი პუტინი საქართველოს (ისე როგორც უკრაინას, ბელორუსიას, მოლდოვას) სახელმწიფოდ არ თვლის და კვლავ რუსეთისიმპერიის ნაწილად განიხილავს.
მეოცე საუკუნეში ყველა იმპერიამ გადაიტანა დაშლის პროცესი და ისინი ამას ცივილიზებულად შეხვდნენ – შექმნეს სანიმუშო ერთა თანამეგობრობა ურთიერთთანამშრომლობის, თანასწორობის, მჭიდრო სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის საფუძველზე. შეადარეთ დღეს მათ რუსეთი და მის მიერ შექმნილი – დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ). ფაქტიურად ეს არის მტრულად, ომის მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოთა ჯგუფი, რომელთა თანამეგობრობა რუსეთმა დიდი ხნით გადაავადა. ამის შედეგია სწორედ ის პოზიცია, რომელიც საქართველოს პატრიოტულ ძალებს რუსეთის მიმართ აქვთ და ექნებათ მანამ, სანამ რუსეთი ჩვენს დაპყრობილ და ოკუპირებულ ტერიტორიებს არ გაანთავისუფლებს და სანამ ის საქართველოს სახელმწიფოდ არ ცნობს. ეს უნდა იცოდეს ყველა ჩანერგილმა თუ გადანერგილმა პირმა, აბაშიძემაც და კარასინმაც და მოსახლეობის იმ 30%–მა, რომელიც მთავრობის ხელისშეწყობით, კატასტროფულად იზრდება და რუსეთთან ჩახუტების მომხრეა.
საქართველოს ისტორიას ბევრი ტრაგიკული პერიოდები ახსოვს. თუ 2016 წლის ოქტომბერში ჩვენ ეს ხელისუფლება მშვიდობიანად არ გავუშვით, ეს პერიოდი ერთ–ერთი მათგანი იქნება ჩვენს ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას უკვე კარგად აქვს შეგნებული ეს აუცილებლობა, მაინც ვერ ვაღწევთ ერის კონსოლიდაციას და ერთმანეთის ლანძღვა–გინებაში, დაპირისპირებაში, კომპრომატების მოძიებაში ვკარგავთ დროს. ჩვენ ვერ მივეჩვიეთ ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენების რეალურ შეფასებას, რადგან მთავრობა ამის საშუალებას არ იძლევა და თავიანთი ცრუ ციფრებით და არარსებული მიღწევებით ატყუებს ხალხს და მსოფლიოს. ის მოჩვენებითი წარმატებები და რეიტინგები, რომლითაც თავს იწონებდა ყოფილი პრემიერი ღარიბაშვილი, ეტყობა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ეკონომიკას, ჩვენს ეროვნულ ვალუტას და ჩვენს იმედდაკარგულ, უმუშევარ, გაღატაკებულ მოსახლეობას. არ აღმოჩნდა ბატონი ბიძინა დენ–სიაო პინი, რომელმაც მილიარდნახევრიანი ჩინეთი ააყვავა. ივანიშვილმა 4 მილიონიანი საქართველო სიღარიბის ზღვარზე მიიყვანა.
ყველა კარგად ვგრძნობთ, რომ მიუხედავად დაშვებული დიდი შეცდომებისა, სააკაშვილს, რომლის უნარებსაც ჩვენ ვიცნობთ, დღეს დამთავრებული ექნებოდა ანაკლიის პორტი და თბილისის შემოვლითი გზა, აშენდებოდა ბევრი პატარა ჰესები და დაწყებული იქნებოდა ერთ–ერთი დიდი ჰესის მშენებლობა, იქნებოდა მრავალი სხვა პროექტი, რომელიც წინ წასწევდა ქვეყნის ეკონომიკას, მოიზიდავდა ინვესტიციებს, შეამცირებდა უმუშევრობას და ჩვენი ლარის კურსი არ იქნებოდა ასე დამოკიდებული საბერძნეთიდან ქალბატონების მიერ გამოგზავნილ დოლარებზე და ე.წ. გარე ფაქტორებზე. სწორედ მის მიერ შექმნილი ტურისტული ინფრასტრუქტურით იწონებს თავს დღევანდელი ხელისუფლება.
არ შეიძლება ადამიანები, რომლებიც დღევანდელ მთავრობაში მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ივანიშვილის „ქართუ ბანკიდან“ და მისი გარემოცვიდან არიან დასაქმებულნი, ასეთი უუნარონი და ბატონის მონა–მორჩილნი იყვნენ, რომ ქვეყანაში შექმნილი კატასტროფული მდგომარეობა რეალურად მაინც ვერ შეაფასონ და თუთიყუშივით, იმეორონ ბიძინას სიტყვები – ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი ნორმალურადაა, გვაქვს დიდი მიღწევები... საერთოდ არსებობს კი ნება რაიმეს კეთების?
