სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ბევრჯერ იყო შემთხვევა, შეკრებილან ნულები და ჯამშიც ნული მიუღიათ“

ოპოზიციურ სპექტრში პრინციპულობით გამორჩეული „ეროვნული ფორუმი“ მოქმედების ახალ სტრატეგიას აყალიბებს. ფორუმის ლიდერის, კახა შარტავას თქმით, არჩევნებში მონაწილეობის არმიღება არ ნიშნავდა რევოლუციაზე წასვლას. მათთვის ახლა გაცილებით მნიშვნელოვანი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობაა. „ეროვნული ფორუმი“ პოლიტპარტიებთან კონსულტაციებზეც იწყებს მუშაობას. პარტიის გეგმებზე და ოპონენტ პოლიტიკურ პარტიებზე „დრონი.ჯი“-სთან თავად „ეროვნული ფორუმის“ ლიდერი, კახა შარტავა საუბრობს.

„დრონი.ჯი“: რა დაანახა „ეროვნულ ფორუმს“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა და რას აპირებს თქვენი პარტია?
კახა შარტავა, „ეროვნული ფორუმის“ ლიდერი: „რასაც ვაკვირდები, ბოლო დროის განმავლობაში ოპოზიციურ სპექტრში პირველი პირები აყენებენ ასე საკითხს, რომ საკუთარ თავზე სამუშაო აქვს, მისი პარტიაა მოსაწესრიგებელი და გასაძლიერებელი. შესაძლოა, ეს სტრატეგია სწორიც არის, თუმცა ამ შედეგს, ალბათ, დავინახავთ ახლო მომავალში, როდესაც იქნება ნათელი, თუ რა შედეგების მიღწევა შეუძლია ამა თუ იმ პოლიტიკურ ლიდერს.

მოსამზადებელი სამუშაოს გავლა მოუწევს ოპოზიციას, სანამ ჩვენ დავინახავთ ისეთ კონფიგურაციებს, რომლებსაც საშუალება ექნებათ საარჩევნო გარემოს შეცვლამდე მიიყვანონ ეს ხელისუფლება, არჩევნებშიც შევიდეს და მოიგოს არჩევნები. ჯერჯერობით ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილის პოლიტიკას ამგვარი პირი არ უჩანს. ასეთი სუბიექტები გინდა დააჯგუფეთ, გინდა გადააჯგუფეთ და გინდაც ცალ-ცალკე დატოვეთ, არ ფიგურირებენ პოლიტიკაში. ესენი არიან ჩამოსაყალიბებლები და „ეროვნული ფორუმი“ სწორედ იმას ცდილობს, რომ ერთ-ერთ ასეთ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდეს.

– თქვენ საკმაოდ კრიტიკული იყავით და ხართ ზურაბ ნოღაიდელის მიმართ, ნინო ბურჯანაძესთან შედარებით ლოიალობა გამოიჩინეთ, რა განსხვავებაა ამ ორ ყოფილ ჩინოვნიკს შორის?
– მე ამას კრიტიკას არ დავარქმევდი, შეკითხვა ძირითადად ასე ისმოდა, ვხედავთ თუ არა რაიმე საერთო ენას ნოღაიდელთან. ამას ვერ ვხედავდით და ვერც ახლა ვხედავთ. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, გარკვეული ტიპის ურთიერთობა მოიტანა საყოველთაო საპროტესტო აქციებმა, რომელიც 9 აპრილს დაიწყო და საზოგადოების განწყობა იყო მაშინ ისეთი, რომ ჩვენ ყველას ერთად მოგვიყარა თავი. სამომავლო პერსპექტივა თუნდაც ბურჯანაძის პარტიასთან დაახლოებისა არ ჩანს, იმიტომ, რომ არის ძალიან ბევრი სხვაობა პოლიტიკურ აქტივობასა და მიზანში.

