სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შარშან, წითელ პარასკევს გოგონა გარდაეცვალა, დღეს კი დედა დახმარებას ითხოვს, რომ მეორე შვილსაც იგივე ბედი არ ეწიოს

ამ დაავადებით ერთი წლის წინ, წითელ პარსკევს მისი უმცროსი და, 9 წლის მარიამი გარდაიცვალა, დღეს კი 11 წლის გიგა ზარიძეს თავად უწევს ბრძოლა იმისათვის, რომ იგივე ბედი არ გაიზიაროს.

დრონი.ჯი ბავშვების დედას ბელა უბილავას ესაუბრა, ქალს, რომელიც მეორე შვილის წამებას უყურებს და ვერაფერს შველის.

ბელა უბილავა: შარშან წითელ პარასკევს დამეღუპა ჩემი მარიამი, ისეთ დღეში იყო ბოლოს საავადმყოფოში, მეუბნებოდა დედა მიშველე რამე სიცოცხლე აღარ მინდაო. მას შემდეგ ჯერ ერთი წელიც არ გასულა და გიგას სიცოცხლის გასახანგრძლივებლად უამრავი ემდიკამენტი და ცხოვების ნორმალური პირობები სჭირდება, მე კიდე სხვის ერთ ოთახში ვარ შეკედლებული სამადლოდ მარტო და ძალიან რთულია იმის ყურება , რომ მეორე შვილიც შეიძლება მალე გამომეცალოს ხელიდან... მარიამს ვეუბნებოდი, დედა სულ მოგივლი და არ გაგიშვებმეთქი, მაგრამ ვერ შევძელი და ხელიდან გამომეცალა. მყავს მესამე შვილი 2 წლის... სასწაული მოხდა და ის ჯანმრთელი დაიბადა. სასწაული იმიტომ რომ პირველი შვილი რომ გამიჩნდა ასეთი, ექიმებმა მითხრეს, რომ შენ და შენს ქმარს გენეტიკური კოდების თანხვედრა გაქვთ და ცალ-ცალკე კი გეყოლებათ ჯანმრთელი შვილები მაგრამ ერთად არაო. მაგრამ მე მაინც გავაჩინე და არ მოვიშორე.... ქმარი სოფელში ცხოვრობს, არ გავქვს კარგი ურთიერთობა, ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. ამიტომ ვთხოვ ყველას, რომ გვერდში დამიდგნენ და დამეხმარონ რომ მეორე შვილსაც იგივე ბედი არ ეწიოს.

11 წლის გიგა ზარიძის დასახმარებლად 8 მარტს საქველმოქმედო საღამო იმართება "ბარ 13_ში" ლ. ქიაჩელის 12 ნომერში. https://www.facebook.com/events/1678678602415652/

ასევე შეგიძლიათ საქართველოს ბანკის ანგარიშზე ფულსი გადარიცხვაც GE71BG0000000303245200…მიმღები: ბელა უბილავა.

ბოლოს კი გთავაზობთ დედის, ბელა უბილავას ჩანახატს გარდაცვლილ 9 წლის შვილზე, რომელიც ძნელია ცრემლების გარეშე წაიკითხო:

„დედას უნუგეშო ტკივილს, მარიამს, ჩანახატი დედისგან...

...მე მარიამი მქვია. 9 წლის,7 თვის და 7 დღის ვარ..მყავს პატარა და,ნინი, ასევე ერთი წლით უმცროსი ძმა გიგა, რომელიც ჩემსავით ჩემი სენით იტანჯება... თუმცა, მე შემიძლია თამაში, ხატვა, წერა, კითხვა, რითაც მაინც მადლიერი და ბედნიერი ვარ, მიუხედავად იმისა, არ შემიძლია დამოუკიდებლად ჯდომა, დაბადებიდან ესე ვიტანჯები, მიჭირს სუნთქვა...ამოხველება... მტკივა მთელი სხეული, რომელიც ამ ლმობელმა დაავადებამ სულ დამიგრიხა...მარჯვენა ფილტვში ნეკნები მომიქცია...მტკივა ის ადგილი, საშინლად მტკივა...მაგრამ ვითმენ...დედას არ მინდა გავაგებინო, თუმცა დედა ხვდება, რომ ვიტანჯები...სულ რეანიმაციაში ვარ...მიხარია, როცა პალატაში ვხვდები, და არა რეანიმაციაში,რადგან იქ არაფრის მეშინია...იქ დედა სულ ჩემთანაა...იქ არ მესმის აპარატების ზუზუნი, იქ არ მაერთებენ აპარატზე, იქ არ დამტირის დედა...იქ არ ვხედავ სხვა ბავშვების სიკვდილს...იქ არ დამდევს სიკვდილის აჩრდილი...იქ არ მესმის ცივი ხმები...აქკი ყველას ვუყვარარ...მეფერებიან...აქ იმედი ცოცხლობს..იმედი იმისა, რომ ხვალ მზეს ვნახავ, ამომავალს...ყველაზე ბედნიერი ვარ მაშინ, როდესაც დედას ჩახუტებული მოვყევარ სახლში და ფანჯრიდან მახედებს ხოლმე...

