სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა იყო ედუარდ შევარდნაძის ყველაზე დიდი ტკივილი სიცოცხლის ბოლო წუთამდე?

ქვეყნის პრეზიდენტობიდან გადადგომა, ედუარდ შევარდნაძის ცხოვრების ყველაზე დიდი გამარჯვება იყო, – ამის შესახებ პაატა შევარდნაძემ გუშინ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარეს, აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანს ჯეიმს ბეიკერსა და გერმანიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს ჰანს დიტრიხ გენშერს.
"უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, იმისათვის, რომ თქვენ გაიზიარეთ ჩვენი ტკივილი დღეს, თუმცა ეს არამარტო ჩვენს ოჯახს ეხება, არამედ იმ უამრავ ადამიანს, რომელმაც ბედი დაუკავშირეს ედუარდ შევარდნაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. ქვეყნების ისტორიას გმირები ქმნიან, მსოფლიო ისტორიას მომავლის მჭვრეტელი პიროვნებები. ედუარდ შევარდნაძე ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ერთიც იყო და მეორეც. ასე იყო, როცა ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და მსოფლიო პროცესების მართვის სათავეებთან იდგა და ასე იყო მაშინ, როდესაც საქართველოში დაბრუნდა და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ახალ, დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს ამკვიდრებდა", - აღნიშნა პაატა შევარდნაძემ.
მისი თქმით, ისტორიას არ უყვარს დამარცხებულები, თუმცა ედუარდ შევარდნაძე მაშინაც კი როდესაც მარცხდებოდა, გამარჯვებული იყო.
"ამ გაგებით ქვეყნის პრეზიდენტობიდან გადადგომა, მისი ცხოვრების ყველაზე დიდი გამარჯვება იყო. ეს ისტორიაზე გამარჯვებას უდრიდა. საზოგადოების განვითარებას თავისი კანონზომიერება აქვს. თუმცა, ეს პროცესი ხშირად ჩვეულებრივი ლოგიკისთვის გაუგებარი, დესტრუქციული, ნეგატიური მიმართულებით წარიმართება ხოლმე. მაშინ თუ არ გამოჩნდა პიროვნება, ლიდერი, რომელსაც შეუძლია გამრუდებული ლოგიკის გასწორება, საქმე ტოტალურ კატასტროფამდე მიდის. ედუარდ შევარნაძე, მაშინაც როდესაც ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და შემდგომაც, როდესაც სამშობლოში დაბრუნდა, სწორედ ამ გამრუდებული ლოგიკის გასწორებას ცდილობდა და უმეტესწილად აღწევდა კიდეც მიზანს. მისი ყველაზე დიდი ტკივილი სიცოცხლის ბოლო წუთამდე აფხაზეთი და სამაჩაბლო იყო, მისი ოცნება კი გამთლიანებული საქართველო და როდესაც საქართველოს გამთლიანდება და ის აუცილებლად გამთლიანდება, მაშინ ის იმქვეყნიდან გვეტყვის- მისია შესრულებულია, ცხოვრება შედგა. ედუარდ შევარდნაძე დაიბადა, ცხოვრობდა, იღწვოდა საქართველოსთვის, მოღვაწეობდა მთელი მსოფლიოსთვის. მშვიდობით!" – აღნიშნა პაატა შევარდნაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100