ვის უხდის მადლობას დავით ნარმანია?
დავით ნარმანიას ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.
“თბილისელებო, მოგესალმებით!
პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ყველას, განურჩევლად პოლიტიკური პოზიციისა, ვინც საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა და ვისაც კარგად ესმის, რომ არჩევნებში მონაწილეობით, პირველ რიგში, ხმა მისცა ჩვენი ქვეყნის წარმატებულ მომავალს, დემოკრატიული განვითარების გზას.
15 ივნისის არჩევნები ისტორიაში არა მხოლოდ იმიტომ შევა, რომ საქართველოში შედგა უპრეცედენტოდ თავისუფალი თვითმმართველობის არჩევნები, არამედ იმიტომაც, რომ ხელისუფლებამ, პირველ რიგში, საკუთარ თავს დაუწესა განსაკუთრებულად მაღალი ბარიერი. მიუხედევად ამისა, არავის გუნდში არ გასჩენია ცდუნება, რომ ხელი ეფათურებინა საკუთარი მოქალაქეების არჩევანში. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ჩვენ ყველანი ვართ ისტორიული მოვლენის თანამონაწილეები: ქვეყნაში მკვიდრდება მეორე ტურის კულტურა, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია.
ეს არის ჩვენი შვილების მომავლისთვის შექმნილი ფუნდამენტი და ეს ყველაზე დიდი მიზანია ყველა მიზანს შორის.
რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემს მხარდამჭერებს, თითოეულ თბილისელს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს და ჩათვალეს, რომ მთავარი ის კი არ არის, ვინ, სად, რომელ ქალაქში, ან რომელ უბანში დავიბადეთ, არამედ ის, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი საერთო სამშობლოსთვის, ჩვენი საქართველოსთვის და იმ ქალაქისთვის, რომელიც ყველას განურჩევლად ასე ძალიან გვიყვარს. თქვენს ნდობას ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მითუმეტეს, რომ ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ამ ქალაქში გავატარე და ისევე მტკიოდა და მტკივა წლების განმავლობაში დაგროვილი უამრავი პრობლემა, როგორც თითოეულ თქვენგანს. თითოეული შემოხაზული ბიულეტენი “დავით ნარმანია” და თითოეული თქვენი ხმა ჩემთვის დიდი სტიმული და მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო მეტი შემართებით ვიბრძოლო გამარჯვებისთვის, კიდევ უფრო მეტი ძალიხსმევა ჩავდო იმ პროგრამის განხორციელებაში, რომელზეც მე და ჩემმა გუნდმა მრავალი თვის განმავლობაში ვიმუშავეთ. მე მოვდივარ თქვენი კეთილდღეობისთის, დასაქმების, ცხოვრებისა და დასვენების საუკეთესო პირობების შექმნისთვის, გაჭირვებული ადამიანების დახმარებისთვის, ახალგაზრდებისა და პენსიონერებისთვის, იმისათვის, რომ თბილისი გახდეს თქვენი ოცნების ქალაქი.” - ნათქვამია განცხადებაში
კომენტარი