სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილის კოალიციას ოფისების დაქირავებისთვის იურიდიული პირების ფინანსების გამოყენებაში ადანაშაულებენ

კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კოალიცია რეგიონული ოფისების ფართებს პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევით ქირაობს და აღნიშნა, რომ ამ პროცესში კოალიცია იურიდიული პირების დაფინანსებას იყენებს, რაც კანონით აკრძალულია.

14 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ ის ამოწმებს შეესაბამება თუ არა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი ფინანსური დეკლარაცია რეალურ ხარჯებს და რეგიონებში ოპოზიციური აქტივისტების დაკითხვაზე დაბარებაც სწორედ ამ პროცესს უკავშირდება.

კონტროლის პალატა მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა, ვინაიდან ბოლო სამი დღის მანძილზე ბიძინა ივანიშვილის კოალიციიდან ათობით ოპოზიციური აქტივისტი დაიბარა დაკითხვაზე, ძირითადად დასავლეთის რაიონებში. ივანიშვილის პარტნიორების თქმით, ეს ხელისუფლების ძალისხმევის ნაწილია, რომ „ფსიქოლოგიური ზეწოლა“ მოახდინოს ივანიშვილის მხარდამჭერებზე. ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა 14 მარტს, რომ კონტროლის პალატა „პოლიტიკურ პოლიციად“ გადაიქცა.

ამ ბრალდებების უარყოფის მიზნით კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე „გარანტირებულია პოლიტიკური შეხედულებებისა და საქმიანობის თავისუფლებით“ და „ამდენად, მონიტორინგის მიზანს არ წარმოადგენს და არც შეიძლება წარმოადგენდეს ცალკეული პირების პოლიტიკური საქმიანობის შესწავლა“.

„ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა კონტროლის პალატამ.

მისი თქმით, აუდიტის დროს მან აღმოაჩინა, რომ „ქართული ოცნების“ რეალური ხარჯები არ შეესაბამება ორგანიზაციის ფინანსურ დეკლარაციაში აღნიშნულს, კერძოდ ეს მოძრაობის ახალ რეგიონულ ოფისებს უკავშირდება.

თებერვალში ფორმირების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ცამეტი რეგიონული ოფისი გახსნა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაწყებული კამპანიის ფარგლებში. ერთ–ერთი ბოლო ოფისი ყვარელში 14 მარტს გაიხსნა.

კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ „ამ ეტაპზე დადასტურებულია ინფორმაცია“, რომ ოფისის საიჯარო კონტრაქტები დადებულია არა პოლიტიკური გაერთიანების, ან ფიზიკური პირის მიერ შემოწირულობის სახით, როგორც ამას კანონი მოითხოვს არამედ კერძო ფირმების მიერ, „მიუხედავად იმისა, რომ კანონი კრძალავს კერძო ფირმების მიერ პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსებას“. კონტროლის პალატამ ასევე განაცხადა, რომ ანალოგიური დარღვევები გამოვლინდა სახელფასო უზრუნველყოფასთან, რემონტის ხარჯებთან და სხვა მომსახურებებთან დაკავშირებით. კონტროლის პალატის თქმით, მონიტორინგის პროცესი გრძელდება და დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებას მოგვიანებით მიეწოდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100