სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ღარიბაშვილი: მრცხვენია, რომ სამარცხვინო პრეზიდენტი გვყავდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს "ტიპური დიქტატორის" განცხადებებს უწოდებს.
როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, "მასაჟისტის მომსახურება არ შეიძლება იყოს აღქმული როგორც მსოფლიოში მიღებული ნორმა".
"არ მინდა კომენტარი გავაკეთო ისეთ არაადეკვატურ განცხადებებზე, რომელიც გუშინ ერთად მოვისმინეთ. ძალიან აღელვებული ჩანდა სააკაშვილი და გამახსენდა ომის კადრები - მაშინ ყველაზე მეტად შეშინებული იყო და ერთგვარი გამეორება მოხდა ამ კადრების. რაც შეეხება მის განცხადებებს, თუ რომელიმე ქვეყანაში რომელიმე სახელმწიფოს მეთაურს მიაჩნია, რომ იმას, რასაც სააკაშვილი აკეთებდა, ეს არის ნორმალური, მაშინ პრეტენზია აღარ უნდა გვქონდეს დემოკრატიაზე. ეს იყო ტიპური დიქტატორის განცხადებები, თორემ როგორ შეიძლება მასაჟისტის მომსახურება და მილიონიანი ხარჯი იყოს ნორმად აღქმული. ესაა გამორიცხული", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე განმარტებით, მას როგორც რიგით მოქალაქეს სცხვენია, რომ ქვეყანას ასეთი სამარცხვინო პრეზიდენტი ჰყავდა.
"მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, საქართველოში დასრულდა დაუსჯელობის და განუკითხაობის ეტაპი. ყველას მოეთხოვება სათანადოდ პასუხი და ყველა მოქალაქე იქნება კანონის წინაშე თანასწორი, პრემიერია იგი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრი თუ სხვა. ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, სირცხვილია, რომ გვყავდა სამარცხვინო პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ ფუფუნებაზე ხალხის ჯიბიდან ამოღებულ ფულს ხარჯავდა. ამაზე როგორ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს განსხვავებული რეაქცია? ისინი კი გამოდიან და კადრულობენ, რომ ხალხს ნაცარი შეაყარონ თვალში და უთხრან, რომ ეს იყო ნორმა, მსოფლიოში მიღებული პრატქიკა. ამაზე პასუხს გასცემს პროკურატურა", - აღნიშნა პრემიერმა.
რაც შეეხება იმას, რამდენად არის შესაძლებელი სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს, ღარიბაშვილის თქმით, პროკურატურა მიჰყვება პროცედურას და ყველაფერს აკეთებს, რაც კანონით არის გათვალისწინებული.
საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გაფლანგვის თაობაზე წაყენებულ ბრალდებაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ის თანხები, რაზეც პროკურატურა ედავება, რეალურად იხარჯებოდა სტუმრების მიღებაზე, სასახლის ფუნქციონირებაზე, ტურიზმის რეკლამირებასა და არაღიარების პოლიტიკაზე.
"ამდენი წელი, ივანიშვილი იძახდა, რომ 19 მილიარდი წაიღო სააკაშვილმაო. ივანიშვილი არა მარტო იძახდა, თავადვე დაიჯერა თავისი ჭორები. ამ 19 მილიარდის შემდეგ იმის თქმა, რომ 9 წელიწადში 8 მილიონი სააკაშვილმა წაიღო, ეს ბრალი კიდევ უფრო სასაცილოა", - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100