რას ნიშნავს სახელწოდება „ქართული ოცნება“, რიცხვი „41“ და თარიღი „20 -30“?
ძვირფასო მკითხველო, გიფიქრია, თუ რატომ დაირქვეს ივანიშვილის პარტიის წევრებმა „ქართული ოცნება“?
თუ არ გიფიქრიათ, მოდით ერთად გავიხსენოთ, ვის ბაძავდნენ კომუნისტები თავისი ლოზუნგებით - ქრისტიანებს! ყველა ლოზუნგი ქრისტიანებისგან გადაიღეს და საქმით ხომ საპირისპიროს აკეთებდნენ და თან იმასაც გაიძახოდნენ - ღმერთი არ არისო!
ჩავხედოთ „ვიკიპედიას“ და ვნახოთ, ხომ არ ყოფილა კიდევ რომელიმე ქვეყანაში მეოცნებეთა ჯგუფი? აგერ, ბატონო - „ამერიკული ოცნება“! ახლა, წავიკითხოთ, რა წერია იქ:
„ამერიკული ოცნება (ინგლ. American Dream) — გამოთქმა, რომელიც აღნიშნავს აშშ-ის „საშუალო მოქალაქის“ ცხოვრების იდეალს. პირველად, „ამერიკული ოცნების“ ცნება შეტანილ იქნა ჯეიმზ ადამსის მიერ წიგნში „The Epic of America” 1931 წელს. ამ წიგნში ადამსმა აღწერა ისეთი ქვეყანა, სადაც ყველას აქვს თვითრეალიზების საშუალება, სადაც ყველას შეუძლია იცხოვროს ისე, როგორც უნდა და გამოიტანოს მაქსიმალური სარგებელი ცხოვრებიდან. მან აღწერა ამერიკული ოცნება, როგორც „ოცნება ქვეყანაზე, რომელშიც ცხოვრება იქნება უფრო იოლი და მდიდარი ყველა ადამიანისათვის, მისი შესაძლებლობების ან მიღწევების თანახმად. ამერიკული ოცნება მჭიდროდაა დაკავშირებული "Self-made person"-ის ცნებასთან - ეს არის ადამიანი, რომელიც დაუღალავი შრომით აღწევს წარმატებას“.
ხედავთ, ხალხო, რა ყოფილა? ივანიშვილის ფრთის ქვეშ შეფარებულ გუნდს სახელი და მიზანდასახულობა ამერიკელებისგან მოუპარავს, რათა ასოციაციურად და ქვეცნობიერად შთაენერგათ თანამემამულეებისათვის, რომ ისინიც იმავე მიზნებს ისახავდნენ, როგორსაც ამერიკელები. მაგრამ ნაკომუნისტარი ბელადების ხელში კომუნისტებზე უკეთესს რას მიაღწევდნენ - მათსავით უკუღმა წარმართეს ქვეყნის ბედი და, თუკი ამერიკელებმა მართლაც მიაღწიეს მდიდრულ ცხოვრებას ყველა მოქალაქისათვის და დაუღალავი შრომით ყველამ შეძლო მათთან წარმატების მიღწევა, ივანიშვილის გუნდმა უმუშევრობით პირიქით - გააღატაკა ყველა პატიოსანი ადამიანი და მხოლოდ უშრომელი გზით გახადა წარმატების მიღწევა შესაძლებელი!
ახლა ვნახოთ, საიდან მოაფიქრდა თავში ივანიშვილს „41“ რიცხვი. საყოველთაოდ ცნობილია, ჩვენი ძვირფასი ბატონი ბიძინა, როგორ არის გათვითცნობიერებული მისტიკაში. ამიტომ, ჩვენც მივყვეთ მისი აზროვნების მდინარებას და ასი წლით გადავინაცვლოთ წარსულში.
