სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კუბლაშვილის სპეციალური განცხადება და დღის მნიშვნელოვანი მოვლენები

გთავაზობთ, დღეს 29 აპრილს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და იმ ფაქტებს, რომლებმაც მედიის ყურადღება მიიქცია.

მინისტრთა კაბინეტში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ეჭვები ერთ-ერთი უწყების ხელმძღვანელის მიმართ არსებობს. რომელი მინისტრი დატოვებს თანამდებობას, ეს საკითხი პოლიტსაბჭოს უახლოეს სხდომაზე გაირკვევა. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეიკრიბებიან პრემიერი, პარტიის ლიდერები და სხვადასხვა უწყების პირველი პირები. არ ხმაურდება არც სავარაუდო კანდიდატთა ვინაობა. საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე შეფასებებს აკეთებს მმართველი გუნდი. დეპუტატები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას პრემიერი გამოაცხადებს, კანონმდებლებს კი კითხვები რამდენიმე მინისტრთან აქვთ.

პროექტ "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებს ამჯერად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა. მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს საგარეო უწყების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია, რუსეთთან ურთიერთობა და საგარეო საფრთხეები იყო ის ძირითადი თემები, რომელზეც კითხვები მედიის წარმომადგენლებმა მინისტრს დაუსვეს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე სპეციალურ განცხადებას აკეთებს. კოტე კუბლაშვილი გამოეხმაურა იმ პროცესებს, რომელიც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტის მიღებასა და ვეტოს დადებას მოჰყვა. კუბლაშვილი აცხადებს, რომ სასამართლო ხელისუფლება არ ერევა პოლიტიკურ პროცესებში და იმოქმედებს იმ კანონის მიხედვით, რომელსაც საბოლოო ჯამში საკანონმდებლო ორგანო დაამტკიცებს. ამავე დროს კუბლაშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და განაცხადა, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება. კუბლაშვილმა დღეს პოლიტიკოსებსაც მიმართა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი დღეს მარნეულის რაიონში იმყოფებოდა. ნოდარ ხადურმა კომპანია "მარგებელ ჰოლდინგში" შემავალი საწარმოები დაათვალიერა. ის ადგილზე გაეცნო მათ მუშაობას. ჰოლდინგში ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განიხილეს აქტუალური საკითხები, მათ შორის ბიზნესის ხელშეწყობისთვის საგადასახადო და საბაჟო სფეროში ფინანსთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმები. ხადურმა მარნეულის სასურსათო ქარხანა და "მარნეული აგროს" ფერმერული მეურნეობაც დაათვალიერა და კომპანიის წარმომადგენლებს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი გააცნო, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროს ხელშეწყობას ითვალისწინებს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძე დღეს გერმანიის რესპუბლიკის პარლამენტის წევრ კლაუს ბრანდერს შეხვდა. საუბარი საქართველოში მიმდინარე და განსახორციელებელ რეფორმებს შეეხო. როგორც შეხვედრის შემდეგ კლაუს ბრანდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, სოციალური თანასწორობისა და დემოკრატიული ღირებულებების მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები საქართველოს ევროპასთან დღითიდღე აახლოებს.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა დღეს "პირველი რადიოს" პრესკლუბში შუალედურ არჩევნებზე ისაუბრა. შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ახალმა ხელისუფლებამ პირველივე ცდაზე დემოკრატიულობის ტესტი ვერ ჩააბარა. ნათელაშვილის თქმით, არჩევნები გაყალბებული იყო, რადგან "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა მიიღეს ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელი მაშინ, როდესაც წინასაარჩევნო გამოკითხვის დროს მათ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ.

საპროტესტო აქცია ხონში - წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატის აკაკი ბობოხიძის ძმა ლევან ბობოხიძე უკანონო ფართების მითვისებაში დაადანაშაულეს. აქციაში მონაწილეობა "ახალგაზრდული კავშირების ლიგამ", გაზეთმა "თაობამ" და საბავშვო სტუდიის წარმომადგენლებმა მიიღეს. აქციის მონაწილეების თქმით, მათი ორგანიზაციების კუთვნილი ფართის ნაწილი 2008 წელს ლევან ბობოხიძემ აუქციონის წესით შეისყიდა და ამჯერად დარჩენილი ნაწილის ყიდვას გეგმავს. აქციის მონაწილეებმა მუნიციპალიტეტის წინ ხონის საკრებულოს წევრ ლევან ბობოხიძის ფიტული დაწვეს. მოგვიანებით კი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში შეიჭრნენ და მათ ოფისის დაცლა მოსთხოვეს. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სურათი კედლიდან ჩამოაგდეს და დაწვეს. აქციის მონაწილეთა ბრალდებას ლევან ბობოხიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, აქცია კოალიცია "ქართული ოცნების" მიერაა ორგანიზებული.

ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა. დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხაშურში გზის პირას მაღაზიას დაეჯახა. შემთხვევის ადგილზე, საპატრულო პოლიციასთან ერთად, მაშველებიც მუშაობენ. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100