...ნეტავ ცუდად არ გავხდე, სულ ვოცნებობ ვირუსი არ შემხვდეს...არ მინდა დავიტანჯო, თუმცა მაინც მხვდება, ულმობლად მტანჯავს...სუნთქვას მიძნელებს. გულს მიჩერებს. სულს მიმწარებს. ამ დროს მარტო დედას ვუყურებ, ის ჩემი იმედია, თავს მევლება. ბოლოს რეკავს სასწრაფოში, კლინიკაში მივყევარ ჩახუტებული, თან ყურში ჩამჩურჩულებს- "დედი, ნუ გეშინია,ხომ გჯერა ჩემი? ჩვენი დედა-შვილობის ჯაჭვი არ გაწყდება! ჩვენ სულ ერთად ვიქნებით! ", მეც ხელებს ვუთათუნებ და თვალებით ვანიშნებ,რომ მისი მჯერა...მჯერა დედა სანამ ცოცხალია მე მართლაარაფერი მომივა.

2012 წლის 30 იანვარია.მე აპარატზე შემაერთეს. მეყველაფერს ვგრძნობ, ვხედავ, დედა როგორ იტანჯება, როგორ დადის დერეფნებში ჩემი სათამაშოთი ჩახუტებული...მესმის როგორ გაიძახის შემდეგ სიტყვებს:"გადარჩები, მარიამ, გადარჩები!" ამის მერე დედა შუაღამე სადღაც გარბის...ის თურმე ეკლესიაში მუხლის ჩოქვით თოვლ-ჭყაპში ჩემ გამო მიხოხავს...დედა ზუსტად ერთი კილომეტრი გაიარა ესე...14 თებერვალს მე გადავრჩი...მე დედის ხმას გამოვყევი და დავბრუნდი...ეს უკვე დედამ ჩემთვის მეორედ გააკეთა...

...ამის მერე 4 თვეში ისევ ცუდად გავხდი, მაგრამ მძიმედ არა...იაშვილში, მეოთხე სართულზე, პალეატიურ განყოფილებაში მოვხვდი...ჩემს საყვარელ ექიმებთან და ექთნებთან ერთად...მანამდე სულ მცხეთის საავადმყოფოში გავიზარდეთ მე და გიგა ავთო ექიმის ხელში. მანდაც ყველას ვუყვარდით...

...2014-ში დედამ დიდი საჩუქარი გამიკეთა - და მეყოლა. მას სახელი მე შევურჩიე - ნინი. დედას მძიმე დღეები ჰქონდა, ეშინოდა ნინისაც ჩვენი დიაგნოზი არ გამოჰყოლოდა,მიუხედავად ყველაფრისა, მან მაინც გარისკა...დედას მტელი ფეხმძიმობა სულ ვამხნევებდი:"დე,ნუ გეშინია, ნინი ჯანმრთელი დაიბადება!".მართლაც ესე მოხდა.

...ნინიმ 11თვისამ აიდგა ფეხი, მე და გიგას გვიხარია...მაბედნიერებს ნინისთან გატარებული ყოველი წუთი, დღე, მე ის უზომოდ მიყვარს,ვგრძნობ, მასაც ვუყვარვარ,ისიც სულ მეფერება. ამ პერიოდებში კი ცუდად ვხდები, მაგრამ სახლის პირობებში ვემორჩილები მკურნალობას, თითქოს დედას ვაცდი ნინის გაზრდას.

2015 წლის 1 აპრილია, საცაა აღდგომა მოვა და გვიხარია მე და გიგას. უცბად, რაღაც ცუდ გემოს ვგრძნობ პირში, ეს იმის ნიშანია, რომ ცუდად უნდა გავხდე, მივხვდი,ნახველი მაქვს. შემეშინდა, დედას დავუძახე.ცოტახანში ნახველი მომაწვა, სუნთქვა გამიჭირდა. დედამ სასწრაფოს მანქანით იაშვილში წამიყვანა. უკვე რეანიმაციაში ვარ, დედაც გვერდში მყავს...თითქოს არაფრის მეშინია, მაგრამ უფრო მიჭირს სუნთქვა. ექიმები ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის,რომ აპარატზე არ შემაერთონ, მაგრამ ჩემი გული ამის საშუალებას არ იძლევა. ვნების კვირას, ორშაბათ დილით, სიკვდილი ვინატრე...ეს სიტყვები დედამ გაიგო და ვინანე...დედა ძლიერია, მაგრამ ამ დღეს შეშლილივით იყურება, თითქოს უსუსურ არსებად იქცა. ის ჩუმად ტირის..."მაპატიე,დედი...ძალიან ვიტანჯები, უნდა გამიგო,მეტი ტანჯვის ატანა აღარ შემიძლია...". იმ დღეს დავმძიმდი, აპარატზე შემაერთეს...ღამის ორ საათზე კიდევ უფრო დამძიმდა ჩემი მდგომარეობა...ვხედავ, სხეულს ვტოვებ...ამ დროს დედა იაშვილის დერეფნებში დადის, ის პირველ სართულზეა, მე- მეექვსეზე. მე დედას დავუძახე...დედამ გაიგო ჩემი ხმა და წამში ჩემთან განდა, ის შეესწრო ჩემს პირველ კლინიკურ სიკვდილს...იმ ღამეს გადავრჩი, თუმცა უფრო და უფრო ვმძიმდები...სულ დავსივდი...ვგრძნობ დედა როგორ მეხება, როგორ მეფერება, როგორ მეჩურჩულება...მეორე ჯერაც მქონდა კლინიკური სიკვდილი...მაშინაც გავაგებინე დედას...ამჯერადაც გადავრჩი...

