სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სეტყვა კახეთში, ივანიშვილის პრესკონფერენცია და დღის მნიშვნელოვანი მოვლენები

გთავაზობთ, დღეს 10 აპრილს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და იმ ფაქტებს, რომლებმაც მედიის ყურადღება მიიქცია.

პრემიერის მორიგი შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან. 3 საათიან შეხვედრაზე ივანიშვილმა არაერთი მნიშვნელოვანი თემა განიხილა. პრემიერის თქმით, რუსეთ-საქართველოს ომის თემა დღემდე ბურუსით არის მოცული და მისი გამოძიება არც საქართველოს, არც წინა ხელისუფლებისა და არც პრეზიდენტის იმიჯს არ დააზიანებს. დღესვე პრემიერმა აღნიშნა, რომ ტერიტორიების დაბრუნება ნელ-ნელა მოხდება. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ პრემიერს მესამე პოლიტიკური ძალის გააქტიურების სურვილი აქვს. ამ მიზნით ივანიშვილს შეხვედრები ჰქონდა სალომე ზურაბიშვილთან და ირმა ინაშვილთან. ასევე ნინო ბურჯანაძესაც მოუწოდა პარტიის გაძლიერებისა და გააქტიურებისკენ. პრემიერმა დღეს 19 აპრილის აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამართალდამცავებს მიღებული აქვთ მითითება, ამ პროცესს ხელი არ შეუშალონ. ივანიშვილმა დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელზეც ისაუბრა და განმარტა, რომ პოლიტიკურად თავისუფალი და საზოგადოების ინტერესების გამტარებელი უნდა იყოს. ივანიშვილმა თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებაზე კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, გაიზრდება ისეთი ადგილების რაოდენობა, სადაც თამბაქოს მოხმარება აიკრძალება და ამას მოქალაქეები გაგებით უნდა მოეკიდონ. ივანიშვილის განცხადებით, მოზარდებში ალკოჰოლის გამოყენებაზე კონტროლის გამკაცრება აუცილებელია. პრემიერი თურქეთში მდებარე ქართული ძეგლების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ მათ აღდგენაში ქართველი სპეციალისტების მონაწილეობა აუცილებლად დაფინანსდება. გარდა ამისა პრემიერმა სასკოლო სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების მინისტრ გიორგი მარგველაშვილს მადლობა გადაუხადა.

შსს-ს მონაცემებით საქართველოში დანაშაულის რაოდენობა 10.3%-ით გაიზარდა. ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, გასული წლის იანვარი, თებერვალი, მარტის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით დანაშაული 10.3%-ით არის გაზრდილი, რაც ხელისუფლების გადაცემით, სამოხელეო დანაშაულით, ამნისტიით, შეწყალებით და სამართალდამცავ უწყებაში პირადი შემადგენლობის როტაციით არის განპირობებული. აღნიშნული მონაცემები დღეს შსს-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა რეგისტრირებული დანაშაულის ერთიანი კვარტალური ანგარიშისა და დანაშაულის დათვლის ახალი მეთოდოლოგიის წარდგენისას გაასაჯაროვა.

2011 წლის სტიქიით დაზარალებულმა სურამელებმა სახელმწიფო კანცელარიასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. დაზარალებულებს სახელმწიფო კანცელარიის მისაღებში შეხვდნენ და მათი პრობლემის მოგვარებას დაჰპირდნენ. აქციის მონაწილეები დღეს მისვლას ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და პრემიერ- მინისტრის ბიზნეს-ცენტრშიც აპირებენ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გზის გადაკეტვას გეგმავენ.

ყოფილი მმართველი გუნდი დღეს ხელისუფლებას თანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარებას სთავაზობს. განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. ვანო მერაბიშვილის განცხადებით, დღეს პრემიერმა აღიარა, რომ საქართველოს ეკონომიკა კრიზისშია, ამ პრობლემის გადასაჭრელად კი „ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა ხელისუფლებას თავისი ხედვა გაუზიაროს. პარტია უახლოეს დღეებში გადაუდებელი ღონისძიებების გეგმას გამოაქვეყნებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ეკონომიკური და უმუშევრობის პრობლემების გადაჭრის გზები ერთობლივად შეიმუშაონ .

როგორ უნდა მოხდეს შუალედურ არჩევნებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მონაწილეობა - ამ საკითხზე "თბილისი მარიოტში" გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. ცესკოს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ორი პროექტი წარმოადგინეს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ცესკო-ს ცხელ ხაზზე დარეგისტრირება შეეძლებათ, რის შემდეგაც მათ საარჩევნო უბნამდე მისვლას სპეციალური მობილური ჯგუფები უზრუნველყოფენ. მხედველობაშეზღუდული ამომრჩევლები კი ბიულეტენის ადაპტირებული ჩარჩოთი ისარგებლებენ და სასურველი კანდიდატის შემოხაზვას დამოუკიდებლად და ფარულად შეძლებენ. საარჩევნო უბნებზე ეტლით მოსარგებლე პირებისთვის სპეციალური კაბინებიც განთავსდება.

საქართველოს პრემიერმინისტრი E-PINE-ის წევრი ქვეყნების პოლიტიკურ დირექტორებს შეხვდა. პრემიერ–მინისტრის შეხვედრა სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებთან მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატის –Enhanced Partnership in Northern Europe–ს ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისა და ვილნიუსის სამიტის თემები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

ბიზნესფორუმი თბილისი - ენერგეტიკა, ვაჭრობა, უძრავი ქონება, სამშენებლო ბიზნესი და კიდევ რამდენიმე სფერო, სადაც ქართველი და ჩეხი ბიზნესმენები სამომავლოდ თანამშრომლობას გეგმავენ - ბიზნესფორუმი, რომელშიც 21 ჩეხური და 50 -მდე ქართული კომპანიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ სამთავრობოთაშორისო ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდა. შეხვედრა ორი ქვეყნის პირველი დიპლომატების სიტყვით გამოსვლით გაიხსნა. მაია ფანჯიკიძემ და კარელ შვარცენბერგმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის 20 -წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები ეკონომიკის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობით უნდა განმტკიცდეს.

მთავარ პროკურატურასთან გამართული აქცია საპატრულო პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა. კომპანია "ცენტრპოინტისგან" დაზარალებულმა 100-მდე ადამიანმა გამოძიების დაჩქარების მოთხოვნით აქცია გამართა. მათ დამნაშავე პირების დასჯა მოითხოვეს. პოლიციასთან დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც პროკურატურის შენობასთან აქციის მონაწილეები კარვის გაშლას შეეცადნენ, თუმცა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს. აქციის მონაწილეებთან მალე პროკურატურის წარმომადგენელი გავიდა და საქმის ობიექტურად გამოძიების პირობა მისცა. ამის მიუხედავად, "ცენტრპოინტისგან" ათამდე დაზარალებულმა პირმა შიმშილობა გამოძიების დაჩქარების მოთხოვნით დაიწყო.

თელავის რაიონის სოფელ რუისპირში ძლიერი სეტყვა მოვიდა. სეტყვა ნახევარი საათის გრძელდებოდა. ადგილობრივების განცხადებით, სრულად არის განადგურებული ატმის ნარგავები, დაზიანდა ვენახიც. სოფელში ამ დროისთვს ძლიერი წვიმაა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100