– სწორედ 2009 წლის აპრილის საპროტესტო აქციების დროს ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნა იყო, რომ მათთან ერთად რუსთაველის გამზირზე არ ყოფილიყო ზურაბ ნოღაიდელი.
– ბურჯანაძის პარტია იყო ინიციატორი ამ საპროტესტო აქციებისა. ჩვენ საერთოდ წინააღმდეგი ვიყავით 9 აპრილს აქციის გამართვისა და ვამბობდით, რომ ეს არ დასრულდება იმ შედეგით, რასაც ემსახურება. ამ პროცესებში ჩართვა გამოიწვია საზოგადოების ინტერესმა და მხოლოდ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ „ეროვნული ფორუმი“ და ნინო ბურჯანაძე ერთად აღმოჩნდნენ სცენაზე. ოპოზიციაში პოლიტიკური ლეგალიზება თუ სურთ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებიდან გამოდიან, თითოეულ მათგანს უწევს გარკვეული პოლიტიკური პროცესების გავლა. წლების განმავლობაში ებრძვი ხელისუფლებას და შემდეგ ამ ძალიდან გამოდის ადამიანი და ამბობს, რომ ის ოპოზიციონერია, ასე ხელგაშლით და ჩახუტებით ვერ შეხვდები.

– ოპოზიციამ საზოგადოებაში რეიტინგი დაკარგა, რაც ყველაზე ნაკლებად შეიძლება დაბრალდეს ხელისუფლებას. ოპოზიციონერთა მხრიდან პარტიების ცვლა, ალიანსების დაშლა და პოზიციათა მერყეობა უქმნის თუ არა საფრთხეს იმ ლიდერებს, რომლებსაც აქვთ ამბიცია და გარკვეული რესურსიც, რომ ხალხში რეიტინგულები იყვნენ?
– პოზიციათა ცვლა ხდება ხოლმე, მაგრამ პრინციპთა ცვლა გაუმართლებელია. პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც გაცილებით მოქნილნი არიან და იოლად ლავირებენ ისეთ საკითხებში, რომელიც შეიძლება პრინციპთან იყოს დაკავშირებული, თავიანთ საქმიანობას არ აწყობენ პრინციპზე. მათთვის მთავარია ორიენტირებული იყონ კონკრეტულ სარგებელზე. ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს უპირობოდ რომ ეთანხმები და მიდიხარ, უკვე წაგებული ხარ. ეს რეჟიმსაც და საზოგადოებასაც აძლევს იმის შეგრძნებას, რომ ნებისმიერი ომი და ბრძოლა შეგიძლია მოუგო ოპოზიციას, ვინაიდან ის ყოველთვის შეცვლის იმ სიტყვას, რისთვისაც ახლა შეიძლება 300 000 კაცი გამოვიდა ქუჩაში. შეიძლება ზოგიერთმა პოლიტიკოსმა წარმატებად ჩათვალოს ის, რომ რამდენიმე კაცით შევიდა საკრებულოში, მაგრამ პრობლემას ის ქმნის, რომ დაკვეთა და ამომრჩევლის მოთხოვნა ეს არ იყო. ამ წარმატებას არ ითხოვდა ხალხი და არც ოპოზიციის დაპირება იყო ეს. ისინი ჰპირდებოდნენ ხალხს, რომ ამ ხელისუფლებას შეცვლიდნენ. ეს კი ვერ მოახერხეს.
– თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ როდესაც არსებობს პოლიტიკური პარტია და ის უარს ამბობს არჩევნებში მონაწილეობაზე, მიდის რევოლუციაზე. „ეროვნული ფორუმი“ მიდის რევოლუციაზე?
– ეს ძალიან გამარტივებული ხედვაა. არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა არ ნიშნავს რევოლუციის მოწყობის ინიცირებას. თუმცა რევოლუციად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ პოლიტიკური პარტია, რომელსაც შეუძლია მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, რასაც შემდეგ ბიუჯეტიდან დაფინანსება მოყვება. როდესაც პოლიტიკური პარტია ამაზე უარს ამბობს, შეიძლება ჩათვალო ეს რევოლუციად. პოლიტიკური პარტია არის ის ორგანიზმი, რომლის არსებობის, თვითრეალიზების, ზრდისა და პოლიტიკური აქტუალურობის განმსაზღვრელი არის არჩევნები, მაგრამ ეს არჩევნებს ეხება. თუ ის არჩევნები არ არის, მაშინ მას უნდა დაარქვა თავისი სახელი და ესეც არჩევანია.
– გერმანულენოვან გაზეთში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ 2009 წლის აპრილის მოვლენებს ლობირებდნენ უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორიტეტები. „ეროვნული ფორუმი“ ჩართული იყო ამ საპროტესტო აქციებში, ამ საკითხთან დაკავშირებით გაქვთ ინფორმაცია?
– ასეთი ძლიერი კრიმინალური ჯგუფები თუ ჩართულები იყვნენ ამ საქმეში, დროზე რომ გვცოდნოდა, ცოტა სხვანაირად ვიმოქმედებდით. ვხუმრობ, რასაკვირველია. ჟურნალისტის განცხადება და სტატია ყოველთვის არ არის ხოლმე მამტკიცებელი საბუთი. ამ ადამიანების მოღვაწეობის შესახებ, ვინც სტატიაში არიან ნახსენები, საქმის კურსში არ გახლავართ, მაგრამ საპროტესტო აქციების პერიოდში რომ ყოფილიყო ამგვარი რამ, ამის არც მოსურნე არავინ მინახავს და არც იქნებოდნენ. ექსპრომტად კი ეს არ მოხდებოდა. შეკრებების დროს ყველაზე რადიკალური მოქმედების გეგმას ჩვენ ვთავაზობდით ხოლმე, რადიკალურში ვგულისხმობ ქუჩების გადაკეტვას და ა.შ.

