სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა ელით იმ ადამიანებს, რომლებსაც ბანკების ვალი აქვთ?

ბანკებმა მოქალქეთა ტერორის, უსახლკაროდ და ულუკმაპუროდ დატოვების ახალი გეგმა შეიმუშავეს. აღსრულების ეროვნული ბიურის მიერ მიღებულ კანონს ბანკებში ასე ხსნიან: „ეს კანონი არის ადეკვატური ქართული ეკონომიკური რეალობისა და ის 7 დღიანი ვადაც საკმარისია, რომელიც მოქალაქეს ბანკის ვალის დასაფარად ეძლევა“. კანონის პრინციპი კი შემდეგში მდგომარეობს. კანონის თანახმად ბანკი მევალის ქონებას 7 დღეში გაყიდის, უკანასკნელ 10 წელიწადში შეძენილ ქონებას კი დააყადაღებს.
ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა ვალის არსებობას სასამართლო დაადასტურებს, ვალის დასაფარად 7 დღე მიეცემათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ქონებას ბანკი დააყადაღებს. დაყადაღებული ქონება აუქციონზე გაიყიდება, დავალიანების მქონე პირს კი მხოლოდ 4 კვირის სამყოფ საკვებს, საწვავ და სანათ საშუალებებს დაუტოვებენ.
აღსრულების ბიუროს ინიციატივით თბილისში მევალეთა რეესტრიც შეიქმნა, რომელშიც ის პირები შეჰყავთ, ვისაც კრედიტორის მიმართ დავალიანება აქვს და აღმასრულებლის მიერ მიცემული გაფრთხილების მიუხედავად მის დაფარვას ვერ ახერხებს.

რამდენიმე თვის წინ ბანკებმა აქტიურად დაიწყეს საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ აპირებდნენ კლიენტთა სესხის რესტრუქტურიზაციას, თუმცა აღმოჩნდა, რომ რესტრუქტურიზაციის გეგმა ბანკების მორიგი „ბლეფი“ იყო.
ჩვენ დავუკავშირდით ბანკების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების ხელმძღანელებს, თუმცა უმრავლესობამ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. „თიბისი ბანკში“ კი ამ თემის კომენტირება არ სურთ.
„საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, სოფო ბალავაძის განმარტებით კი მევალეთა რეესტრში ადამიანი ხვდება მხოლოდ ძალაში შესული კანონიერი გადაწყვეტილების შედეგად, ანუ იმ შემთხვევაში, თუ სესხის დაფარვა ვერც ერთი გზით, მათ შორის რესტრუქტურიზაციით ვერ მოხერხდა და მომხმარებლის საკითხი სასამართლოში წყდება.
„ბანკების თვითმიზანი არ არის მომხმარებელთან ურთიერთობა სასამართლოს გზით გადაწყდეს ან მოახდინონ მომხმარებლის ქონების გაყიდვა. ბანკი მოწოდებულია მომხმარებელს დაეხმარეოს, რათა მან შეძლოს სესხის დაფარვა და თუ მომხმარებელს რომ არ შეექმნა შეფერხება სესხის დაფარვაში, სთავაზობს სესხის რესტრუქტურიზაციას“, - აცხადებს ბალავაძე.
„ბაზისბანკის“ პიარ მენეჯერის თამუნა ხადურის თქმით, ეს კანონი ქართული საბანკო ეკონომიკის რეალობის ადეკვატურია და მასში პრობლემური არაფერია. მისი თქმით, კლიენტისთვის 7-დღიანი ვადის მიცემა მისი მრავალგზის გაფრთხილების შემდეგ ხდება, `ჩვენ ვაკეთებთ სესხის რესტრუქტურიზაციას კლიენტებისთვის, თუკი ბანკის მევალე წამოვა მოლაპარაკებაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ მასთან ვითანამშრომლებთ“.
