სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიბილოვი ცხინვალში, კოკოითი - ცხინვალიდან შორს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მომავალი ლიდერი ე.წ. წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყებად მოსკოვის თანხმობას ელოდება. ყველას კარგად ესმის, რომ 13 ნოემბერს დაგეგმილი არჩევნები ფარსი იქნება და რეალურად, ე.წ. რესპუბლიკის ლიდერი კრემლის მიერ დაინიშნება. პოლიტიკური კონიუნქტურის ცენტრის გენერლური დირექტორის სერგეი მიხეევის განცხადებით „მოსკოვის მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება საპრეზიდენტო არჩევნებში. სამხრეთ ოსეთი მთლიანად რუსული დახმარებით ცხოვრობს. ეს მოსახლეობასაც ესმის. და თუ ადამიანები ხმას მისცემენ ვინმე სხვას, მათ ცხოვრებაში უფრო მეტი პრობლემა გაჩნდება.”

კრემლმა უკვე ღიად მიანიშნა, რომ არ აპირებს ე.წ. პრეზიდენტის სავარძელი კოკოითის პროტეჟეს გადაულოცოს. საკუთარი ფავორიტიც უკვე დაასახელეს. ის ცხინვალის საგანგებო სიტუაციათა მინისტრი ანატოლი ბიბილოვია. მისი კანდიდატურა, რომელიც რუსეთის რეგიონალური განვითარების სამინისტრომ და ძალოვანმა სტრუქტურებმა შეარჩიეს, უკვე ყველა უწყებაში შეთანხმებულია და ახლა საბოლოო დასტურს მედვედევისა და პუტინისგან ელოდება.

ახალი, მოსკოვისათვის მისაღები კანდიდატურის ძიებით დაკავებული იყო უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ფსბ-ს, საგარეო დაზვერვის, თავდაცვის სამინისტროს, შსს-ს, რეგიონების სამინისტროსა და მთავრობის აპარატის თნამშრომლებისგან იყო დაკომპლექტებული. “შესარჩევი კონკურსი” მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა. “ჟიურის” არჩევანი, საბოლოოდ, ბიბილოვზე შეჩერდა.

პარალელურად კრემლში პრეზიდენტის შესარჩევი ტურები კოკოითის ორგანიზებითაც იმართებოდა. ჯაბაევიჩი, თითქმის მთელი გასული წლის განმავლობაში მოსკოვში “ჩვენებაზე” დაატარებდა თავის სასურველ მემკვიდრეს – ცხინვალის გენპროკურორსა და საკუთარ ცოლისძმას – თეიმურაზ ხუგაევს, თუმცა უშედეგოდ. კრემლში აღარც კოკოითის და აღარც მისი პროტეჟეს სახელის ხსენება არ სურთ. მისი პოზიციები განსაკუთრებით მიმდინარე წლის თებერვალში შესუსტდა. “რესპუბლიკის” აღდგენისათვის გამოყოფილი რუსული მილიონების განიავებით გამოწვეულ კრემლის უკმაყოფილებას, სამსახურიდან კოკოითის მფარველის გათავისუფლებაც მოყვა. ფსბ-ს ხელმძღვანელის მოადგილე ვიაჩესლავ უშაკოვი, რომელთანაც ჯაბაევიჩს ახლო ურთიერთობა ჰქონდა, პოსტიდან სამსახურებრივი ეთიკის დარღვევის გამო გაუშვეს. გავლენიანი პატრონის დაკარგვის შემდეგ კი კრემლში ჩასულ კოკოითს მედვედევის ადმინისტრაციის უფროსმა ნარიშკინმა მიღებაზე ორჯერ უთხრა მოურიდებელი უარი.

თუმცა, როგორც “კომერსანტს” რუსეთის მთავრობაში განუცხადეს, კოკოითს ბოლომდე მაინც არ გაწირავენ. მისი მომავალი ჯერ გაურკვეველია, თუმცა ცნობილია, რომ ჯაბაევიჩს მოსკოვში სამსახურს სთავაზობენ. იმავე სამთავრობო წყაროს განცხადებით, “დგას ამოცანა, კოკოითი რესპუბლიკას მოაცილონ, რათა გავლენა არ მოახდინოს ახალ ხელისუფლებაზე. თუმცა 2008 წლის მოვლენების შემდეგ მას არ მივატოვებთ, ჩვენ ჩვენიანებს არ ვწირავთ.”

რაც შეეხება კრემლის პროტეჟეს ანატოლი ბიბილოვს. ის 1970 წელს ცხინვალში დაიბადა. 1992 წელს დაამთავრა რიაზანის უმაღლესი საჰაერო-სადესანტო სასწავლებელი. მონაწილეობდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო ოპერაციაში. 1994-96 წლებში ხელმძღვანელობდა ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმის როტაციას. 1996-1998 წლებში კიევში ბიზნესით იყო დაკავებული. 1998-2008 წლებში მსახურობდა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ოსურ სამშვიდობო ბატალიონში, 2008 წლიდან კი საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ხელმძღვანელობს.

თუმცა ცხინვალში ამბობენ, რომ ბიბილოვი კოკოითისგან სრულიად დამოუკიდებელი პერსონა მაინც არ არის. “მას, კოკოითი, გარკვეულწილად მაინც აკონტროლებს. ამას ისიც მოწმობს, რომ ბიბილოვი კარგად გამოიყენეს უშიშროების საბჭოს ყოფილი უფროსის ანატოლი ბარანკევიჩის დისკრედიტაციის კამპანიაში” – ამბობს ცხინვალის რეჟიმთან დაახლოებული წყარო. მისივე განცხადებით, ბიბილოვი ამჟამინდელი ხელისუფლებისადმი ლოიალური განწყობით გამოირჩევა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100