ყველას იმედი ჰქონდა, რომ ახალი პრემიერი ბ–ნი კვირიკაშვილი, გულახდილად ილაპარაკებდა იმ სტაგნაციაზე, რომელსაც დღეს ჩვენი ეკონომიკა განიცდის, იქნებოდა საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში არაფერი კეთდება იმპორტის შემცირებისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, ახალი, მსხვილი ინვესტიციების მოზიდვისა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად, აღიარებდა არასწორი რეგულაციების მიღებას, რომ ლარის გაუფასურება არა მარტო გარე ფაქტორების მიზეზია, არამედ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებისა, რაზედაც ღარიბაშვილის მთავრობას არ უმუშავია. ამით ის გაარღვევდა იმ მოჯადოებულ წრეს, რომელიც ივანიშვილმა საქართველოს სახელმწიფოს თავს მოახვია და რაღაც იმედის ნაპერწკალს მისცემდა ხალხს. ნაცვლად ამისა ბ–ნმა კვირიკაშვილმა გააგრძელა თავისი წინამორბედის ენით საუბარი და ყველაფერი ისევ ისე ლამაზ ფერებში დახატა, როგორც ამას ღარიბაშვილი მთელი ამ სამი წლის განმავლობაში ახერხებდა და ხალხს ატყუებდა. თუ გავითვალისწინებთ, იმას, რომ როგორც ივანიშვილმა ადრე დააანონსა, 2016 წელი (ეს ის მეოთხე წელია, როცა ბიძინა „რძის მდინარეებს“ გვპირდებოდა) ისევ მძიმე იქნება, ბ–ნ კვირიკაშვილს თითქმის არაფერი აქვს გასაკეთებელი. ამ წელს ჩვენი ქვეყანა დაასრულებს ნგრევის პროცესს და ხალხს ასარჩევი ექნება ან ევრაზიის კავშირი ან რუსეთის მიერ საქართველოს სრული ოკუპაცია. ისე როგორც უკრაინა დააყენეს ასეთი არჩევანის წინაშე.
მერწმუნეთ ბატონო პრეზიდენტო, ჩვენი ქვეყანა ისეა გამქრალი მსოფლიო რადარებიდან, რომ ახლა უკვე ამ ფაქტს ნახევარი მსოფლიო ვერ გაიგებს და როგორც ყირიმი, უკიდურეს შემთხვევაში როგორც სომხეთი, ისე შერჩება რუსეთის იმპერიას, ეს მორიგი ნადავლი. ყოველ შემთხვევისათვის გაფორმდება თხოვნა ივანიშვილის მთავრობის მიერ რუსეთის სახელმწიფოსადმი – ქვეყნის სტაბილიზაციის მიზნით დახმარების შესახებ.
ამიტომ ძალზე საშიშია და დამღუპველი მმართველობის ის ფორმა, რომელიც, ბატონმა ივანიშვილმა საქართველოში დანერგა. ძალზე სამარცხვინო და შეურაცხმყოფელია ის აჟიოტაჟი, რომელიც ატეხილია „ბიძინას სიების“ მიმართ. ასეთი რამ დღეს აფრიკის ჯუჯა, მიყრუებულ სახელმწიფოებშიც არ ხდება. კარგი, არ ვიყავით „დემოკრატიის შუქურა“, მაგრამ დემოკრატიის რაღაც ჩანასახი ხომ გვქონდა. ეს არის ის „საოცარი“ დემოკრატია, რომლის „დამყარებასაც“ ბატონი ბიძინა სულ ორ წელიწადში გვპირდებოდა! და რომელიც ევროპასაც კი შეშურდებოდა?! შურისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ევროპარლამენტი ახლახან მიღებულ რეზოლუციაში, სადაც შვიდი პუნქტი საქართველოს ეხება, ხუთ პუნქტში გულისტკივილით აღნიშნავს რომ საქართველოში ირღვევა სიტყვის და პრესის თავისუფლება, რომ შეტევა ხორციელდება დამოუკიდებელ ტელევიზია რუსთავი–2–ზე, რომ სასამართლო და პროკურატურა პოლიტიზირებულია და მიმდინარეობს ზეწოლა ოპოზიციაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე, რომ ქვეყანაში სახეზეა ოლიგარქიული მმართველობა, არის შერჩევითი სამართლის შემთხვევები და დარღვევები წინასწარი პატიმრობის ვადებში.
