სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს პრემიერ-მინისტრს სტიქიის გამო მსოფლიოს ლიდერები თანაუგრძნობენ

თბილისში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები და მთავრობის მეთაურები მხარდაჭერას უცხადებენ.

ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის სამძიმრის წერილი მიიღო.

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, გამოვთქვამ დიდ მწუხარებას თბილისში მოხდარი სტიქიის გამო, რომელმაც იმსხვერპლა ადამიანთა სიცოცხლე და გამოიწვია მატერიალური ზარალი. თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას. ვუსურვებ დაზარალებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას“, – ნათქვამია ილჰამ ალიევის წერილში.

ქართველ კოლეგას თანაუგრძნობს ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი. ბულგარეთის მთავრობის მეთაური გამანადგურებელი წყალდიდობის მიერ გამოწვეული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„გამოვთქვამ იმედს, რომ საქართველოს მოქალაქეთა მხარდაჭერისა და სოლიდარობის წყალობით, წყალდიდობით დაზარალებულ რაიონებში ცხოვრება უახლოეს მომავალში ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. გარწმუნებთ, ამ ტრაგედიის შედეგების დაძლევაში საქართველოს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს ბულგარეთის მთავრობის თანაგრძნობისა და მხარდაჭერის იმედი“, – ნათქვამია ბოიკო ბორისოვის წერილში.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა, სტიქიასთან დაკავშირებით, მხარდამჭერი წერილი მიიღო მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კორპორაცია „ტატა ჯგუფისგან“.

„ტატა ჯგუფის“ თავმჯდომარე საირუს მისტრი აღნიშნავს, რომ თბილისში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებულ მოვლენებს თვალყურს პირადად ადევნებს, ხოლო მის კოლეგებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან უწყვეტი კონტაქტი აქვთ.

„ჩვენ უაღრესად შეშფოთებულნი ვართ იმ შედეგებისა და მსხვერპლის გამო, რომლებიც ამ სტიქიამ მოიტანა. ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენ სრულად აკონტროლებთ წყალდიდობის შედეგად შექმნილ ვითარებას და უმკლავდებით გამოწვევებს, რომლებიც დაკავშირებულია წყლის დონის კლების შემდეგ დარჩენილ შლამთან და სასმელი წყლის უკმარისობასთან. ჩემი მითითებისამებრ, „ტატას“ წარამომადგენლები მუდმივ კონტაქტში არიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან. საჭიროების შემთხვევაში, „ტატა ჯგუფი“ მზად არის მყისიერი დახმარებისა და თანადგომისთვის. გარწმუნებთ, გვერდით ვუდგავართ თბილისისა და სრულიად საქართველოს მოსახლეობას. „ტატა ჯგუფი“ ყოველთვის მზად არის, გაგიწიოთ ნებისმიერი სახის მხარდაჭერა ამ ძნელბედობის ჟამს“, – ნათქვამია „ტატა ჯგუფის“ თავმჯდომარის წერილში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100