სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღის "ფეისბუქ–სტატუსი" – "ახალი ხელისუფლება "პალაჟენიეს აყენებს"–16.11.2012.

Ghia Nodia

ზოგადად ვერავინ გამოვრიცხავთ, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს კანონი დაურღვევიათ - ხოლო თუ დაურღვევიათ, ძნელია იდავო, რომ ამისთვის არ უნდა დაისაჯონ. არგუმენტი, რომ ამის გამო შეიძლება არ მოგვცენ მაპი, სუსტია. კანონის უზენაესობა უმაღლესი პრინციპია - დაე არ მოგვცენ მაპი (ამ ეტაპზე), მაგრამ აღსრულდეს კანონი.

ოღონდ ახალი ხელისუფლების მიერ „სამართლიანობის აღდგენის“ კამპანიას სულ მცირე ორი დიდი პრობლემა აქვს. პირველი, აშკარაა პოლიტიკური ინტერესი ანუ სამართლის შერჩევითობა: მთავარი მოტივი არის ზეწოლა ოპოზიციაზე ზოგადად და იმ საჯარო დაწესებულებებზე, რომლებსაც ახალი ხელისუფლება კონსტიტუციურად ვერ აკონტროლებს (გაერთიანებული შტაბი, თბილისის მერია და ა. შ.).ლოგიკა მარტივია: თუ არ გადადგები, დაგიჭერ, რაღაც კრიმინალს გამოგიჩხრიკავ. ახალი ხელისუფლება „პალაჟენიეს აყენებს“. მეორე პრიორიტეტია - დაისაჯონ ისინი, ვინც პირადად ბიძინა ივანიშვილს აწყენინა: გატეხა მისი კომპიუტერი, დაუზიანა აპარატურა და ა. შ. ეს არ ნიშნავს ასეთი ქმედების გამართლებას, ლაპარაკია იმაზე, რას ანიჭებს ახალი მთავრობა პრიორიტეტს „სამართლიანობის აღდგენისას“.

მეორე პრობლემა თვით ბრალდებების შინაარსია. როცა ამბობ, რომ ჯარისკაცების დასჯა იმ მეთოდებით, რომ წელზემოთ შიშვლები თოვლში არბენინო ან ცივ გაუპტვახტში გამოკეტო, „წამებაა“ და ამიტომ კრიმინალია, ესე იგი უკვე სამართალს უქვემდებარებ პოლიტიკურ ინტერესს. ჯარში დისციპლინის დაცვის ან ჯარისკაცის აღზრდის მეთოდები მკაცრია და სამოქალაქო პირისთვის შეიძლება შოკისმომგვრელიც იყოს. სად გადის აქ საზღვარი დასაშვებსა და დაუშვებელს შორის, ყოველთვის საკამათოა და ეს თემა ხშირად იწვევს სკანდალებს დემოკრატულ ქვეყნებში. თუ ახალ ხელისუფლებას უნდა, დასჯის რაღაც პრაქტიკები აღკვეთოს, კი ბატონო, ვინ უშლის. მაგრამ რატომ სჭრდება ამას ვიღაცის დაპატიმრება?

შედარება მოვიყვანოთ: ამერიკაში ბუშის დროს ტერორიზმში ეჭვმიტანილების დაკითხვის ზოგი მეთოდი (waterboarding) დისკუსიის და სკანდალის საგანი გახდა, ზოგი ამბობდა, რომ ეს „წამებაა“ და უნდა აიკრძალოს, ზოგი ამართლებდა. დემოკრატები რომ მოვიდნენ, აკრძალეს, მაგრამ ამის გამო წინა ხელისუფლების წევრები არ დაუჭერიათ. ერთი-ორი რადიკალი ამასაც მოითხოვდა, მაგრამ, მადლობა ღმერთს, არ დაუჯერეს.

რასაც მთავრობა აკეთებს ამ შემთხვევაში, არის პოლიტიკური განსხვავებების გადაყვანა კრიმინალში. რაკი ძალაუფლება გაქვს, შენს მოწინააღმდეგეებს უბრალოდ აპატიმრებ. „ძალაუფლების გადამეტება“ ან თანამდებობის ბოროტად გამოყენება სწორეს ისაა, რასაც ახალი ხელისუფლება ამ შემთხვევაში სჩადის. ასე რომ, როცა ამათ შემდეგ სხვა მთავრობა მოვა, ესენი უნდა დაიჭიროს და ასე უსასრულოდ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100