ჯერ კიდევ 1918 წელს შეიქმნა თბილისში პოეტური ჯგუფი „41“. ეს იყო თბილისელ ავანგარდისტ ხელოვანთა გაერთიანება, რომელთა ჯგუფის სახელწოდება დაკავშირებული გახლდათ „41“-ის მისტიკურ საზრისთან - ჯერ-ერთი - განედის 41-ე გრადუსზე მდებარეობენ: ნეაპოლი, პეკინი, კონსტანტინოპოლი, მადრიდი, ნიუ-იორკი და, რაც მთავარია, თბილისი. ახლა, მთლად ზეციური - 40 დღე იყვნენ უდაბნოში ქრისტე და ზარათუშტრა და 41-ე დღეს დაბრუნდნენ ადამიანთა სამყაროში. მოდერნისტ ხელოვანთა ჯგუფის მიზანი იყო სამყარო წამოეცვათ ახალ ღერძზე!
ეს ყველაფერი ძალიან კარგი იმ ჯგუფისათვის, ხოლო რა უნდოდა ეთქვა ამ რიცხვით ბიძინას? ალბათ ის, რომ თბილისიც, რა თქმა უნდა, გახდებოდა ნეაპოლის, პეკინის, კონსტანტინოპოლის, მადრიდის, ნიუ-იორკის ფარდი ქალაქი და მიაღწია კი იმას, რომ დღემდე ამ ქალაქებივით მხოლოდ 41-ე გრადუსს შეარჩინა რუკაზე და იმ განსაცდელს აგვარიდა, რომ არ ჩააჩოჩა რამდენიმე გრადუსით ქვემოთ! რაცშეეხება 40-დღიან უდაბნოს, ბატონი ბიძინა 40 დღეზე კაი ძალი მეტი ხნით არის პოლიტიკიდან გასული იდუმალების უდაბნოში, საცაა აპირებს დაბრუნებას ადამიანთა სამყაროში და ის დროა, ვუფრთხილდეთ - მთელი სამყარო თუ არა, საქართველო მაინც არ წამოაცვას ახალ ღერძზე!
დაბოლოს - 20-30! ივანიშვილი ირწმუნება, რომ ეს არის წელი, როდესაც საქართველო, მისი მეოხებით მიაღწევს თავის საწადელს, მაგრამ ვერ ხსნის, რატომ მაინც და მაინც ამ წლებში. არადა, რა ქარაგმა იმალება ამ რიცხვებში?
ცნობილია, რომ მოსემ 40 წელი ატარა ებრაელები უდაბნოში და მხოლოდ მას შემდეგ შეიყვანა ისინი აღთქმულ მიწაზე, როდესაც თითქმის აღარ დარჩა მათ შორის მონობაში დაბადებული ადამიანი.
გავიხსენოთ 1991 წელი, როდესაც ქართველებს აღუჩინა განგებამ სვე-ბედის განმკარგავად მოსეს ღვაწლის მტვირთველი პიროვნება, რომელმაც ერს აღუდგინა ორსაუკუნოვანი მონობის შემდეგ ქვეყნის დამოუკიდებლობა. ხოლო, რადგან ქართველებმა კარგად ვიცოდით, რომ არ იყო ბელადის ხვედრი აღთქმულ მიწაზე შესვლა, ბოლოში რომ არ გაწბილებულიყო, თავშივე მოვკალით ჩვენი წინამძღოლი. მას შემდეგ დავდივართ გზა-კვალაბნეულნი უთავბოლოდ ჩვენს უდაბნოში.
სწორედ 20-30-ში გაგვიდის ის 40 წელი, რომელთა შემდეგაც შევალთ ქართველები აღთქმულ მიწაზე. რაცშეეხება ივანიშვილს, ტყუილად მცდელობს საკუთარ თავთან ამ რიცხვების დაკავშირებას - ის ვერ მიატანს ამ თარიღამდე, რადგან თუკი დღეს შუა გზაზე ვართ და იმის ფარდი ჟამი გვიდგას, როდესაც უფლის მცნებები გაცვალეს ებრაელებმა ოქროს კერპზე და როდესაც ფიქალები დაამსხვრია მოსემ, რა ვუყოთ, რომ ქართველებს აღარ გვყავს ჩვენი ლიდერი - იმის მოლოდინში მაინც ვართ, რომ აღჩნდება გმირი, ამ ოქროს კერპის შემმუსვრელი, რათა თანამოძმეთ აღთქმულ მიწამდე სიძნელე გზისა გაუადვილოს!
კომენტარი