– თუმცა არჩევნების დროს გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ნინო ბურჯანაძის მეუღლე, ბადრი ბიწაძე შალვა ბრეუსს შეხვდა უკრაინაში.
– სადაც ჩვენ ვტრიალებდით, ვგულისხმობ მოქმედების არენას, წინაპირობა, რომ მოქმედებები განვითარებულიყო ისე, როგორც გერმანელი ჟურნალისტის მასალაშია, არ ყოფილა. ამის შეგრძნება და არც შესაძლებლობა არავის ჰქონია.

– „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ „ალიანსის“ დაშლის შემდეგ არ არის გამორიცხული, ახალი პოლიტიკური პარტნიორების ძებნა დაიწყონ და შექმნან კვლავ ალიანსი. რას აპირებს ამასთან დაკავშირებით „ეროვნული ფორუმი“?
– კარგ ალიანსებს და გაერთიანებებს რა ჯობია, მაგრამ ჯერ, სამწუხაროდ, ამის მაგალითები არ მინახავს. „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი აცხადებს, რომ ისინი პარტიული მშენებლობისა და გაძლიერებისთვის იწყებენ ბრძოლას. ეს კარგი პროცესია. ასევე უნდა გამოიკვეთონ ის ლიდერები, რომლებიც არ ჩანან რას წარმოადგენენ, როდესაც ყველა ერთად იკრიბება და ხშირად დავმდგარვართ იმ ფაქტის წინაშე, რომ საზოგადოება გამოდის მოტყუებული. ბევრჯერ იყო შემთხვევა, შეკრებილან ნულები და ჯამშიც ნული მიუღიათ. რაოდენობა არ გულისხმობს ხარისხს.
ამიტომ თითოეული პოლიტიკური სუბიექტი თუ ჩამოყალიბდება ერთ მთელად და არ იქნება ნული, უკვე იქნება შესაძლებლობა, ერთად შეიკრიბონ და იმსჯელონ. მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ და არავის ნულს არ ვუწოდებ, უბრალოდ, ახლა არითმეტიკით ვსარგებლობ. ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რომ გადაიქცნენ პოლიტიკური პარტიები ისეთ ძალებად, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა, ნორმალურ საარჩევნო გარემოში დაამარცხონ ხელისუფლება არჩევნების გზით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100