19 წელი სოხუმის დაცემიდან (ფოტო, ვიდეო)
1992-93 წლები საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი და მეტად ტრაგიკული ორი წელიწადი. სოხუმის დაცემა კი ამ ტრაგედიის დასკვნითი ნაწილი გახლდათ. ამ ყოველივეს საქართველოს უახლეს ისტორიაში ქართველთა დამარცხება მოჰყვა.
კონფლიქტი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა მიმდინარეობდა ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტებს შორის, რომელთაც ასევე დამხმარედ ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციის შენაერთები და გუდაუთაში არაოფიციალურად განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის შენაერთები უჭერდნენ მხარს.
სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას კი წინ უძღოდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ. ეს შეთანხმება სოჭში, 27 ივლისს ორ მხარეს შორის დაიდო. 16 სექტემბერს სეპარატისტებმა შეთნახმება დაარღვიეს და ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან სოხუმზე იერიში მიიტანეს. ქართულ მხარეს კი ამ დროისთვის შეთანხმების პირობების შესრულება დაწყებული ჰქონდა და კონფლიქტის ზონიდან სამხედრო ტექნიკის გადინება ხდებოდა. ორმხრივი ბრძოლები განახლდა და ეს ყოველივე 27 სექტემბრამდე გრძელდებოდა. მიუხედავად ამისა, ძლიერ შემოტევას ქართულმა მხარემ ვერ გაუძლო და სოხუმი დაეცა.
სოხუმში სრულ განუკითხაობას ჰქონდა ადგილი. ქალაქის განადგურება დაიწყო, სეპარატისტებმა იერიში მშვიდობიან მოსახლეობაზე მიიტანეს. ქალაქში ჯოჯოხეთური ცეცხლი ტრიალებდა. ადგილობრივი მთავრობის რამდენიმე წევრმა, ჟიული შარტავამ, გურამ გაბისკირიამ და რაულ ეშბამ გაქცევაზე უარი თქვეს, შედეგად ისინი მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს, ალექსანდრე ბერულავა კი უგზოუკლოდ დაიკარგა. აფხაზეთის თითქის მთელი ტერიტორიის დასაკავებლად სეპარატისტებს მხოლოდ რამდენიმე დღე დასჭირდათ.
როცა სოხუმი დაეცა, დარჩენილი ქართველები იქიდან გამოსვლას ცდილობდნენ. ძირითადი გზა ენგურისკენ მტრის მიერ იყო ბლოკირებული, რამაც უკიდურესად გაართულა სოხუმის მშვიდობიანი მოსახლეობის და დარჩენილი მებრძოლების მდგომარეობა. ზოგმა შეძლო თავის დაღწევა საზღვაო და საჰაერო გზით, მაგრამ როგორც გემები, ისევე თვითმფრინავები, რომელთა მეშვეობით სოხუმელები ქალაქს ტოვებდნენ, მტრის ცეცხლის ქვეშ ექცეოდნენ. ქალაქიდან წამოსული ადამიანების უმეტესობას მოუწია კოდორის ხეობის გზით წასვლა, ფეხით, უღელტეხილზე, რომლითაც სვანეთში გადასვლაა შესაძლებელი.
ეს ფეხით სიარულისთვის გრძელი, მრავალდღიანი გზაა. ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის მთებში უკვე ზამთარი იწყება. დევნილებს შორის იყო უამრავი ბავშვი და მოხუცი. ბევრი მათგანი გზაში დაიღუპა.
ამ ტრაგიკულ დასასრულს აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა. გადარჩენილი 250 ათასზე მეტი ქართველი, ბერძენი თუ სხვა ეთნიკური უმცირესობა ლტოლვილად იქცა.
კომენტარი