ღვინისა და ნუგბარის მე-15 საერთაშორისო გამოფენა პრაღაში
ჩეხეთის დედაქალაქმა ღვინისა და ნუგბარის მე-15 საერთაშორისო გამოფენას (15th Trade Fair for Gastronomy “Wine and Delicacies”) უმასპინძლა.
ევროკავშირის ყველაზე ფართომასშტაბიან გამოფენაში ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიები - „თბილღვინო“, „სარაჯიშვილი“, „შუმი“, „ხარება“, „ბაგრატიონი“, ,,ჩელთი“, „ვაინმენი“ და „ბესინი“ მონაწილეობდნენ.
პრაღაში ქართულ დელეგაციას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ია ჯანაშია ხელმძღვანელობდა. ქართულმა პროდუქციამ გამოფენის სტუმრებს შორის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. პრაღის ეს პრესტიჟული გამოფენა ევროკავშირის ღვინის ბაზარზე გასვლის საუკეთესო საშუალებაა.
ფესტივალის ფარგლებში ღვინის დეგუსტაცია- კონკურსი გაიმართა, სადაც ორ ქართულ კომპანიას ,,ჩელთის“ და ,,ხარებას“ ვერცხლის მედლები გადაეცათ.
„ამ ფესტივალში მონაწილეობა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ქართველი ღვინის მწარმოებლებისთვის, რომლებმაც, ვიზიტის ფარგლებში, არაერთი მოლაპარაკება გამართეს და საინტერესო შეთანხმებებს მიაღწიეს ევროპელ კოლეგებთან. მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვნად ზრდის ქართული ტრადიციული ღვინის ცნობადობას და ხელს უწყობს ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებას“, განაცხადა ია ჯანაშიამ.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, აპრილის დასაწყისში საქართველოს ჩეხი ჟურნალისტები სტუმრობდნენ, რომლებმაც საქართველო გაიცნეს, როგორც ღვინისა და უძველესი კულტურის სამშობლო. მათ თბილისსა და კახეთში ღვინის ადგილობრივი საწარმოები მოინახულეს და ქართული ღვინის დაყენების ტრადიციებს ადგილზე გაეცნენ. სამშობლოში დაბრუნებულმა ქართული ღვინის და საქართველოში მიღებული დადებითი შთაბეჭდილებების შესახებ სტატიები გამოაქვეყნეს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები მომავალშიც განხორციელდება.
კომენტარი