პირველადი შედეგების გამოცხადება მოხდება მხოლოდ საკმარისი რაოდენობის ოქმების შემოსვლის შემდეგ - ცესკო
ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა - ეს განცხადება, ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანი მიქელაძემ გააკეთა.
ანი მიქელაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, რომ ხმის დათვლის პროცედურას ხელი არ შეუშალონ.
„საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას, რათა კომისიების მიერ მშვიდ ვითარებაში ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეფერხდეს ხმის დათვლის პროცესი,“ - განაცხადა მიქელაძემ.
მიქელაძე არჩევნების დღეს განვითარებულ მოვლენებს და გამოვლენილ დარღვევებზე საუბრისას ამბობს, რომ არჩევნებმა საარჩევნო უბნებში ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა.
„არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებში ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა. მიუხედავად კენჭისყრის შენობის გარეთ ცალკეულ შემთხვევებში განვითარებული მოვლენებისა, ამომრჩევლებმა თავისუფლად შეძლეს საკუთარი ნების გამოხატვა,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.
მიქელაძის თქმით, პირველადი შედეგების გამოცხადება მოხდება "მხოლოდ საკმარისი რაოდენობის, ოფიციალური, რეპრეზენტატული რაოდენობის ოქმების შემოსვლის შემდეგ".
მიქელაძის თქმით, ჯამში სულ 89 საჩივარია შესული. მარნეულში დაიწერა 21, ზესტაფონში 6, ხულოში - 16, ზუგდიდში -44, ოზურგეთში -1, ხოლო თბილისის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში ასევე შესულია ერთი საჩივარი.
კომენტარი