მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 2017 მზადების აქტიური ფაზა დაიწყო
31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველო მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატს მასპინძლობს. ასპარეზობაში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, მსოფლიოს 12 უძლიერესი ახალგაზრდული, მათ შორის საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მონაწილეობს. 20-წლამდელთა ჩემპიონატი სარაგბო სამყაროში მნიშვნელობითა და სიდიდით მეორეა, რაგბის მსოფლიო თასის შემდეგ.
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ტურნირში მონაწილეობა პირველად შარშან, მანჩესტერში მიიღეს (მას შემდეგ რაც 2015 წელს მოიგეს საკვალიფიკაციო ტურნირი, მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ალაფა). პირველივე ცდაზე ჩვენმა 20-წლამდელებმა პლეიოფში იტალიას სძლიეს, მე-10 ადგილი დაიკავეს და ამით წლევანდელ ტურნირში არა მარტო, მასპინძლის სტატუსით არამედ სპორტული შედეგითაც დაიმსახურეს მონაწილეობის უფლება.
წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობენ: ინგლისი, ირლანდია, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, ავსტრალია, უელსი, შოტლანდია, საფრანგეთი, საქართველო, იტალია, სამოა (ჩაანაცვლა შარშან ბოლო ადგილზე გასული იაპონია).
ასპარეზობა 5 სამატჩო დღედ ჩატარდება. ტურნირის ჯგუფური ეტაპი (31 მაისი, 4 ივნისი, 8 ივნისი) ორ ქალაქში გაიმართება - თბილისში (ავჭალის სტადიონი) და ქუთაისში (აია არენა); პლეიოფები და ფინალები (14 ივნისი და 18 ივნისი) თბილისში, ავჭალის და მიხეილ მესხის სტადიონებზე გაიმართება.
20-წლამდელთა ჩემპიონატის დევიზია: “მსოფლიო რაგბის მომავალი ვარსკვლავები” (Future Stars of World Rugby). მორაგბეებისთვის აღნიშნული ჩემპიონატიდან ეროვნულ ნაკრებში თამაშამდე ერთი ნაბიჯია. 2008 წლიდან დღემდე, ჩემპიონატში მონაწილე დაახლოებით 500-მა მორაგბემ უკვე ითამაშა თავის ეროვნულ ნაკრებში. ტურნირი გამოიარეს თანამედროვე სარაგბო სამყაროს ისეთმა ცნობილმა ვარსკვლავებმა როგორებიც არიან: მსოფლიოს 2016 წლის საუკეთესო მორაგბე ბოდენ ბარეთი, ჯულიან სავეა, სამ უაითლოქი, აარონ ქრუდენი (ახალ ზელანდია, 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასის გამარჯვებული), დევიდ ფოქოქი, უილ გენია (ავსტრალია), სემ ვარბურთონი, ლი ჰავფენი(უელსი), მარო იტოჯე (ინგლისის 2016 წლის საუკეთესო მორაგბე).
საქართველო წელს უკვე მეორედ მონაწილეობს 20-წლამდელთა ჩემპიონატში. შარშანდელ ტურნირში მონაწილეთაგან უკვე ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ: ვასილ ლობჟანიძე,ბექა გორგაძე, ოთარ გიორგაძე, გელა აფრასიძე, ლაშა ტაბიძე, ირაკლი სვანიძე, თირნიკე მატარაძე და გიორგი ცუცქირიძე.
„ამ ჩემპიონატის ორგანიზებაში ყველა ჩართულია, სახელმწიფო უწყებები თუ კერძო სექტორი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ ტურნირს. თუ გავითვალისწინებთ, რომ გენეტიკურად ქართველები კარგი მასპინძლები ვართ, უნდა ვიმედოვნოთ, რომ შესანიშნავად გავართმევთ თავს და ძალიან კარგ სანახაობას შევთავაზებთ რაგბის გულშემატკივარს“,- განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ.
„31 მაისი -18 ივნისი იქნება გამორჩეული დღეები არა მარტო რაგბის მოყვარულებისათვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, ამ ჩემპიონატით კიდევ ერთხელ წარმოვაჩენთ საქართველოს მსოფლიო მასშტაბით. თიბისი ბანკი რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ოფიციალური პარტნიორია და ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა“,- განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 2008 წლიდან ტარდება და თავდაპირველად მასში მონაწილეობას 16 გუნდი იღებდა. 2010 წლიდან გუნდების რაოდენობა 12-მდე შემცირდა. რეორგანიზაციის შემდეგ საქართველო პირველი მეორე დონის სარაგბო ქვეყანაა, რომელსაც ამ ტურნირის მასპინძლობის უფლება მიეცა. ჩემპიონატის მასპინძლობა ქართული რაგბის წარმატების და პროგრესის აღიარებაა მსოფლიო რაგბის მხრიდან და დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ქვეყანას. ტრადიციულად, ტურნირის დაწყებამდე, მასპინძელ ქვეყანაში ტურნირის მთავარი ჯილდოს, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის თასის მოგზაურობა იწყება. საქართველოში თასს რამდენიმე ღირსშესანიშნავ ადგილას ჩაიტანენ, რაც მთელი მსოფლიოსთვის ქართული კულტურის გაცნობის და ტურისტული პოტენციალის წარმოჩინების შესანიშნავი საშუალებაა.
ტურნირის მსვლელობისას სხვადასხვა ქვეყნის მრავალრიცხოვან გულშემატკივართან ერთად, სარაგბო სამყაროს არაერთი ვარსკვლავი ჩამოდის. მათ შორის, მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე, ინგლისის რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი, ინგლისის ნაკრების და ბრიტანელი ლომების ყოფილი მორაგბე ბილ ბომონტი და მსოფლიო რაგბის თავმჯდომარის მოადგილე, არგენტინის ნაკრების ლეგენდა და ყოფილი კაპიტანი აგუსტინ პიშოტი.
საქართველოში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მთავარი პარტნიორია თიბისი ბანკი. ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყება ვებგვერდზე www.ticket.ge/U20, უკვე შესაძლებელია ნებისმერ მატჩზე, მათ შორის ფინალურზეც, ბილეთის შეძენა. ხოლო, ვებგვერდზე www.rugbystore.ge გაიყიდება ჩემპიონატის ბრენდირებული და საგულშემატკივრო პროდუქცია.
კომენტარი