სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსულ კანონს სტრასბურგის სასამართლოში ასაჩივრებენ

16 მედიაორგანიზაცია, 120 სამოქალაქო ორგანიზაცია და 4 ფიზიკური პირი რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგს მიმართავს.

მომჩივანი მხარეები კონვენციის ექვსი მუხლით დარღვევების დადგენას ითხოვენ, მათ შორის ასაჩივრებენ გამოხატვის თავისუფლებისა და დისკრიმინაციის მუხლებსაც.

მომჩივნები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების (მე-18 მუხლის) დარღვევებზე იდავებენ.
„ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები „რუსული კანონის" წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ.

დღეს, 17 ოქტომბერს, „რუსულ კანონსა“ და მის მიერ გამოწვეულ მძიმე შედეგებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 16 მედია ორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით გავასაჩივრებთ.

„რუსული კანონი“ არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეზღუდვას ისახავს მიზნად, არამედ ყველა მოქალაქის ერთმანეთისგან გათიშვასა და კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება. მომჩივანი ორგანიზაციები ისეთ საზოგადოებრივ პრობლემებზე მუშაობენ, როგორებიცაა: გარემოს დაცვა, შშმ პირთა დახმარება, ქალთა და ბავშვთა ძალადობისგან დაცვა, სასამართლოს რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა, საგამოძიებო ჟურნალისტიკა და ა. შ.

მომჩივნები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების (მე-18 მუხლის) დარღვევებზე ვიდავებთ.

დამოუკიდებელ ორგანიზაციებთან რუსული მეთოდებით ბრძოლა არა მხოლოდ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ლახავს, არამედ ასევე, ძირს უთხრის ქართველი ხალხის ურყევ არჩევანს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომელიც ყველა ამ ცივილიზაციური არჩევანის დაცვას სახელმწიფო ორგანოებს ავალდებულებს, სწორედ სახელისუფლებო ორგანოები არღვევენ, ხოლო, საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე უარს ამბობს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარი მოვალეობის შეუსრულებლობის მიუხედავად, ჩვენი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ გრძელდება და ის აუცილებლად ქართველი ხალხის უპირობო გამარჯვებით დასრულდება",- განაცხადა საია-ს ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ნონა ქურდოვანიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არ შეაჩერა - სასამართლო პლენუმის მიღებული გადაწყვეტილება უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე 9 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

როგორც საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, სასამართლომ სადავო ნორმების შეჩერების თაობაზე, მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საკითხი საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ დააკმაყოფილა.

ისტორიულ სარჩელს ორი მოსამართლის, თემურ ტუღუშის და გიორგი კვერნჩხილაძის განსხვებულია აზრი დაერთო. კიდევ ერთი განსხვავებული აზრი დაიწერა ევა გოცირიძის მხრიდან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100