ყოველივე ამის შემდეგ არ შეიძლება არ მოვიხსენიო ჩვენი „იმედი“, ბატონი კვირიკაშვილი, რომელმაც დიდი აღმაფრენით ილაპარაკა საქართველოში უკანასკნელ პერიოდში დემოკრატიის აღმავლობის მაღალ სტანდარტებზე, რომელიც ახალი ხელისუფლების მიერაა მიღწეული და მიღებული რეზოლუცია 80% (კარგი) 20% (ცუდი) შეაფასა. რა მიღწევებზე და რა დემოკრატიაზეა ლაპარაკი ბატონო პრეზიდენტო, როცა პარლამენტის უმრავლესობას, მთელ მთავრობას, პროკურატურას, სასამართლოს, ყველა მნიშვნელოვან თანამდებობას და სამსახურებს აკომპლექტებს და აკონტროლებს ერთი კაცი – ბიძინა ივანიშვილი. როცა ფეხდაფეხ დასდევენ ალეკო ელისაშვილს, იქექებიან მის ბიოგრაფიაში, ეძებენ კომპრომატებს, იმ მიზეზით, რომ მან გაბედა და ამხილა პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირები – ბიძინას შერჩეული ქალბატონები – კორუპციაში და ზეწოლაში. გაზეთ „ქრონიკა+“–ის რედაქტორს რამდენჯერმე მრავალსაათიან დაკითხვას უწყობენ პროკურატურაში, რომლის მიზანია მან არ გააგრძელოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებზე მამხილებელი სტატიების ბეჭდვა.
პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულია წინა მთავრობის 9 წლის პერიოდში დაშვებული დარღვევების გამოძიებით, როცა „ვერ“. გამოუძიებია ბარბარე რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის, ჯერ კიდევ თბილი სხეულების მკვლელობის ფაქტები.
კარგია, რომ ჩვენ ხელისუფლებას ჰყავს მკაცრი საერთაშორისო ოპონენტები და ყველა დარღვევა ფიქსირდება პერიოდულ რეზოლუციებში და წლიურ ანგარიშებში. ამით ჩვენ მოსახლეობას საშუალება ეძლევა მიიღოს მართალი ინფორმაცია ქვეყანაში რეალურად არსებული მდგომარეობის შესახებ.
რაც შეეხება მიღწევებს, რომლითაც ჩვენი ხელისუფლება ასე ამაყობს – ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება და ვიზა–ლიბერალიზაციაზე დაპირებული შეთანხმება ყველაფერი ეს ევროპული და ევრო–ატლანტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლების და მათი ოფისების დაუღალავი, მოთხოვნადი და კონტროლირებადი მუშაობის შედეგია. დიდი როლი ითამაშა აგრეთვე უკრაინის მოვლენებმა, რომელმაც გამოაფხიზლა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ღრმად ჩაძინებული ევროპა.
ყოველივე ამ მოკლე მიმოხილვის შემდეგ პირდაპირ მინდა დავსვა ის საკითხები, რომელიც ჩემი შეხედულებით დღეს – ძალზე აქტუალურია და რომლის ორგანიზაცია და შესრულება უნდა იკისროთ თქვენ და თქვენმა ადმინისტრაციამ, როგორც ხელისუფლების ერთადერთმა შტომ, რომელმაც თავი დააღწია ბ–ნი ივანიშვილის საცეცებს. ამ გადაწყვეტილების სისწორეს და აუცილებლობას ადასტურებს თქვენი რეიტინგის საგრძნობი ზრდა და ხალხის მხარდაჭერა.
1. მიუხედავად ახალი პრემიერისა, რომელიც მოვიდა ძველი პრემიერის „დიდი მიღწევების“ ფონზე, მთავრობა აგრძელებს ხალხის მოტყუებას და უნდა ფსიქოლოგიური სეანსებით ყოველდღიურად გვიმტკიცოს, რომ „ყველაფერი კარგადაა“. ასეთივე შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე ეკონომიკის ახალმა მინისტრმა გადაცემა „არჩევანში“.
ბ–ნი კვირიკაშვილის დანიშვნა, შეხვედრები და აქტიურობა ვფიქრობ მოჩვენებითია და ივანიშვილი ცდილობს წინა საარჩევნო პერიოდი ამ მოჩვენებითობაში გადააგოროს.
