ეჩმიაძინი: გავრცელებული ვიდეომასალა მონტაჟია...
აზერბაიჯანული "ეხოს" ინფორმაციით, სომხეთში ახალი საეკლესიო ვიდეოსკანდალი მზადდება.
საქმე "Youtube"-ზე გავრცელებულ ვიდეომასალას ეხება, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორესთან საუბარს ასახავს.
აზერბაიჯანული გამოცემის ინფორმაციით, "გარეგინ მეორეს საქართველოში ვიზიტი სკანდალური იყო და მას სომხური ეკლესიის სტატუსისა და ქონების საკითხის წინ წამოწევა, ასევე რელიგიური გაერთიანებების შესახებ სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანა მოჰყვა, თუმცა ახლა სომხეთში საქართველოს პატრიარქთან შეხვედრისას მათი კათოლიკოსის საქციელს უფრო ონტენსიურად განიხილავენ".
"ამ ჩანაწერში გარეგინ მეორემ თავისი აღზრდა, აზროვნების სტილი და რაობა აჩვენა. კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ ის არაფრით განსხვავდება ჩვენი ოლიგარქებისგან, რომელთათვისაც ურთიერთობების გარკვევის ფორმა "ბაზარი" და "გარჩევაა", შესაბამის სიტყვათა მარაგითა და არგუმენტების დონით. კათოლიკოსი ასევე ჰგავს სერიალურ მაფიოზებს, რომელთაც ჩვენი ტელევიზიები მისაბაძ მაგალითად წარმოაჩენენ. ასე, რომ, ის ფაქტი, რომ ჩვენ ასეთი კათოლიკოსი გვყავს, შემთხვევითი არაა - ეს ჩვენი გონებრივი და სულიერი დეგრადაციის სარკეა. ჩემთვის უცნაური იყო ის დეტალიც, რომ სომხეთის სულიერი ლიდერი ილია მეორესთან "შენობით" ლაპარაკს ცდილობდა, რასაც ის რბილად ეწინააღდმეგებოდა. მე, რა თქმა უნდა, არ ვიცი, სომხურ საეკლესიო "ბიზნეს-ელიტაში" როგორი ეტიკეტი მოქმედებს, თუმცა ჩვენთვის, უბრალო სომხებისთვის მიღებულია, რომ ასაკით უფროს ადამიანს "თქვენობით" უნდა მიმართო და მუხლზე ხელი მუდმივად არ ურტყა" - განაცხადა ოპოზიციური სომხური გამოცემა "არავოტის" მთავარმა რედაქტორმა ახალი სენსაციის კომენტირებისას.
უფრო მძაფრი კომენტარები იყო ფორუმებზე: "სამაგიეროდ ის ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე "მობლატავე" კათოლიკოსი", "ქვის ხანა, ნეოლითის ეპოქა, საშინელებაა" და სხვა.
ეჩმიაძინმა ასეთი საუბრის შესახებ ინფორმაცია უარყო. როგორც ეჩმიაძინის პრეს-სპიკერმა ვაჰრამ მელიქიანმა განაცხადა, "ინტერნეტში განთავსებული მასალა მონტაჟია და მეგობრული საუბრის დამახინჯებულ ვერსიას წარმოადგენს, რომელზეც ოპერატორები, სხვათაშორის, დაშვებული არ ყოფილან, ხელმოუწერელი კომიუნიკეს ტექსტის გავრცელება კი ქართული მხარის პროვოკაციაა".
"საეჭვოა, დისკუსიის ხასიათის შეცვლის შესახებ ეჩმიაძინის მცდელობებმა შედეგი გამოიღოს. სომხეთში ძალიან ბევრი საინფორმაციო მასალა დაგროვდა, რომელიც სომხურ ეკლესიაში დამკვიდრებული ზნე-ჩვეულებების შესახებ დისკუსიას აღვივებს. ცოტა ხნის სომხური ეკლესიის წარმომადგენლების კრიმინალთან კავშირების შესახებ პრესაში განხილვები მიმდინარეობდა. ასე, რომ, არ ღირს, სომხური ეკლესიის მიმდევრები სარკეზე ან ვიდეორგოლზე აპელირებდნენ. მით უმეტეს რომ, იმ შეხვედრიდან ძალიან მალე პრესაში ილია მეორეს განცხადება გავრცელდა, რომ "გარეგინ მეორე ახალგაზრდა ადამიანია და მას მეტი გამოცდილების დაგროვება ესაჭიროება", - წერს "ეხო".
კომენტარი