ბაღაფშს აფხაზური ენის იგნორირებისთვისაც აკრიტიკებენ
"აფხაზეთი. ინფო–ს" ცნობით, ოპოზიციური პარტიები სერგეი ბაღაფშს ბოლო დროს სულ უფრო ხშირად აკრიტიკებენ აფხაზური ენის უგულებელყოფის გამო. განცხადებები ამის შესახებ უკვე აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მედიასაშუალებებშიც ჩნდება.
განსაკუთრებული კრიტიკით "აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტია" და მისი ლიდერი, ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი, ბესლან ბუთბა გამოირჩევიან.
"ჩვენ ყველას მაღალი ტრიბუნიდან გვესმის განცხადებები, რომ აფხაზური ენა კომპლექსურ და განუზრელ დაცვას საჭიროებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი საუბრები საუბრებად რჩება", - განაცხადა ბუთბამ, რომელმაც მკაცრად გააკრიტიკა აფხაზური ოპოზიცია და საზოგადოება, რომლებიც საშუალებას აძლევენ ბაღაფშს, ასეთი პოლიტიკა გაატაროს.
"ხელისუფლებას არანაკლები დანაშაული მიუძღვის ჩვენი ენის დაკნინებაში, მაგრამ, მეორე მხრივ, სწორედ ჩვენ ვაძლევთ მას უფლებას, არაფერი გააკეთონ ენის დასაცავად, ჩვენს შვილებს კი - სათანადო ყურადღების გარეშე დატოვონ მშობლიური ენა", - თქვა ბუთბამ.
ერთი შეხედვით გასაკვირია, მაგრამ ბუთბას არაფერი უთქვამს სერგეი ბაღაფშის ამასწინანდელ ვიზიტზე თურქეთში, სადაც მარიონეტული ხელისუფლების ლიდერი აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა, მოგვიანებით კი ინტერვიუ ერთ–ერთ ადგილობრივ ტელეარხსაც მისცა.
მიუხედავად იმისა, რომ ბაღაფში კარგად ფლობს აფხაზურ ენას და ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების წინ აფხაზურ ენაში გამოცდაც ჩააბარა, მან თურქეთში ყოფნისას ადგილობრივ ტელევიზიას ინტერვიუ რუსულად მისცა და უფრო მეტიც: დიასპორის წარმომადგენლებსაც კი რუსულ ენაზე ესაუბრა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზურ ენაში სავალდებულო გამოცდის ჩაბარება აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტებისთვის სავალდებულო მხოლოდ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე გახდა და ამ გადაწყვეტილებას აფხაზეთის „სახალხო კრებამ“ უკვე კანონის ძალა მისცა.
საშუალო სკოლებში აფხაზური ენის სწავლება მხოლოდ დაწყებით კლასებში მიმდინარეობს. უფრო კონკრეტულად, აფხაზური ენის გაკვეთილები სკოლებში მხოლოდ მეხუთე კლასის ჩათვლით ტარდება – უფრო მაღალი კლასებისთვის პროგრამა და, შესაბამისად, ლიტერატურა არ არსებობს.
ამავე დროს, აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლები სავალდებულო, ზოგჯერ კი ძალადობრივ ხასიათს აფხაზური ენის შესწავლას მხოლოდ ქართველი ბავშვებისთვის, გალის რაიონის სკოლებში აძლევენ, თვითონ კი ამ ენის დაცვაზე ზრუნვით თავს დიდად არ იწუხებენ.
კომენტარი