სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვერა ქობალიამ საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

2-4 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც გერმანიის ქალაქ ლაიფციგში გაიმართა. ფორუმის ფარგლებში მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საზღვაო მეკობრეობის შესახებ გამართულ შეხვედრაში, სადაც ფორუმის სხვა მონაწილეებს ამ პრობლემის მოგვარების ქართული გამოცდილება გააცნო. გარდა ამისა, ვერა ქობალიამ ორმხრივი შეხვედრები გამართა ფორუმის მონაწილე სხვა ქვეყნების მინისტრებთან.

სომალელი საზღვაო მეკობრეების საკითხს საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმზე სპეციალური განხილვა მიეძღვნა. იგი საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა როგორც ნომერი პირველი ხელისშემშლელი ფაქტორი საერთაშორისო სავაჭრო სისტემისა და საზღვაო ტრანსპორტის ინდუსტრიის განვითარებისთვის.

საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, ლაიფციგის ფორუმის მონაწილე მინისტრებმა გაავრცელეს სპეციალური განცხადება, სადაც საუბარია ამ პრობლემის მოგვარების აუცილებლობაზე, მათ შორის, ძალისმიერი მეთოდების გამოყენების საშუალებითაც. ამ მხრივ, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას მოხსენებამ, სადაც საუბარი იყო პრობლემის მოგვარების არაძალისმიერ მოგვარებაზე მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებითა და არანაირი გამოსასყიდის გადახდით.

ლაიფციგის ფორუმი კიდევ ერთი მაღალი რანგის შეხვედრაა, სადაც საქართველოს წარმომადგენელი საზღვაო მეკობრეობის პრობლემის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. რამდენიმე თვის წინ ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ყოველწლიურ შეკრებაზე ვერა ქობალიამ ისაუბრა ამ საკითხის შესახებ. მაშინ ქართველი მეზღვაურები ჯერ ისევ სომალელ მეკობრეთა ტყვეობაში იყვნენ. აღნიშნული ორგანიზაცია ამჯერად მაისის შუა რიცხვებში კვლავ გეგმავს ამ საკითხით დაინტერესებული ქვეყნების წარმომადგენელთა შეკრებას. აღნიშნული პრობლემის მიზნით სპეციალური კომისიაც კი შეიქმნა, რომლის წევრიც საქართველოც გახდა. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის შეკრებაზე უნდა ჩამოყალიბდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი ხედვა ამ პრობლემის გარშემო.

ლაიფციგის განცხადებაში მინისტრებმა მოუწოდეს გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა განისაზღვროს ამ საკითხის პრიორიტეტულობა. პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ საკითხად მიჩნეულია მეკობრეებისაგან საზღვაო ხომალდების დაცვის შეიარაღებული ქვედანაყოფის ჩამოყალიბება. თუმცა განიხილება პრობლემის მოგვარების ქართული არაძალისმიერი გამოცდილებაც.

20 ათასამდე ქართველ მეზღვაურს პრობლემას მხოლოდ სომალელი მეკობრეები არ უქმნიან. გადასახედია საკონტრაქტო ბაზაც, რომლის საფუძველზეც მათ პრობლემები ექმნებათ დამქირავებლებთან. ყველაზე მეტი სირთულე მათ თურქ გემთმფლობელებთან აქვთ. ამ ქვეყნის ტრანსპორტის, საზღვაო საკითხთა და კომუნიკაციების მინისტრ ბინალი ილდირიმთან შეხვედრისას ვერა ქობალიამ ეს მნიშვნელოვანი საკითხიც დასვა და თურქი კოლეგისგან ამ საკითხის სამართლებრივად მოგვარების პირობაც მიიღო.

ანალოგიურ საკითხში თანამშრომლობის საკითხი ვერა ქობალიამ ჩინეთისა და კორეის ტრანსპორტის უწყებების ხელმძღვანელებთანაც დააყენა. კერძოდ, საუბარია ამ ქვეყნებში ქართველი მეზღვაურების პროფესიული გადამზადებისა და მათი ადგილობრივ გემთმფლობელებთან დასაქმების პერსპექტივებზე.

თურქეთის შეხვედრაზე ასევე დაისვა თურქული გემების საქართველოს საზღვაო წყლებში, ოკუპირებული აფხაზეთის აკვატორიაში შესვლის საკითხიც. თურქეთის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

თურქეთის, ჩინეთისა და კორეის ტრანსპორტის უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე ვერა ქობალიამ ყურადღება ასევე გაამახვილა საქართველოს გავლით ევროპა-აზიის სატრანსპორტო სავაჭრო დერეფნის განვითარების საკითხზე და კოლეგებს რეგიონული მნიშვნელობის შეთანხმებებისა და საერთო გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდა. ამ ინიციატივების ამოქმედების შემდეგ შეიქმნება საქართველოში ლოგისტიკური ცენტრების ბიზნესის მეტად განვითარების რეალური აუცილებლობა, რაც საქართველოს რეგიონული მნიშვნელობის ჰაბად აქცევს.

ლაიფციგის მინისტერიალის ბოლო საკითხად საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის გენერალური მდივნის არჩევნები იყო. ფორუმის მონაწილეთა უმრავლესობამ მხარი პორტუგალიის წარმომადგენელს ჟოზე მანუელ ვეგას დაუჭირა.

წყარო: http://www.economy.ge/?category=4&lang=geo&item=999

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100