სოციალური ქსელების ჰიტი: „აზიზიეს მეჩეთის შოკისმომგვრელი პროექტი“ უკრაინული აღმოჩნდა
“აჭარა PS”–ის “შოკისმომგვრელი ექსკლუზივი” უკრაინაში არსებული მეჩეთი აღმოჩნდა. 6 მარტის ნომერში, გაზეთმა თითქოს აზიზიეს მეჩეთის პროექტის ფოტო ექსკლუზიურად გამოაქვეყნა, რომელიც აშენების შემთხვევაში რამდენიმე მილიარდი დაჯდებოდა.
გაზეთი იუწყებოდა, რომ მეჩეთის მაკეტი სარწმუნო წყარომ მიაწოდა და იგი მშენებლობის შემთხვევაში, გრანდიოზული ნაგებობა იქნებოდა და ოშკის სანაცვლოდ, მისი ბათუმში მშენებლობა მიზანშეწონილი არ არის.
ამ ფოტოსა და თანდართულ ინფორმაციას სოციალურ ქსელებში დიდი ვნებათღელვა მოჰყვა. გაზეთი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგანაც აღნიშნული ფოტო ფეისბუქში დაახლოებით ორი თვეა დევს და იგი თავდაპირვლად პირველად საკუთარ კედელზე ოთარ ნადირაძემ გამოაქვეყნა.
თუმცა, როგორც გაირკვა, პროექტად გადაკეთებული ეს ფოტო უკრაინის დედაქალაქში მდებარე „არ რაჰმას“ მეჩეთისაა, რომლის მშენებლობა 2011 წლის ნოემბერში დასრულდა და რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავად გაზეთ “აჭარა PS”–მა ყოველივე ამის შემდეგ თავის ვებგვერდზე სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც კვლავ დაჟინებით იმეორებს, რომ ფოტო ნამდვილად “აზიზიეს მეჩეთის” მაკეტია და ყველა კოლეგა რომელმაც ამ საკითხის ირგვლივ შენიშვნა გამოთქვა, “ქვენა გრძნობებით მოქმედებს”.
საქართველოსა და თურქეთის კულტურის მინისტრების შეთანხმების თანახმად, ბათუმში და ახალციხეში აზიზიესა და აჰმედიეს მეჩეთების პირვანდელი სახით აღდგენა, თურქეთის ტერიტორიაზე კი ოშკისა და იშხნის ტაძრების რესტავრაცია მოხდება.
შეთანხმების მიხედვით, დაგეგმილია აზიზიეს მეჩეთის პირვანდელი სახით აგება და არანაირი გრანდიოზული მშენებლობა არ არის გათვალისწინებული. მასალის მეორე, ქვედა ფოტოზე გამოსახულია აზიზიეს მეჩეთი პირვანდელი ფორმით, ანუ ისეთი, როგორიც უნდა გახდეს იგი აღდგენის შემდეგ.
კომენტარი