სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ილია მეორემ "ეხო მასკვის" ინტერვიუ მისცა

რუსეთმა 200 წლის განმავლობაში ვერ შეძლო დაენახა ქართველი ხალხის პატივისცემა და სიყვარული , - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ "ეხო მასკვისთან" ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტი ალექსეი ვენედიქტოვი პატრიარქს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ესაუბრება და ინტერესდება, რაში ხედავს გამოსავალს ილია მეორე.
უწმინდესის განცხადებით, ჭკვიანი ადამიანები ამბობენ, რომ ჩიხიდან, მინიმუმ, ორი გამოსავალია და აუცილებელია, ამ მდგომარეობიდან გამოსვლის გზებიც მოიძებნოს.
"ჩვენ ასეთ მდგომარეობაში ვერ დავრჩებით. ეს საქართველოსთვისაც და რუსეთისთვისაც არაბუნებრივია. ჩვენ ისევ ისეთ ახლობლებად უნდა დავრჩეთ, როგორიც ადრე ვიყავით. საქართველო ღრმა პატივისცემითაა გამსჭვალული რუსეთის ისტორიის, კულტურისა და ფილოსოფიის მიმართ. ვფიქრობ, რუსეთსაც ახსოვს საქართველო. რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმა მითხრა, აფხაზეთი არ გვჭირდებაო, ღმერთმა ქნას ასე იყოს. აფხაზეთი თუ საქართველოზე უნდა გაიცვალოს, ეს რისთვისაა საჭირო?", - ბრძანებს პატრიარქი.
ილია მეორის განცხადებით, მისთვის ძალიან მტკივნეულია, რომ 200 წლის განმავლობაში რუსეთმა ქართველი ხალხის სიკეთე ვერ დაინახა. პატრიარქი იმედოვნებს, რომ რუსეთი და საქართველო ბოლოს და ბოლოს ერთმანეთს გაიცნობენ და ურთიერთნდობა და ურთიერთპატივისცემა აღდგება.
"ურთიერთნდობა დღეს დარღვეულია, თუმცა, არა ბოლომდე. ჩვენ უნდა ვიმოძრაოთ ერთმანეთის მიმართულებით და არა პირიქით და აუცილებლად მივალთ ერთმანეთთან", - ბრძანებს პატრიარქი.
კითხვაზე, რა როლი შეიძლება ჰქონდეს ეკლესიას ქვეყნებს შორის ურთიერთობაში, პატრიარქი პასუხობს, რომ ამ საკითხში რუსულმა ეკლესიამ დიდი სიბრძნე გამოავლინა.
"მან შეუნარჩუნა იურისდიქცია ქართულ ეკლესიას აფხაზეთსა და ცხინვალში. ჩვენი ეკლესიები ხალხების დაახლოებაში კიდევ უფრო მეტის კეთებას შეძლებენ. 25-30 ივლისს მე უკრაინის სტუმარი ვიქნები. იქ ჩამოდის რუსეთის პატრიარქიც. 26 ივლისს ერთმანეთს შევხვდებით და ძმური ურთიერთგაგებით ვისაუბრებთ", - ბრძანა პატრიარქმა.
ალექსეი ვენედიქტოვი ინტერესდება, არის თუ არა განხეთქილების ნიშნები აფხაზურ ეკლესიაში.
პატრიარქი ამბობს, რომ განხეთქილება მართლაც არსებობს, თუმცა თავად ამის წინააღმდეგია.
"ეს იმის ბრალია, რომ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის ხელმძღვანელი იქ არ არის. ამ შემთხვევაში ეს მე ვარ. აფხაზები ძალიან კეთილი ხალხია. მე მყავს იქ ნათლულები. 11 წელი ჩვენ უკონფლიქტოდ ვცხოვრობდით, მაგრამ ანტიქართულმა პროპაგანდამ თავისი საქმე გააკეთა", - ბრძანა პატრიარქმა.
ილია მეორე აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში რუსებიც, აფხაზებიც და ქართველებიც დაიღუპნენ და როცა ყველაფერი დაწყნარდება ერთობლივი მემორიალი უნდა აიგოს. ამ მემორიალზე იქნება რუსების, აფხაზების, ოსების და ქართველების სახელები.
"ჩვენ უკვე ვფიქრობთ ამ მემორიალის აგებაზე", - ბრძანა პატრიარქმა.
კითხვაზე, როგორ უნდა მოიქცეს ორი ქვეყნის ხელისუფლება ამ შემთხვევაში, პატრიარქი პასუხობს, რომ ისინი ერთმანეთს უნდა შეხვდნენ.
"არის გამოთქმა, რომ მე მას არ შევხვდები. ეს არაკორექტული და არალოგიკურია, საერთაშორისო დიპლომატიაში ამგვარი რამ არ არსებობს. ყველა უნდა შეხვდეს ერთმანეთს. რუსეთმა აფხაზებსა და ოსებთან მოლაპარაკების საშუალება უნდა მოგვცეს და თუ მოვილაპარაკებთ, მათ უკან უნდა წაიღონ აღიარება. ყოველდღე საუბარი, რომ ქართველები მტრები არიან, კარგს არაფერს მოიტანს", - აცხადებს პატრიარქი.
ალექსეი ვენედიქტოვის ბოლო კითხვა ასეთია – რას ეტყვით რუსებს?
"თქვენ ბრძენი ხალხი ხართ – დიდი ისტორიით და კულტურით. დაახლოება მოხდა სარწმუნოებრივ ნიადაგზე და არაბუნებრივია, რომ ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ მახვილი ავიღოთ. საქართველოში ბევრი რუსი ცხოვრობს, რუსეთშიც არიან ქართველები. დეპორტაცია შეცდომა იყო, მაგრამ ამას არ ვიხსენებთ. ჩვენ თქვენზე ვლოცულობთ", - პასუხობს პატრიარქი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100