სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ნარინჯისფერი რევოლუციის“ ექო

რუსულ საინფორმაციო საიტ „ვესტი ნედელი“–ზე (13.02.12) დაიბეჭდა ანდრეი კონდრაშოვის წერილი „რევოლუციის საკურთხეველი“. მასში სერიოზული შეშფოთება იგრძნობა რუსეთისადმი დამიზნებული მუქარით – არაბული რევოლუციის ექსპორტის შესახებ; ამიტომ, რუსული მედია–საშუალებები საგანგებოდ იძიებენ უკრაინული რევოლუციის გამოცდილებას, რისთვისაც მის ერთ–ერთ შემოქმედს – ბერეზოვსკის სტუმრობენ. რიგი მიზეზების გამო, ჩვენც ვერ დავრჩით გულგრილნი ბერეზოვსკის მოსაზრებების მიმართ და ქვემოთ გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

„მართალია, რომ თქვენ ასპონსორებდით უკრაინულ რევოლუციას? – ეკითხებიან ბერეზოვსკის.

„დიახ, მე ნამდვილად ვუჭერდი მხარს, ვასპონსორებდი და ამას ჩემს ღირსებად მივიჩნევ. მე იუშჩენკომ მომმართა.“

„თქვენ რატომ მოგმართეს?“

„იმიტომ, რომ ეს იყო ყველაზე მოკლე გზა – მათ ესმოდათ, რომ მე მზად ვარ მათ დასახმარებლად; რომ მე მწამს მათი იდეის, მჯერა იუშჩენკოსი და ტიმოშენკოსი, ანუ ჩემი დარწმუნება ადვილი იყო“.

„ბორის აბრამოვიჩ, რამდენი ფული ჩადეთ ამაში“?

„დაახლოებით 50 მილიონი დოლარი. მე ამ ფულს ვაძლევდი სრულიად კონკრეტულ ადამიანს, ვისზეც იუშჩენკომ მიმითითა – ეს არის დავით ჟვანია.“

დავით ჟვანია გახლავთ ბერეზოვსკის პარტნიორი, ბადრი პატარკაციშვილის ბავშვობის მეგობარი. იგი მაინცდამაინც არ ჩანდა „მაიდანზე“, თუმცა რევოლუციისათვის წარმოებული დანახარჯები სახეზე იყო: კარვები, საკვები, ტანსაცმელი – ათასობით საპროტესტოდ გამოსული ადამიანისათვის, ხოლო მთელი ქვეყნისთვის – სააგიტაციო მასალები. მართალია, მოგვიანებით იუშჩენკო განაცხადებს, რომ სწორედ ჟვანიამ გაუკეთა ორგანიზაცია იმ ვახშამს, სადაც იუშჩენკო მოწამლეს.

ჟვანია კი მთელი მსოფლიოს გასაგონად გააცხადებს სამხილს იუშჩენკოს ცოლის ამერიკული მოქალაქეობის შესახებ და ყველა მოჰყვება ჩურჩულს, რომ რევოლუციონერებმა ვიღაცის ფული ვერ გაიყვეს. როდესაც ამ კვირას გაირკვა, თუ ვისი იყო ეს ფული, დავით ჟვანია კიევში მოუხელთებელი შეიქნა ჟურნალისტებისათვის.

– მე არ ვიცი, ვის აძლევდა ბერეზოვსკი ფულს – ჩემთვის არ მოუცია. ჩვენ ხომ ზრდასრული ადამიანები ვართ და ყველამ ვიცით, რომ საარჩევნო კამპანიისათვის საჭიროა ფული; და საკმაოდ ბევრი ფული. მე მგონი ეს პრიმიტიული წარმოდგენაა, რომ მოგცემენ ფულს და მოახდენ რევოლუციას. რევოლუცია ასე არ კეთდება – დარწმუნებულია იგორ ჟდანოვი, 2004 წელს ვიქტორ იუშჩენკოს საარჩევნო შტაბის წამყვანი ანალიტიკოსი.

სტატია ამით არ მთავრდება – შემდეგ საუბარია სერბებზე, ეგვიპტეზე, ტუნისზე, კადაფიზე; „მაიდანის“, „ტაჰრირის“ და „ბოლოტნაიას“ ურთიერთშედარებაზე; მაკეინზე, ხოდორკოვსკიზე, ბიკოვზე და – თუ რა ჭრილში იქნება საუბარი, ხომ ისედაც ყველასათვის გასაგებია და ამიტომ, თავს აღარ შეგაწყენთ!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100