რომ რეალურად შეფასდეს ქვეყანაში შექმნილი რთული მდგომარეობა, ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის საკითხები, რომლებიც თავის მხრივ შეიცავს საბანკო სექტორს, ლარის კურსს, ენერგეტიკას, უმუშევრობას, ინვესტიციებს, ექსპორტ–იმპორტს, მთელი მთავრობის საქმიანობას, რომელშიც არ უნდა გამომგვრჩეს ქ.თბილსის მერია, სპეც–სამსახურები და სასამართლო–პროკურატურის ორგანოები, გთხოვთ მოიწვიოთ ექსპერტები, პოლიტიკოსები, პოლიტოლოგები, საპარლამენტო პოზიცია და ოპოზიცია. არასამთავრობო ორგანიზაციების და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ყველა იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც თქვენი შეხედულებით შეძლებენ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის რეალურ შეფასებას, იმუშავებენ ცალკეული დარგების და სექციების მიხედვით და დადებენ შეჯერებულ დასკვნებს განხილულ საკითხებზე. აგრეთვე წარმოადგენენ რეკომენდაციებს მდგომარეობის გამოსასწორებლად, ერთი სიტყვით, მთავრობის ნაცვლად, შეიმუშავებენ ე.წ. „ანტიკრიზისულ გეგმას“, რომელიც გადაეგზავნება მთავრობას და პარლამენტს განსახილველად და შესასრულებლად.
არ არის გამორიცხული განხილვაში და რეკომენდაციების შედგენაში, აუცილებლობის შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღონ უცხოელმა ექსპერტებმა.
2. მიმაჩნია, რომ ამ წარმომადგენლობითი ფორუმის მიერ უნდა მოხდეს იმ არაფორმალური, არაკონსტიტუციური და შეურაცხმყოფელი მმართველობის შეფასება, რომლითაც დღეს საქართველო იმართება და რასაც ხელისუფლების არცერთი შტო არ მალავს.
არავითარი მოტივაცია და გამართლება ასეთი მმართველობის გასაგრძელებლად არ არსებობს. ეს ფაქტი ანგრევს ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს. აფერხებს დემოკრატიის განვითარებას. ახშობს მთავრობის წევრების, პარლამენტარების დამოუკიდებელ, თავისუფალ აზროვნებას (გაიხსენეთ „თავისუფალი დემოკრატების“ გარდასახვა), შეურაცხყოფს ქვეყნის იმიჯს, ხელს უშლის ქვეყნის აღმავლობას. ბატონმა ივანიშვილმა, თუ ის ნამდვილი პატრიოტია, ყოველგვარი გართულებების გარეშე, უნდა გაანთავისუფლოს ქვეყანა მმართველობის ამ ფორმისგან, სანამ დემოკრატიული სამყარო ღიად არ დაგმობს ამ სამარცხვინო ფაქტს, ან ლიბიის მსგავს ოპერაციას არ ჩაგვიტარებს.
3. ამ ფორუმმა შეფასება უნდა მისცეს მთავრობის მიერ ინსეპირირებული მოსმენების და კომპრომატების გამოქვეყნების არსებულ პრაქტიკას, რაც მოქმედებს მოსახლეობის ისედაც გაუარესებულ ფსიქოლოგიურ განწყობაზე და რომელიც, როგორც მიგვაჩვიეს, გაძლიერდება წინასაარჩევნო პერიოდში. რადგანაც ჩვენი სპეცსამსახურები არავითარ ჯაშუშებს და სახელმწიფოს მტრებს არ უსმენენ და მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს აშანტაჟებენ, შეჩერდეს ამ კანონის მოქმედება და მოხდეს მისი გადახედვა.
4. ალბათ შეცდომა იყო იმ საარჩევნო კოდექსზე ხელის მოწერა, რომელიც პარლამენტმა თქვენ გადმოგიგზავნათ. ეს მორიგი „შედევრი“ იმ შეზღუდული აზროვნების ნიმუშია, რომელიც „უმრავლესობას“, ბიძინამ განუვითარა. რადგანაც მთავრობა, ივანიშვილი, პარლამენტის უმრავლესობა 2020 წლამდე? ვერ თმობენ მაჟორიტარულ სისტემას და მაჟორიტარები (ნახევარს ამომრჩევლები არც იცნობენ) მიაჩნიათ რეგიონების მოსახლეობის საიმედო მსახურებად, მაქვს კომპრომისული წინადადება, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს – არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით და არჩეული 150–ვე პარლამენტარი გადანაწილდეს როგორც მაჟორიტარი საარჩევნო ოლქების მიხედვით. პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა შეიმუშაოს სპეციალური ინსტრუქცია, რომელიც მკაცრად მოთხოვს ე.წ. მიმაგრებულ პარლამენტარს ხალხის უანგარო სამსახურს. სასურველია განაწილების დროს გათვალისწინებული იქნას მათი წარმოშობა და ცნობადობა საარჩევნო ოლქების მიხედვით.
პატივისცემით თემურ ავალიანი
26 იანვარი, 2016 წელი
კომენტარი