სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნატოს სწავლებები "საქართველო 2012" - პასუხი " Кавказ-2012"-ს?

დღეს "apsny.ge"-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 22-28 სექტემბერს საქართველოში ნატოს სწავლება ტარდება.

როგორც ცნობილი ხდება, სწავლება თავისი შინაარსით არასამხედრო დანიშნულებისაა, თუმცა, ალბათ ბევრს გაახსენდება ამერიკული საბრძოლო გემების შემოსვლა საქართველოს საზღვაო სივრცეში 2008 წლის აგვისტოში, როცა ამ გემებმა საქართველოში, ძირითადად, სასმელი წყალი შემოიტანეს - ჰუმანიტარული მისიით.

როგორც მაშინ, ასევე ახლაც, სავარაუდოდ, ეს სწავლება მიზნად ისახავს აგრესიული ჩრდილოელი მეზობლისთვის იმის დემონსტრირებას, რომ საქართველო მარტო არ არის და მის ტერიტორიაზე, ჩრდილოეთიდან ინსპირირებული მოსალოდნელი არეულობის შემთხვევაში, იმყოფებიან ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები.

პორტალის ინფორმაციით, სწავლებები სტიქიურ უბედურებათა შედეგების ლიკვიდაციას ითვალისწინებს და მასში 30 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სწავლებაში მონაწილე 11 გუნდი 30 ქვეყნიდან ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს საშუალებას მისცემს პრაქტიკაში გამოსცადონ სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციის დროს თანამშრომლობის, საგანგებო სიტუაციებში ურთიერთობის დეტალები.

სწავლების სცენარის მიხედვით, 20 სექტემბერს, 14:20 საათზე თბილისიდან სამხრეთით, 35 კმ-ზე მოხდება მიწისძვრა, რომლის პირობითი მაგნიტუდა 6,8 ბალი იქნება. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს დედაქალაქში მნიშვნელოვანი ნგრევა არ არის, ქალაქ რუსთავში, სადაც 100 ათას ადამიანზე მეტი ცხოვრობს, ჩნდება საშიშროება იქ არსებული ქიმიური ქარხნის, ფაბრიკების, სანავთობო ტერმინალისა და მაგისტრალების გამო.

სიტუაციის წინასწარი შეფასების შემდეგ აღმოჩნდა, რომ საქართველოს ძალები არაა საკმარისი მიწისძვრის შედეგებთან და მოსალოდნელ გართულებებთან გასამკლავებლად, ამიტომაც მიღებულია გადაწყვეტილება, დახმარება ეთხოვოს ნატოს საკოორდინაციო ცენტრს. მაშველები ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან მიიღებენ მონაწილეობას სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესში, გადაარჩენენ ნანგრევებქვეშ მოყოლილ ადამიანებს, ასევე იზრუნებენ ტოქსიკური წერტილების გაუვნებელყოფაზე.

მსგავსი ფართომასშტაბიანი სწავლებები ნატო-ს ეგიდით ყოველწლიურად ტარდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100