ბურჯანაძესა და "გრეჩიხას" შორის შავმა კატამ გაირბინა (ვიდეო)
ერთმანეთის მხურვალე გადაკოცნის მიუხედავად, ნინო ბურჯანაძესა და ლევან გაჩეჩილაძეს შორის პირველი უთანხმოება უკვე მოხდა. ამჯერად „მრისხანების დღის“ თარიღთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, არც სახალხოდ და არც პირად საუბრებში ამ დღის „სახალხო კრებისეული“ ვერსია ნინო ბურჯანაძეს არ დაუსახელებია, „ქართულმა პარტიამ“ კი უკვე დაანონსა 25 მაისი. პარტია ამ თარიღს ვერ შეცვლის, რადგან, წინასწარი ანონსის თანახმად, სწორედ ამ დღეს უნდა გამოჩნდნენ საქართველოში ირაკლი ოქრუაშვილი და კოტე გოგელია.
ჩვენი ინფორმაციით, მიტინგის მართვის სადავეების თანდათანობით „ქართული პარტიის“ ხელში გადასვლას ბურჯანაძე დიდი ხალისით არ შეხვედრია. დაკვირვებული თვალი კარგად შეამჩნევს, რომ „ქართული პარტიის“ განცხადებები მიტინგზე, პირველივე წუთებიდან თვითრეკლამა და ისეთი ქმედებაა, რასაც პოლიტიკაში აზრის და გეგმების თავს მოხვევას უწოდებენ.
„აქ არ წყდება საქართველოს ბედი, ამ ტელევიზიასთან. საქართველოს ბედი 25 მაისს, ავლაბარში გადაწყდება“, – აღნიშნა ერსი კიწმარიშვილმა გუშინდელი გამოსვლის დროს.
„...და თუ დღეს აქ არ დგანან თბილისელები, მე გაძლევთ პირობას, რომ ისინი აქ დადგებიან!“, – დაამატა გია გაჩეჩილაძემ.
ორ ლიდერს შორის უთანხმოებაზე ისიც მეტყველებს, რომ ორივე განსხვავებულ შეფასებებს აკეთებს და პოზიციებს აფიქსირებს. ასე მაგალითად, გუშინ ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ჟურნალისტებმა, მიტინგების გასაშუქებლად აკრედიტაცია უნდა გაიარონ და რამდენიმე მედიასაშუალებას „შეკვეთით მომუშავე მონები“ უწოდა, დღეს დილით კი ნინო ბურჯანაძის განცხადება გავრცელდა, სადაც ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი პირადად გაჩეჩილაძეს არა, მაგრამ აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი არ შეუშალონ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კიდევ ერთი განხეთქილების ვაშლი თარიღია. ნინო ბურჯანაძემ უკვე გააკეთა განცხადება, რომ „სახალხო კრებას“ საკუთარი გეგმები აქვს და, შესაძლებელია, 25 მაისს „ქართული პარტიის“ მიერ დაგეგმილ აქციებს არ შეუერთდეს, თუმცა, საბოლოო შეთანხმება ამ თარიღთან დაკავშირებით მაინც შედგა.
ყველაფრიდან ცხადია, რომ ნინო ბურჯანაძეს არ სურს, მის მიერ თავშეყრილი ხალხი „ქართულმა პარტიამ“ მიითვალოს და საკუთარი გეგმებისთვის გამოიყენოს: ბურჯანაძე დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ცდილობს.
დუეტს შორის დაპირიპირებაზე უკვე სხვადასხვა მედიასაშუალებებიც საუბრობენ. მაგალითად, "კურიერმა" 23 მაისის გამოშვებაში ამ დაპირისპირების განხილვას წამყვანი სიუჟეტი მიუძღვნა, რომელიც სტატიას თან ერთვის.
კომენტარი