- ეს კანონი ხომ თავისთავად გამორიცხავს სესხის რესტრუქტურიზაციას, რომელიც 7 დღის ვადაში პოროვნების პირად საკუთრებაში არსებული ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებს?
- ეს მეთოდი ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში აპრობირებულია, ამიტომ ამ კანონში პრობლემური არაფერია.
- თუმცა ცივილიზებულ ქვეყნებში სრული მოსახლეობის 1/4 არ არის ბანკის მევალე...
- ეს ციფრი დიდია, მაგრამ კლიენტებს მიეცემათ საშეღავათო პერიოდი და მისი სესხის რესტრუქტურიზაციაზეც არ ამბობს ბანკი უარს.
ბანკის წარმომადგენლებს უჭირთ კანონთან დაკავშირებით ისეთი არგუმენტების დაპირისპირება, რომელიც გამოდგება აღსრულების ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საპირწონედ.
მიუხედავად ბანკირების სხვადასხვა პიარ განცხადებებისა, ფაქტი ფაქტად რჩება, უახლოეს მომავალში ბევრ ადამიანს უსახლკაროდ დარჩენა ემუქრება.
ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ახალ კანონს ასე აფასებს. „ეს კანონი პოლიტიკური ფორსმაჟორითაა განპირობებული და ხელისუფლება ვალდებულია პასუხისმგებლობა გადაინაწილოს მეწარმეებთან ერთად. თუ ხელისუფლება და ბანკები ვალის ამოღების ბლიც-მეთოდებს მიმართავენ, ამით მხოლოდ თავადვე დაზარალდებიან, ვინაიდან ერთიან თანხას ამოიღებენ და შემდეგ ფაქტობრივად მათი ბიზნესი და ეკონომიკური წინსვალა გაჩერდება. ამას მოჰყვება ეკონომიკური კრიზისისა და უმუშევრობის მეორე ტალღა“, - ამბობს ხუხაშვილი.
ექსპერტის აზრით ბანკები მიიღებენ გარკვეულ სარგებელს ამ 7 დღიანი ვადის მისაცემად კლიენტებისთვის, მაგრამ შემდეგ რა იქნება? იქნება ის, რომ ფაქტობრივად საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, ბანკებთან ურთიერთობას შეწყვეტენ, ბანკები ფაქტობრივად კლიენტების გარეშე დარჩებიან.
„ამგვარი პრაქტიკა ყოფილა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ არა ცივილიზებულსა და განვითარებულში. ბუნებრივია, რომ არანორმალურ ქვეყანაში ყველაფერი ხდება. ეს კანონი მხოლოდ რისკებთან თამაშია და მისი წარმოშობის მიზეზები გახდება, დადებითი ამ კანონს არაფერი არ აქვს“ - აცხადებს გია ხუხაშვილი.
აღსრულების ბიუროს ხელმძრვანელის მოადგილე ალექსანდრე ბარნაბიშვილი კი კანონის მოქმედების დეტალებს განმარტავს. „თუკი კრედიტორი სასამართლოს მიმართავს და ვალის არსებობა დადასტურდება, საქმეში აღმასრულებელი ერთვება. კანონი განსაზღვრას იმ ნივთების ნუსხას და მოცულობას, რომელთა დაყადაღებაც აღმასრულებელს არ შეუძლია. თუკი აუქციონის შედეგად ვალი არ დაიფარება, დავალიანების მქონე პიროვნებას ნებისმიერ ქონებას თუ შემოსავალს ჩამოართმევენ, რაც მას მომდევნო 10 წლის განმავლობაში გაუჩნდება“.
ექსპერტები აცხადებენ, რომ დღეს ბანკებს აქვთ ფინანსური რესურსი, რომლითაც შესაძლებელია კრედიტორების ვალის რესტურუქტურიზაციაც, თუმცა ალბათ ბანკირთა ამგვარი ნების გამო რესტრუქტურიზაცია არ ხდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100