...2015 წლის 10 აპრილი თენდება...თუმცა არ ვიცი ჩემთვის გათენდება? მძიმე ღამე მაქვს...სიკვდილს ვებრძვი...დღეს წითელი პარასკევია...უკვე გათენდა...12-ის 25 წუთია, გული უკვე მესამედ გამიჩერდა...ექიმები რეანიმაციას მიტარებენ,უცებ სიმსუბუქე ვიგრძენი, არანაირი ტკივილი, არანაირი ტანჯვა...მე ამ ყველაფერს ზემოდან დავყურებ...ვიცი,დედა გარეთ მელოდება...მასთან გავიქეცი...მინდა გავახარო რომ კარგად ვარ,მეტად კარგად, ვიდრე ოდესმე ვიყავი...ალბათ სასწაული მოხდა...უფალმა სიარულიც შემაძლებინა...მივდივარ დედასთან და მაგრად ვეხუტები...დედა გაირინდა, მან იგრძნო ჩემი ჩახუტება, მაგრამ თითქოს ვერ მხედავს...ამ დროს დედას რეანიმაციიდან დაურეკეს და ის განწირული ხმით კივის - "მარიამი ცოცხალია! მარიამი ცოცხალია! არაფრის მოსმენა არ მინდა! არავინ მომისამძიმროთ!"...მე კი დედას ვამშვიდებ, ვეუბნები:"დედა, რატომ ტირი? დედა, მე კარგად ვარ! დედა,შემომხედე,მე შენთან ვარ! შენთან ვდგევარ, გეფერები!...დედიკუნა,უკვე არაფერი მტკივა,შემომხედე! აი დავდივარ კიდეც! ვსუნთქავ, დედი, თავისუფლად ვსუნთქავ!". მაინც ვერ ვხვდები რა ხდება...ამდენი ჩემი ახლობელი ყველა დედას დასტრიალებს თავს...მე კი ვერავინ მამჩნევს...მერე დედა რაღაც შენობასთან მიყავთ მანქანით...იქიდან ვხედავ მე მოვყევართ...მაგრამ მე ხომ აქა ვარ !?! ვხედავ დედა ჩემს უსულო სხეულს მთელი ძალით იკრავს გულში და იხუტებს...ვხედავ, კალთაში მე ვუზივარ, მაგრამ მე ხომ იმ სხეულში არ ვარ...არ ვარ?...არ ვარ...მე მანდვე ახლოს ვარ, დედასთან ახლოს...ვეძახი:"დედა, დედა, მე აქ ვარ! ცოცხალი ვარ!", მაგრამ დედას ჩემი არ ესმის, ის მხოლოდ ჩემს სხეულს საბოლოოდ ეფერება...უკვე ვხვდები რაც მოხდა...ესეიგი, მე უკვე აღარა ვარ ! დედამ ბევრი სურვილი ამისრულა, ის გააკეთა,რასაც ბევრი დედა ვერ შეძლებდა...მან სახლამდე ჩახუტებული მიმიყვანა...

...იმ დღის მერე 10 თვე გავიდა. მე კი სულ დედასთან, გიგასთან და ნინისთან ვარ,უბრალოდ ისინი ვერ მხედავენ..."დედიკუნა, ძალიან გთხოვ, ნუ ტირი ჩემზე...შენ რომ ტირი, გიგაც ტირის...ნინიც სულ "მაის" მეძახის...დედიკუნა,იცოდე,რომ მეც მიყვარხარ გულში, შენ ისევ სამი შვილი გყავს : მარი,გიგა,ნინი. მე სასუფეველში, ისინი კი შენთან, დედამიწაზე. მე ვიცი, როცა ნინი დაიბადა, ეს იმიტომ მოხდა, რომ მე უნდა წავსულიყავი და ნინის ახალი სიცოცხლე გამეგრძელებინა...ამ ყველაფერს შენც გრძნობდი, დედა...ვიცი, გიჭირს უჩემობა, მაგრამ ნინი ხომ უფლის ნაჩუქარი დიდი საჩუქარია...იზრუნე ჩემს და-ძმაზე...ჩემი ხათრით გაუძელი სულისტკივილის...მოვა დრო და მე დაგხვდები სასუფევლის კარებთან და მარადისობაში სამუდამოდ ჩაგეხუტები...ასე რომ იცოდე,დედა, ჩვენი დედა-შვილობის ჯაჭვი არ გამწყდარა! ჩვენ სულ ერთად ვართ და ვიქნებით!"....

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100